"ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა რისკის ქვეშ ცხოვრობს"
ქეთო გოგოხია
(14.11.2022)

თბილისის ურბანული ფორმის გამო უსაფრთხოების რისკები დღითი დღე იზრდება. სეისმურად საშიშ ზონებში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მობინადრეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პრაქტიკულად არ დარჩა ისეთი ადგილი, სადაც უზარმაზარი მშენებლობები რისკს არ შეიცავდეს. განსაკუთრებით ეს ეხება ვერეს ხეობის ორივე მხარეს, მთაწმინდის, ლისის, ნუცუბიძის, გოთუას და შეშელიძის ქუჩების ფერდებს, სადაც ინტენსიური განაშენიანება მიმდინარეობს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამ ადგილებში გრუნტი ჩამოიშალოს, რაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.

არც მშენებლებს, არც ნებართვის გამცემ სტრუქტურებს ეს ფაქტორი არ აშინებთ. სამაგიეროდ, საფრთხეზე ღიად საუბრობენ სპეციალისტები, რომლებიც დედაქალაქში მაღალი კორპუსების მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

საფრთხე რომ აშკარაა, ამას მოწმობს თბილისში ,,კინგ დევიდთან" კლდის ჩამოშლის ფაქტი, რასაც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მოგვიანებით ,,ბიზნეს-რეზონანსტან" საუბრისას მან თბილისში ურბანულ რისკებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მრავალსართულიანი შენობების აღმართვა თბილისის მასშტაბით დაუშვებელია.

,,მაღალი შენობების მშენებლობას კატეგორიულად ვემიჯნები. თვითონ თბილისია გეოლოგიურად არამდგრადი. იმდენი რთული გრუნტები აქვს ქალაქს, რომ ასეთი მაღალი შენობებით ფერდების დატვირთვა არაფრით არ შეიძლება. მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენელია, როცა ასეთი სახლები შენდება მთაწმინდის და ლისის ფერდებზე, ნუცუბიძეზე, გოთუაზე, ნუცუბიძეზე, შეშელიძის ქუჩაზე და სხვა, სადაც მეწყერსაშიში ზონებია. 

ასეთი სახით თბილისის განაშენიანება არ შეიძლება, კარგს არაფერს მოიტანს.  არამდგრადი ფერდებია და ასე რომ შევესიეთ ამ ადგილებს, მომავალში, როცა იქნება, თავის კუდს მოიქნევს. ბოლო დროს გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე წარმოუდგენელი რამ ხდება, მიადგებიან და ჭრიან კლდეს. რაც შეეხება გოთუას ქუჩას, ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა რისკის ქვეშ ცხოვრობს. ეს ,,კინგ დევიდსის" ადგილიც ასევე ძალიან საშიშია, რაშიც ამ ცოტა ხნის წინათ დავრწმუნდით.  კლდე კი არა, ტბიური ნალექებია, შლადი, არ შეიძლება ამდენი დატვირთვა! ქარზე რას შვრება და მიწისძვრაზე რას იზამს, დიდი რისკებია, რასაც არავინ ითვალისწინებს", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მისი თქმით, თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასწორი მშენებლობებია, რის გამოც მეტ-ნაკლებად მდგრადი ტერიტორიები შეიძლება საშიში გახდეს.

,,ძალიან მომწონს ავლაბარი, მდგრადი გრუნტებია რთული ტექტონიკის მიუხედავად, მაგრამ იქაც კი არ შეიძლება მრავალსართულიანი შენობები, თბილისისთვის ეს არ არის დამახასიათებელი. ვერსად ნახავთ მსგავს შენობებს ამერიკაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ასეთ მშენებლობას საინჟინრო გამოცდილება სჭირდება, არც გეოლოგიას ვითვალისწინებთ. მეტ-ნაკლებად მდგრადი უბანი არასწორი მშენებლობებით შეიძლება საშიში გახადონ.

ვერეს ხეობის ორივე ფერდი საშიშია და მაინც და მაინც იქ მიდის განაშენიანება. სადაც ტერიტორიას ნახავენ, მშენებლობები აქტიურდება და ასე არ არის, სეისმოლოგიასთან ერთად საინჟინრო გეოლოგიური პირობებიც გასათვალისწინებელია, რასაც ყურადღებას არავინ აქცევს", - აღნიშნა გოდოლაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ინდივიდუალურ განაშენიანებაში მოქალაქეების რაოდენობა ჰექტარზე 50-70 უნდა იყოს, საშუალო ინტენსივობის 4-5-სართულიან განაშენიანებაში 120-150 ადამიანი, ხოლო მაღალი ინტენსივობის განაშენიანებაში ჰექტარზე 240-280 მცხოვრები, რაც თბილისის ზოგიერთ უბანში დარღვეულია.

ზუსტად ასეთი მდგომარეობაა სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე, ყიფშიძის ქუჩის ფრაგმენტზე, დოლიძე-ბალანჩივაძის ქუჩის ცალკეული მონაკვეთებში, სვანიძის ქუჩაზე, ზემო ვაკესა და ვერაზე, ხორავასა და ბარნოვის ქუჩებზე, სადაც გამწვანების კოეფიციენტები უკვე მინიმალურზეა დაყვანილი და ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობებია.

,,მაღალი განაშენიანება მოიცავს ეკოლოგიის, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას. საერთოდ, ჩვენთან ერთ ჰექტარზე 300 ადამიანზე მეტის ცხოვრება არ შეიძლება, სამწუხაროდ, ეს ზღვარი თბილისის ზოგიერთ უბანში დარღვეულია. გარდა ამისა, ამ დროს მოსახლეობის რაოდენობაზე საჭირო ბაღების, სკოლების, სპორტული მოედნების, გამწვანების და სხვა პრობლემებს იწვევს. განაშენიანების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ერთმანეთთან შენობების სიახლოვეც იზრდება, რაც სახლების განიავებასა და განათებას პრობლემებს უქმნის", - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

რაც შეეხება სეისმომდგრადობას,  სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. წესით და რიგით კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა გეოლოგიური დასკვნა, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ტექნოლოგიის, მთელი პროექტისათვის მომავალში. რეალურად კი ეს დოკუმენტი მხოლოდ ცარიელი ფურცელია.

ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ სეისმური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ზონებია მთიანი რეგიონები, სადაც ადრე ზღვარი 8-ბალიანი იყო და ახლა 9 ბალამდე ავიდა. საფრთხემ იმატა დედაქალაქშიც, სადაც ადრე ზღვარი 7 ბალი იყო, ახლა კი 8-მდე მოიმატა. ამის საპირისპიროდ, კონტროლის გაძლიერების მაგიერ, შემოწმების სისტემა მთლიანად მოიშალა:

,,ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში აღმოჩნდა. 2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე მოკვდა. არადა, ქვეყანა, რომელიც სეისმურად საშიში ზონაშია. 12 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა კანონის დარღვევაა. თავიდან ეს პრობლემა თბილისში იყო, გადავიდა ბათუმში, იქიდან - ქუთაისსა და ფოთში. ამ უბედურებას თუ არ შევაჩერებთ, მთელ საქართველოს მოედება. უფრო რთულია ვითარება, როცა საქმე ურიგელო გადახურვას ეხება. ამ დროს შენობა 7-8 სართულს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთია სტანდარტი 8-ბალიან ზონაში, სადაც ჩვენი ქვეყანაც მოიაზრება. ამიტომ უფრო მაღალი სართულების აშენება უკანონოა და უნდა შეჩერდეს. თავის დროზე ასეთი კარკასული მშენებლობის 92% განადგურდა სპიტაკში და რისკი საქართველოშიც არსებობს. რეალურად, დღეს შენობები 7 ბალსაც ვერ გაუძლებს, ამიტომ ცათამბჯენების აშენება სეისმურად აქტიურ ზონაში კანონის დარღვევა და პირდაპირ ხალხის გაწირვაა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება", - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ბოლო პერიოდში მრავაფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დროს მიწის მასა არაერთხელ ჩამოიშალა. თუმცა დაწყებული მშენებლობები არ შეჩერებულა, რაც მაღალი რისკების არსებობას ადასტურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე