"არა მხოლოდ ეკონომიკურ ზიანზეა საუბარი, არამედ ცხოვრებისეული პრობლემებიც იქმნება და ვიღაცამ შეიძლება საერთოდ თავი მოიკლას"
გვანცა წულაია
(16.11.2022)

საქართველოში თაღლითობის შემთხვევები გახშირდა, რამაც ინტენსიური სახე მიიღო. დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტი სხვადასხვა სფეროში მრავლად ვლინდება, რაც ბინზესის განვითარებას უშლის ხელს.

კერძო სექტორში თაღლითობის შემთხვევები მრავლადაა. რის გამოც, პოლიციამ არა ერთი ადამიანი დააკავა. მაგალითად, ორი დღის წინ შსს-მ ავტოიმპორტიორი დაიჭირა. ბრალდებულმა 6 ადამიანს ავტომობილების ჩამოყვანის მიზნით თანხა მოტყუებით ჩაარიცხინა, რეალურად კი საზღვარგარეთ აუქციონზე არც მანქანის შეძენა და არც ჩამოყვანა არ მომხდარა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა დაზარალებულების კუთვნილი 106 788 ლარი მიითვისა.

თაღლითობის მსხვერპლი გახდა ავეჯის კომპანია "მელაძის” კლიენტებიც. მისი მფლობელი ქვეყნიდან გაიქცა და ახლა ის ძებნაშია. დაზარალებულები ბრალდებულს თანხის მითვისებასაში ადანაშაულებენ. ვაჟა მელაძემ ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავაჯის დამზადების პირობით, 26 ადამიანის კუთხვნილი 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალის წარგდენის შემდეგ, პოლიციას სხვა დაზარალებულებმაც მიმართეს და ბოლო ცნობით, ამ დროისთვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართს მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.

თაღლითობას შეიძლება მიეწეროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სიტუაციაც. დამქირავებლების კანონის შეუსაბამობით სარგებლობენ და მათ მიერ დაქირავებული ბინიდან არ გამოდიან და ბინის მფლობელს არც თანხას უხდიან. ასეთი შემთხვევები ქვეყანაში მომრავლდა, რადგან საპოლიცია გამოსახლება გააუქმეს. გამოსავალი მხოლოდ სასამართლოა, რომელიც წლები გრძელდება და ამ დროის განმავლობაში დამქირავებელს ვერც ბინიდან გამოსვლას და ვერც ქირის თანხის გადახდას კანონით ვერვინ მოსთხოვს.

სწორედ ასეთ შემთხვევებზე საუბრობს ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი და ადასტურებს, რომ დანაშაული სხვადასხვაგვარია, რომელიც უკვე თითქმის ყველა სფეროში ვლინდება.

"არსებობს კიბერ თაღლითობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თაღლითობა, ინვესტორებთან, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული თაღლითობა ა.შ. სხვადასხვა კლასიფიკაცია აქვს. ერთ-ერთ გავრცელებული ფორმაა, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს თანხის მიღება და გაუჩინარება.

რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სხვა მიმართულებებშიც შესაძლებელია, რომ კანონის დარღვევა იჩენდეს თავს. ზოგადად, ქართული სამართლის კანონმდებლობა კონკრეტულად თაღლითობისთვის არის 180-ე მუხლი. იგი განიხილება როგორც სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება. ზოგადი მიდგომიდან გამომდინარე, ნივთში არ იგულისმხება, მაგალითად, ბინა. ნივთში იგულისმება ყველაფერი, მათ შორის მატერიალური სარგებელი, ფულის მიღება პირობითად.

ჩვენ გვაქვს მიმდინარე საქმე, რომელიც ამგვარ მძიმე შემთხვევას უკავშირდება. უცხოელი ინვესტორი შემოვიდა საქართველოში, ის ენდო თავის მიერ დაქირავებულ თანამშრომელს, ანდო თავისი სახსრები და აღმოჩნდა, რომ მან ყველაფერი გადააფორმა თავისი მეგობრის ან მეუღლის სახელზე ისე, რომ არსად გამოჩნილიყო. ასევე, სარემონტო სამუშაორბი დაუკვეთა ადამიანმა, რომ სახლი შეერემონტებინათ და ხარჯთაღრიცხვის დროს აღმოჩნდა, რომ თურმე აბსოლუტურად განხსვებული, 3-4-ჯერ გაზრდილი ფასებია დაფიქსირებული.

ელექტრონული საშუალებებით ხდება საბანკო ანგარიშების გამოტყუება, პერსონალური მონაცემებისა და ინფორმაციისა, რომელზე დაყრდნობითაც, სამწუხაროდ, შესაძლებელი ხდება თაღლითური სქემების განხორციელება. არსებობს შემთხვევები, როცა უცხოეთშია მინდობილობა გაცემული და მისი გაყალბება ხდება.

ასე რომ, უკანონობა ბევრია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა სფეროში თაღლითობას მეტ-ნაკლებას აქვს ადგილი. ერთ-ერთი გავრცელებული სქემაა ფულადი პირამიდა. სახელმწიფომ ეს საკითხი ღია დატოვა. საბოლოო ჯამში, ადამიანები თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ, როდესაც ეროვნულ ბანკს, საქართველოს მთავრობას და ფინანსურ პოლიციას პასუხისმგელობა უნდა აეღო”, - განუცხადა "რეზონანსს” ჩარგეიშვილმა.

კერძო სექტორში თაღლითური შემთხვევების მატება ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილის აზრით, ზიანი, პირველ რიგში, იმ სექტორზეა, სადაც უკანონობა ხდება.

"ნებისმიერი ტიპის მოტყუებითი საქმიანობა, რა თქმა უნდა, დამაზიანებეული სექტრისთვის. თუ შემთხვევა გამოვლინდა, მაგალითად, ფინანსურ სექტორში, მაშინ დაზარალდება ეს მიმართულება. სამშენებლო სექტორში ხშირია, როდესაც კომპანია შეიქმნება და კლიენტებს "გადააგდებენ”. აქ არა მხოლოდ ეკონომიკურ ზიანზეა საუბარი, არამედ ცხოვრებისეული პრობლემებიც იქმნება და ვიღაცამ შეიძლება საერთოდ თავი მოიკლას.

წარმოიდგინეთ, ბევრი წლის ნაგროვები ფული ჩადეთ რაიმე საქმიანობაში და შემდეგ ეს თანხა გაქრეს. ეს პირდაპირ ანგრევს ადამიანს ცხოვრებას და შესაბამისად, არაფრით განსხვავდება სხვა ტიპის დანაშაულებისგან. ამიტომ, შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ ეს ხელიშემშლელი არ არის ეკონომიკაში, თუ ადამიანების ცხოვრებაში.

უნდობლობასაც იწვევს ადამიანებში. თუ რომელიმე სექტორში თაღლითობა მოხდება, შემდგომ მომხმარებლები ჯერ უფრო მეტად ფრთხილები არიან და შემდეგ მოთხოვნას ამცირებენ შესაბამის პროდუქტებზე. ეს ვრცელდება პატიოსან ბინზესზეც, რომელიც არაფერშია დამნაშავე, მაგრამ სხვების გამო პრობლემებს ისიც აწყდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ხორგუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე