გვანცა წულაია
(28.02.2023)

ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტები გაძვირდა. რეგიონში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ კი, მომავალში ფასებზე შესაძლოა, კიდევ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინოს. იქამდე კი, სანამ საქართველოში ადგილობრივი მოსავალი გაჩნდება, ქვეყანას შედარებით გაძვირებული პროდუქციის შეძენა მოუწევს.

2023 წლის 24 თებერვალს "ისთ ფრუტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ რამდენიმე ძირითადი პროდუქტი გაძვირდა. წელიწადის ამ დროს მეზობელი ქვეყნიდან საქონელი ჭარბი რაოდენობით შემოდის, ამიტომ ფასების ცვალებადობა შიდა ვაჭრობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ასე მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში წითელი პომიდორი - 26%-ით, ხოლო წითელი და მწვანე წიწაკა 11%-ით გაძვირდა, ასევე 11%-ით გაძვირდა პომიდორი ჩერი. თუ ერთი კვირის წინ 1 კილოგრამი წითელი პომიდორი 4,50 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 5 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ტკბილ წიწაკას, 5 ლარის ნაცვლად, ახლა ის 5,5 ლარი ღირს.

ღირებულების ცვლილება თურქეთთან არის დაკავშირებული, რომელიც აღნიშნული პროდუქტების ერთადერთი იმპორტიორია საქართველოში. ზოგადად, ქართული ბაზარი დამოკიდებულია იმპორტზე თურქეთიდან, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ფასების მატების ერთ-ერთი მიზეზია ასევე ცივი ამინდები დასავლეთ საქართველოში, რამაც ლოგისტიკის შეფერხებაც გამოიწვია. გაძვირების კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია რამდენიმე კვირის წინ მომხდარი მიწისძვრა თურქეთში. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მომავალში საქონლი ღირებულებაზე.

ქართული ბაზარი თურქულ პომიდორზე, კიტრსა და წიწაკაზე დამოკიდებული ივნის-ივლისამდეა. ამის შემდეგ იწყება ადგილობრივი მოსავლის აღება და იმპორტი მცირდება. მიუხედავად ამისა, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ რაიმე სერიოზული ცვლილება სურსათის მომარაგებაში არ მოხდება.

"მართალი გითხათ, ზუსტად რა ხდება არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რაიმე პრობლემა შექმნილიყოს და სერიოზული ცვლილება მოხდეს სურსათის მომარაგებაში. ზოგადად კი, იმისთვის, რომ ქვეყანაში იმპორტის მოცულობა შემცირდეს, ქვეყანამ პროდუქცია თავად უნდა აწარმოოს. სამწუხაროდ, ჩვენთან არ მუშაობენ ამაზე.

ზამთარში ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, მუშაობს წყალტუბოს ზონიდან შემოსული მწვანილი და ზაფხულში, ძირითადად, ქვემო ქართლიდან შემოტანილი. არსებობს 2-3 კომპანია, რომელთაცც პომიდორი სათბურებში მოჰყავთ. დანარჩენები არიან სერიოზული პრობლემების წინაშე, რადგან გაძვირდა ყველაფერი: ბუნებრივი აირი, ტრანსპორტი, ელექტროენერგია...

როდესაც მინდორში პროდუქცია შემოდის, მაშინ ცოტათი სულს ვითქვამთ, არადა სულ სხვაგვარად უნდა იყოს. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოებით 100% დავაკმაყოფილოთ მოსახლეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის სწორი სტიმულირება, ამიტომ გვაქვს ჩავარდნა”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა კოღუაშვილმა.

თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. სხვა დანარჩენ პროდუქტებთან ერთად, საქართველო მეზობელი ქვეყნისგან სოფლის მეორნეობის სურსათსაც ეზიდება, თუმცა ამას დიდი მოცულობა მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იწურება. ზაფხულის პერიოდში კი, როდესაც მოსავლიანობის დროა, საქართველოს უკვე საკუთრი რესურსი გააჩნია და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაც ამ გზით ხდება.

სოფლის მეურნეობის კონსულტანტი შოთა ცუკოშვილი ადასტურებს, რომ ზაფხულის პერიოდში ადგილობრივი წარმოება დიდ კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნიდან შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

"არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, შეიქმნა რაიმე პრობლემა თუ არა, მას შემდეგ, რაც თურქეთში მიწისძვრა მოხდა, მათ შორის არც ფასების ცვლილების კუთხით.

ტრადიციულად ზაფხულის პერიოდში საქართველოში იმპორტი თითქმის ნულდება და ეს ხდება არა მხოლოდ, თურქეთთან მიმართებით, არამედ რუსეთთან და სხვა მეზობლებთანაც. მაშინ როდესაც ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტი ჭარბადაა, იმპორტის შემცირება მიზერულია. ადგილობრივი წარმოება დიდ კონკურენციას უწევს, სხვა ქვეყნიდან შემოტანილს და ამის გათვალისწინებით, იმპორტიორს აღარ უღირს სურსათის საქართველოში შემოტანა”, - განუცხადა "რეზონანსს” შოთა ცუკოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე