„რას ვახვედრებთ უცხოელ ტურისტებს საქართველოში - გაუბედურებულ ბაკურიანს და გუდაურს?"
გვანცა წულაია
(15.11.2022)

რამდენიმე კვირაში ზამთრის სეზონი დაიწყება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კურორტები ტურისტების მისაღებად მზად ისევ არ არის. მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ამასთან, სპეციალისტები ამბობენ, რომ თეთრი სეზონის პატარა კურორტები დასვენებლების დიდ ნაკადს ვერ უძლებენ, რაც თითქმის გადაუჭრელი პრობლემაა.

დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, საქართველოში ზამთრის სეზონი ოფიციალურად იხსნება და მაშინვე კურორტებზე არაერთი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, რად დამსვენებელს უდიდეს დისკომფორტს უქმნის. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელძღვანელი, დარგის ექსპერტი მაია სიდამონიძე ამბობს, დიდია იმის შანსი, რომ პრობლემებს წელსაც გადავაწყდეთ, რადგან წლიდან წლამდე პრობლემების მოგვარება არ ხდება.

"წინა წლებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის იმის დიდი შანსი, რომ კვლავ პრობლემებს გადავაწყდეთ, თუმცა რაღაც ახალი სიპ-ები შექმნეს, რომელმაც კურორტებს კიდევ უფრო უნდა მოუაროს და იქნებ წელს აღმოიფხვრას პრობლემები, თუნდაც ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და ა.შ.

წლიდან წლამდე უნდა ვაანალიზებდეთ ყველაფერს და შეცდომებს ვასწორებდეთ, მომზადება სწორედ ამას გულისხმობს, რომ კერძო და საჯარო სექტორი დატვირთვისთვის მაქსიმალურად იყოს მზად. როდესაც ერთი და იგივე პრობლემები მეორდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაანალიზებთ შეცდომებს და არ ვაღიარებთ პრობლემებს.

ფაქტია, პრობლემები გვაქვს. როდესაც მოთხოვნა და დატვირთვაა, პრობლემები იქნება, იმის ილუზია არავის აქვს, რომ მდგომარეობა იდიალური იყოს, მაგრამ ელემენტარული ტიპის ხარვეზები არ უნდა გვქონდეს, უკვე სირცხვილია”, - განაცხადა "რეზონანსთან” სიდამონიძემ.

სპეციალისტი ამბობს, რომ ევროპელები საქართველოს კურორტებს ხშირად სტუმრობენ. ისინი კომფორტს არიან შეჩვეულები და ბევრი მათგანი პრობლემებს ვეღარ აიტანს იმის მიუხედავად, რომ აქ, ევროპასთან შედარებით, თეთრ სეზონზე დასვენება შედარებით ხელმისაწმდომია.

ზამთრის კურორტებზე პრობლემები მიწოდების კუთხითაც იქმნება ხოლმე. სეზონზე დიდია დატვირთვა. ტურიზმის სფეროს სპეციალისტის ნიკა კვარაცხელიას აზრით ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი - სასტუმრობის ქსელი და მეორე – საბაგირო გზები. თუ ეს ორი რამ არ იქნა თანხვედრაში და კარგ მდგომარეობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ზამთრის სეზონი არ ჩაივლის კარგად.

"ჩვენბევრი საბაგირო გზები არ გვაქვს. სათხილამურო ტრასებზე უფრო მეტი ჩავარდნა გვაქვს, ვიდრე სასტუმრო ინდუსტრიაში. როგორც ჩანს, რესტორნების და სასტუმროს აშენება ურჩევნით. არადა, ზამთრის კურორტებზე ხომ ტრასები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია? ყველა კატეგორიას თავისი ტრასა უნდა ჰქონდეს: ბავშვებს, დამწყებებს, სპორტსმენებს, მოყვარულებს და რა თქმა უნდა პროფესიონალებს, ყველასთვის ცალკე უნდა იყოს სათხილამურო ტრასა, რადგან როდესაც ადამიანი ზამთრის კურორტზე მიდის, მან წინასწარ უნდა იცოდეს, სად არის მისთვის შესაფარისი ადგილი. ეს ყველაფერი კი ჩვენ ისეთი რაოდენობით არ გვაქვს, თუ შევადარებთ უცხოეთს და განვითარებულ ქვეყნებს.

ზამთრის ტურიზმის უფრო ძვირია და ადამიანს ბევრი ეხარჯება, ვიდრე ზაფხულის პერიოდში. ცხელი სეზონი არ მოითხოვს გათბობას, ადამიანის შესაბამის ეკიპირებას და ა.შ. ამდენად ზამთარი ძვირადღირებული ტურიზმია, მაგრამ ბევრი შემოსავალიც შემოაქვს”, - განაცხადა "რეზონანსთან” ნიკა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ საჭიროა მუშაობა, თუმცა ზამთრის კურორტები საქართველოში დაუტვირთავი არასოდეს არ დარჩება. 

პრობლემებზე ისაუბრა „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა და საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი სალუქვაძემ და განაცხადა, რომ ზამთრის კურორტები, განსაკუთრებით ბაკურიანი და მისი ინფრასტრუქტურა ტურისტების მისაღებად მზად არ არის.

„რას ვახვედრებთ უცხოელ ტურისტებს საქართველოში - გაჩანაგებულ, გაუბედურებულ ბაკურიანს და გუდაურს? ახლა ბახმაროზე იწყება ძალიან დიდი შეტევა. გვინდა, რომ რუსულ ბაზარს მოვწყდეთ და მეტი ევროპული ტურისტი გვყავდეს, მაგრამ მათ მაღალი ხარისხიც უნდათ, არ სჭირდებათ ბეტონის ჯუნგლები. იქ კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება.

იცით რა მძიმე მდგომარეობაა ბაკურიანში? ზუსტად იგივე მდგომარეობაა გუდაურში. მშენებლობის ნებართვები უნდა შეჩერდეს, დაკონსერვდეს და ახალი კომისია შეიქმნას, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის. მაგალითად, კანადელების გეგმის მიხედვით გუდაურის განვითარება ძალიან სწორად მიმდინარეობდა. დღეს კი სამშენებლო ნებართვებია გაცემული იქ, სადაც გეგმის მიხედვით საბაგიროები და ტრასები უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე