ფერმერებსა და მეწარმეებს ხარისხიანი პროდუქტის საწარმოებლად ყველა პირობა უნდა შეექმნათ
ქეთო გოგოხია
(27.02.2023)

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ყველა ძირითადი პროგრამა გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სექტორი წელსაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა და მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, რაც საბიუჯეტო მაჩვენებლებშიც აისახა.  2023 წელს სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსება 15.7%-ით არის გაზრდილი.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია ყველა იმ  ძირითადი პროგრამა/პროექტის გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებდა. მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები.

უფრო კონკრეტულად თუ რა ღონისძიებებს გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რა იქნება ძირითადი გზავნილები 2023 წლის განმავლობაში და რა დარგებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება?  - „რეზონანსთან"  ამომწურავად ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია 10 000-ზე მეტი სესხის გაცემა, რომელიც 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის ზრდის მიზანია,  ფერმერებისა და მეწარმეებისთვის წლის განმავლობაში, უწყვეტად იყოს  მეტი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წლიდან 80 ათასამდე  5 მლრდ ლარის სესხია გაცემული.   

„რეზონანსი": რა იგეგმება ქვეყანაში გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რაგორია კონკრეტულად ამ მიმართულებისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება და რა ღონისძიებებს მოიცავს?

ოთარ შამუგია:  ბოლო რამდენიმე წელია, გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების მიზნით სექტორს ინტენსიურად ვეხმარებით, ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. ქვეყანაში პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის 25 მლნ ლარამდე ზრდის შედეგად, გაგრძელდება მეტი ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. დაგეგმილია 60-მდე  ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ პროგრამების ფარგლებში, 2014  წლიდან დღემდე, 289  მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამმუშავებელი 217 საწარმოს შექმნა თანადაფინანსდა 106 მლნ ლარით, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების  შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება. 

„რ": ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში რა ცვლილება ელოდებათ ფერმერებს. თუნდაც მრავალწლოვანი ბაღების გაშენების თანადაფინანსების მხრივ, რა ღონისძიებები გატარდება?

ო. შ: პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურის გაშენების პროგრამას გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლად იზრდება იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის შესაძლებლობები.  ეწყობა სეტყვის საწინააღმდეგო და სარწყავი სისტემები. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ახალი ბაღები 20 ათასზე მეტ ჰექტარზე გაშენდა. 2023 წელს, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს და დაგეგმილია 3500-დან 4000 ჰა-მდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღის გაშენება.

ბაღების გაშენების კომპონენტის პარალელურად 2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რომლის დაფინანსება 5 მლნ ლარს შეადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომელიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ის ფარგლებში.

პრემიერის ინიციატივით, სახელმწიფომ 2022 წელს 50 მლნ ლარი გამოყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 4800-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (გამწევი, მისაბმელი, მოსავლის ამღები და კომბაინი) შეძენა.

„რ": გვერდს ვერ ავუვლით მეთხილეობას, რომლის წარმატება უშუალოდ უკავშირდება მთავრობის მხარდაჭერილ ღონისძიებებს, სამომავლოდ რა იგეგმება თხილის წარმოების ხელშესაწყობად?

ო.შ: აღსანიშნავია, რომ წელს პირველად განხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამა. მისი მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. დღევანდელი მონაცემით, თხილის კადასტრში რეგისტრირებულია 68 ათასზე მეტი ბენეფიციარის 30 000 ჰექტრამდე თხილის ბაღი.

„რ": რაც შეეხება ღვინოს, კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერა იგეგმება, როგორი იყო გასული წელი სექტორისთვის და რა შეიცვლება წელს, თუნდაც სამიზნზე ბაზრებთან დაკავშირებით?

ო. შ: ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს, 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები აქტიურად გაგრძელება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე აშშ-ს, ევროპის და აზიის ქვეყნებში. აღსანიშნავია, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 103 368 263 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო, რაც 28%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

2023 წელს „იუესაიდი“ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტინგული ღონისძიებების მხარდაჭერას აშშ-ს, გერმანიის, სამხრეთ კორეის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე გეგმავს. 

* * *

აგროპროგრამებს შორისაა მილიორაციასთან დაკავშირებული საკითხებიც. კერძოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის  ჰიდრომელიორირებული მიწის ფართობი - 200 000 ჰექტარს მიაღწევს, რისთვისაც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი დაიხარჯება.  საერთაშორისო დონორების   დაფინანსებით 2023 წლიდან  იგეგმება  მასშტაბური საინვესტიციო  პროექტების განხორციელება: ზემო სამგორის 19000 ჰა ფართობის სარწყავი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რაზეც 90 მლნ ევრო დაიხარჯება.

ასევე,  მსოფლიო ბანკის 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  ახალი პროექტით  26000 ჰა ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება; პროექტი მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ. 

ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 2023 წელს დაიწყება „იუესაიდის“ ხუთწლიანი 23,75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ განხორციელება, რომელიც დაეხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. 9-მილიონიანი საგრანტო პროგრამა დამატებით მინიმუმ 10,6 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორებისგან. 

წარმატებით გრძელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის IV ფაზის განხორციელება (55 მილიონი ევრო - 2021-2025), რაც საქართველოს დამატებით დახმარებას უწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. 

სურსათის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადასვლა „ჰასპის“ საერთაშორისო სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესების დაცვას და ბიზეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

გარდა ამისა, გარემოს დაცვა კუთხით აღსანიშნავია    დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 900 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ფართობი 246 ათასზე მეტი ჰექტრით გაიზარდა.  20 მლნ ლარის   ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და არსებულის განახლება/რეაბილიტაციას. 

ამასთან, 2023 წელს გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გაძლიერდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები.

გაგრძელდება ტყის ინვენტარიზაციის პროცესი. 2023 წელს, ინვენტარიზაცია დაგეგმილია, ჯამში, 215 ათას ჰა სატყეო  ფართობზე. ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება, ჯამში, 1 500 ჰა-ზე მეტ ფართობზე. მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, 2023 წელს,   ჯამში,  საქართველოს მასშტაბით,  60-მდე „საქმიანი ეზო“ იფუნქციებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაგრძელდება თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურების ინსტალაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

2023 წელს, დაგეგმილია 137 ახალი სადგურის მონტაჟი. აღნიშნული სადგურებით უზრუნველყოფილი იქნება ზუსტი, ოპერატიული, დროული ინფორმაციით, საჭიროა დაკვირვების ქსელის გაფართოება, რომელიც დაფარავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. ფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. არსებულ სადგურებს დაემატება ჰაერის ხარისხის მონიტორინგია 9 ავტომატური სადგური.

თევზის მეურნეობის სექტორის განსავითარებლად 2023 წლის დასაწყისში დადგინდება შავი ზღვის აკვატორიაში აკვაკულტურის ფერმების მოწყობისათვის კონკრეტული ზონები 10-მდე ლოკაციაზე. წარმოება 50 ათას ტონამდე ივარაუდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ქვეყნის დიდი მიღწევაა, წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების აღსრულებას უკავშირდება.

2023 წლიდან დაიწყება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და რეციკლირების ღონისძიებები და უზრუნველყოფილი იქნება დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.

მწვანე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2023 წელს აქტიურად გააგრძელდება მუშაობა ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებაზე.

ამდენად, სოფლის მეურნეობისთვის 2023 წელი აშკარად გამორჩეული იქნება. თითქმის ყველა პროგრამა მიმართულია წარმოების ზრდაზე, რომ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევას ქვეყანამ ღირსეული პასუხი გასცეს. გარემოს დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი, ფაქტობრივად, ყველა პროექტი ევროდირექტივებთან შესაბამისობაშია, რაც საბოლოოდ სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე