ვახტანგ იობაშვილი: ამ პროდუქტის იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებით, სრული კატასტროფაა
ქეთო გოგოხია
(24.10.2022)

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში თხევადი აირის ბაზარზე სრული უკონტროლობაა. აბსოლუტურად არ მოწმდება შემოტანილი გაზის ხარისხი, ამასთან, ბაზარზე იგი სტანდარტების უხეში დარღვევით იყიდება, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის და ქვეყნის იმიჯზეც ძალიან უარყოფითად აისახება. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ბაზარი მინიმალურ დონეზეც არ არის მოწესრიგებული, ამიტომ თხევად აირს განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს თხევადი აირის  ხარისხის, მისი ტექნიკური მოწოდების  და ავტოგასამართი სადგურების ტექნიკური მოწესრიგების საკითხთან დაკავშირებით, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

პრობლემა, ძირითადად, ბაზრის 60%-ს ეხება, რომელიც პროდუქტს ყოველგვარის წესების და სტანდარტის დარღვევით ყიდის. ესენი არიან არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები.

როგორც წესი, თხევადი აირი გამოიყენება საყოფაცხოვრებო საცხოვრებელ სახლებში საკვების მოსამზადებლად და გასათბობად და ასევე ავტომობილების გამართვის მიზნით.

 ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, უხარისხო პროდუქციის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება წონასთან დაკავშირებულ საკითხს, საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების დარღვევაა. ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს არ იხდიან, რაც საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას განაპირობებს.

,,რა მდგომარეობაც დღეს ავტოგასამართ სადგურებზეა, თხევადი აირის იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებით, კატასტროფაა. ნებისმიერ ქვეყანაში არავინ დაუშვებდა, რომ ასეთი მოუწესრიგებელი ავტოგასამართი სადგურები იყოს. რა თხევადი აირიც საქართველოში იყიდება, სინამდვილეში სულად არ არის მანქანების მოსახმარი პროდუქტი. ვთქვათ სიმართლე - ეს არის საყოფაცხოვრებო აირი. ამაში დარწმუნება თვალის ერთი შევლებითაც შეიძლება, ტექნოლოგიურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ - გაზი აშავებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ადამიანების ჯანმრთელობასაც სერიოზულ რისკს უქმნის.

დღესდღეობით თხევადი აირი, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონიდან შემოდის, არ კონტროლდება და ხშირ შემთხვევაში, საბუთების სისწორეც ეჭვს იწვევს. მეტი სიცხადისთის, თხევადი აირი ვლადიკავკასში შეაქვთ ოსებს, რის შემდეგაც მოდის ქართველ იმპორტიორებთან. 2-3 იმპორტიორია საქართველოში, რომელსაც ოსეთიდან ამ ტიპის საწვავი შემოაქვს. ჩვენ მოვითხოვთ კონტროლის გაძლიერებას. თუ არ არის საავტომობილო დანიშნულების, რატომ ვმართავთ მანქანებს ასეთი საწვავით, ეს ხომ დაუშვებელია! დღეს საქართველოდან არც ერთი ბანკით არ ხდება ანგარიშსწორება ჩრდილო ოსეთდან. ჩვენ ვეჭვობთ, რომ ანგარიშსწორებაში შეიძლება მონაწილეობდეს ე.წ. ქეში, რაც კანონით დაუშვებელია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საკითხის პრობლემურობიდან გამომდინარე სვამს თხევადი აირის  ხარისხის, მისი ტექნიკური მოწოდების  და ავტოგასამართი სადგურების ტექნიკური მოწესრიგების საკითხს, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

 მისი თქმით, უსაფრთხოების მხრივ არის ასევე მძიმე მდგომარეობა, ვინაიდან საქართველოში თხევადი აირი იყიდება ყოველგვარი ტექნიკური რეგლამენტების დაცვის გარეშე. ამ დროს იგი ცეცხლსაშიშია და მეტ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.

,,ავტოგასამართი სადგურების დიდი ნაწილი დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებშია, რადგან არ უნდათ ხარჯის გაწევა, უსაფრთხოების ზომებს კატასტროფულად უგულებელყოფენ. ასეთი ბიზნესი ქვეყანას არ სჭირდება. გვახსოვს, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ბათუმში აფეთდა თხევადი გაზის სადგური, რომელსაც ჰქონდა ღვინის დანადგარები, ღვინის კომპესორი და სხვა, აფეთქებისას დაანგრია სახლი, იყო მსხვერპლი. მერე გაირკვა, რომ ყოფილ მერს ჰქონდა გაცემული ნებართვა, მაგრამ არავინ დასჯილა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რაიმე უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, ალბათ, არც მომავალში დაისჯება ვინმე.

იმ დროს, როცა ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, ჩამოდიან ქვეყანაში უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ასეთი ავტოგასამართი სადგურები ქვეყნის იმიჯზეც ნეგატიურად აისახება. სიტუაცია, რაც ამ მხრივ გვაქვს, იშვიათობაა ევროპაში, თურქეთსა და აზერბაიჯანშიც კი. მაგალითისთვის, ,,სოკარს“ აქვს ისეთი ავტოგასმართი სადგურები საქართველოში, როგორიც თვითონ აზერბაიჯანში არ არის. იგი მაქსიმალურად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, საწვავი სარკოფაგებშია განთავსებული, უსაფრთხოება 100%-ით გარანტირებულია. თუკი ბრენდებს აქვთ ასეთი ავტოგასამართი სადგურები, თხევად აირებზე მომუშავე კომპანიებსაც ყველა პირობა აქვთ, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზონ მომხმრებლებს“, - განაცხადა იობაშვილმა და დასძინა, რომ  თხევადი აირის ბაზარი ყურადღებას იქცევს ფასის მხრივაც, ვინაიდან ის რეალურად არ წარმოადგენს ბენზინის ალტერნატივას ფასის მიხედვით, რის გამოც მძღოლები ამ ტიპის საწვავს ანიჭებენ უპირატესობას.

,,ეს ე.წ  პარტიზანული ბიზნესი, რომელსაც ბაზრის 60% უჭირავს და ქვეყნისთვის მიუღებელია. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ გადმოდის თხევადი გაზით დატვირთული ტრანსპორტი ლარსის გამშვებ პუნქტში, იყო შემთხვევაც, როდესაც ერთ-ერთი ასეთი მანქანა გადატრიალდა და გაირკვა, რომ მეწარმეს გაფორმებული ჰქონდა 16 ტონა, როცა ავზში სინამდვილეში 24 ტონა საწვავი ესხა.

ამასთან, უნდა გადაიხედოს ფასი. არ მესმის, თხევადი გაზი რატომ უნდა ჩაასხას მძღოლმა ავტომობილში, თუ ფასის მხრივ ის ვერ გახდა ბენზინის ალტერნატივა, მაშინ რა აზრი აქვს თხევადი გაზის შეძენას? უამრავი დარღვევაა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს ზედამხედველობის სამსახური ფინანური პოლიცია, რათა ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდეს აღნიშნული სექტორი“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს გაზზე მოწესრიგებული ავტოგასამართი სადგურები აქვთ მხოლოდ ბრენდებს, სადაც  ყველა ტიპის საწვავი იყიდება  და უსაფრთხიოება მაქსიმალურად დაცულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო გამოყენების თხევადი აირი არ იწარმოება და ბაზარი მთლიანად იმპორტირებული გაზით მარაგდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე