"ქართველები ასეთ ცხოვრებას შეჩვეული ვართ და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენთვის არაფერი იქნება"
გვანცა წულაია
(25.10.2022)

საქართველოსთან ერთად, მაღალი ინფლაცია ევროპის არაერთ ქვეყანაში მძვინვარებს, რის გამოც, ევროპელები სულ მალე იძულებულნი გახდებიან, საკვებზე ეკონომია გასწიონ. სიძვირის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა იმ დოზით აღარ ექნებათ, როგორც აქამდე იყო. ასეთია საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევა. საინტერესოა, ხარჯების მკაცრი შეზღუდვა სხვა რეგიონის მოსახლეობასაც მოუწევს და როგორი ზოგადად გადასატანი იქნება ამ მხრივ ზამთარი?

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პერზიდენტმა ანანდა როიმ დაუფარავად განაცხადა, რომ ინფლაციის გამო, ევროპელი მომხმარებლები იძულებულნი არიან „დაძლევის ქცევის“ სტრატეგიას მიმართონ, რომელიც ბოლოს აქტუალური 1970-1980-იან წლებში იყო. საუბარია საკვების მიღების ინტერვალების გაზრდაზე, ფასდაკლებული პროდუქტების შეძენაზე და ა.შ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებითვე დგინდება, რომ მომხმარებელთა თითქმის სამმა მეოთხედმა დაიწყო ყოველდღიური ნივთებისა და საკვების ხარჯების შემცირება. ანანდა როი მიიჩნევს, რომ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

გამოკითხული ევროპელების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ისინი უკვე ნაკლებ საკვებს ყიდულობენ, ხოლო 47% რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში ნაკლებს მიირთმევს.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელიაც ადასტურებს, რომ ევროპის დაბალშემოსავლიან მოსახლოებას იაფფასიან საკვებზე გადასვლა მოუწევს.

"ინფლაცია ნიშნავს მაღალ ფასებს და ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა საკვებისგან დიდი ხანია იზღუდავს თავს. ეს გასაკვირი არც არის. რა თქმა უნდა, ევროკავშირში კი აქვთ გაცილებით მაღალი შემოსავალი, მაგრამ რაღაც შეზღუდვას მოახდენენ და მაინც შეეცდებიან, რომ პროდუქციაში ძვირი არ გადაიხადონ, შეეცდებიან იაფფასიან საკვებზე გადავიდნენ. არ ვამბობ, რომ ასეთ ვითარებაში მთელი ევროპა იქნება, მაგრამ მოსახლების რაღაც ნაწილს მსგავსი რეალობა დაუდგება.

ჩვენთან, საქართველოში მცხოვრებთა ნახევარი და ცოტა მეტიც, სწორედ ასეთ ვითარებაშია წლების განმავლობაში - იაფიან საკვებზე არიან გადასულნი. ევროპაში ამ მასშტაბის პრობლემა არ არის მოსალოდნელი, როგორც საქართველოშია, მაგრამ დაბალი ხარისხისა და ღირებულების საკვებზე გადასვლა შედარებით ისეთ ფენას მოუწევს, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვს”, - უთხრა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს”.

პროდუქციის ღირებულება ყველა ქვეყანაში იზრდება. დღეს მთელი მსოფლიო ინფლაციას ებრძვის, იგივე ვითარებაა საქართველოშიც. მიმდინარე ეტაპზე საქართველოში 11.5%-იანი ინფლაციაა. უკვე მეორე წელია, რაც ქვეყანაში ფსები კატასტროფულად იზრდება და მისი შეჩერებ ჯერ ვერ ხერხდება.

2021 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 2.8% შეადგინა, თებერვალში - 3.6%, მარტსა და აპრილში - 7.2%, მაისში - 7.7%, ივნისში - 9.9%, ივლისში - 11.9%, აგვისტოში - 12.8%,  სექტემბერში - 12.5%, ოქტომბერში - 12.8%, ნოემბერში - 12.5% და დეკემბერში - 13.9%.

რაც შეეხება მიმდინარე 2022 წელს, იანვარში ინფლაციამ 13.9% შეადგინა, თებერვალში – 13.7%, მარტში – 11.8%, აპრილში – 12.8%, მაისში – 13.3%, ივნისში - 12.8%, ივლისში – 11.5%, აგვისტოში – 10.9%, ხოლო სექტემბერში - 11.5%.

ინფლაციის ზრდა შეინიშნება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში და მათ შოროს ჩვენს სამეზობლოშიც.

სტატისტიკოსი, ეკონომისტი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ევროპელებს მოუწევთ, თანხის ნაწილი, რომელიც ადრე მათ დანაზოგებში მიდიოდა, ახლა საკვების შეძენას მოახმარონ.

"სურსათის ხარჯების წილი ევროპაში უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში. ეს იმის გამო, რომ შემოსავლების დონე უფრო მაღალია და ევროპელები უფრო დიდ ნაწილ მიმართავენ მომსახურებასა და დანაზოგებზე, ამიტომ აქ იქნება შემდეგი კორელაცია, რომ სურსათზე ხარჯი გაიზრდება და ეს არ გამოიწვევს პირადი მოხმარების რაიმე რადიკალურ ცვლილებას, ანუ თავიანთი მოთხოვნილების დამკაყოფილების სტრუქტურაში რაიმე არსებითი ცვლილება არ მოხდება, უბრალოდ, ხარჯი გაიზრდება.

დანახარჯების გაზრდის ორი ძირითადი კომპენსაციის წყარო იქნება, ერთია – შემოსავლების ზრდა და მეორე – თანხების დაზოგვის მასშტაბის შემცირება, ანუ ევროპელების ის თანხა, რაც ადრე მიდიოდა დანაზოგებში, ახლა ნაწილობრივ გამოყენებული იქნება სწორედ სასურსათო მოთხოვნილების დასაკამყოფილებლად. ამიტომ აპოკალიპსური სურათის დადგომას არ ველოდები, არც სურსათზე და არც ენერგორესურსებთან მიმართებაში.

ქართველები ამ ამბავს შეჩვეული ვართ. ეს ბოლო 1-2 წლის ცვლილება არ არის, არამედ არა ერთი თაობის. როდესაც შემოსავალი არ არის საკმარისი, დანახარჯის დიდი ნაწილი მიდის სურსათზე. ჩვენთან საკვების წილი დაახლოებით 35-37%-ია მთიალიან ხარჯებში. ეს ხდება მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვეებელი გაცილებით დაბალი სხვა ქვეყნებში.

როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მუდმივად ეკონომიის რეჟიმში ვართ. თუ ბოლო დროს მონაცემებს ავიღებთ, მართალია, ინფლაციას ადგილი აქვს, მაგრამ დასაქმების ზრდისა და დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯზე, მათი შემოსავლები უფრო მეტად გაზრდილია, ვიდრე ინფლაციის დინამიკა; ანუ მათმა რეალურმა კეილდღეობამ და შემოსავლებმა კი არ დაიკლო, არამედ გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთთა რაოდენობა ყოველ 100 ოჯახზე მხოლოდ 83-ია”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე