რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, მანამდე კი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააწყენა, რაც სასურსათო კრიზისს უკავშირდება. ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მოსახლეობა საკვების პრობლემა წინაშეა. მიმდინარე ეტაპზე, სასურსათო კრიზისზე საუბარი ჩაცხრა, საქართველოს კი შიმშილის საფრთხეზე არც მაშინ საუბროდნენ და არც მომავალში შეიქმნება მსგავსი მოცემულობა. ქვეყანაში საკვების მარაგის პრობლემა არ არსებობს და არც ზამთრის პერიოდში იქნება.
დაახლოებით ერთ თვეში ზამთარი დაიწყება. ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორი იქნება ცივი სეზონი, რადგან ყველაფერი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზეა დამოკიდებული, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში პროდუქციის მომარაგების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.
სწორედ ამაზე საუბრობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია და დაბეჯითებით აცხადებს, რომ ქვეყანაში საკვების მარაგი უკვე არსებობს და არ არსებობს საფრთხე, რომელიმე დასახელების საკვები დეფიციტური გახდეს.
"ლოგიკური მარაგი ყოველთვის კეთდება, რეალიზაციიდან გამომდინარე. რაიმე კონკრეტული მარაგი არის ერთკვირიანი, ორკვირიანი, ანდა ერთთვიანი. მარაგთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გვქონია და არ გვაქვს, ქვეყანაში სურსათი ყოველთვის არის, მით უმეტეს ზამთარი როცა მოდის. კომპანიას 2-3 კვირის მარაგი ყოველთვის აქვს. თუ მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად ხდება უფრო მეტის შემოტანა.
არანაირი საფრთხე არ არსებობს. კორონავირუსის პანდემიისა და ომის დაწყების პერიოდშიც არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე პროდუქტი დეფიტიცში მოქცეულიყო. ასე რომ, ჩვენი ქვეყანისთვის არ შეიქმნება ისეთი საფრთხე, რომ რაიმეს თავი ვერ გავართვათ”, - განუცხადა "რეზონანსს” ივა ჭყონიამ და დასძინა, რომ მსოფლიოშიც აჟიოტაჟი არ შეინიშნება.
"სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით მსოფლიოში არანაირი აჟიოტაჟი არ არის. იქ დაძაბულობაა ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, რადგან უკვე აშკარაა, რომ ენერგომატარებლების კუთხით იქნება პრობლემა”, - დასძინა ჭყონიამ.
მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში, ფასების მხრივ, სტაბილური ვითარებაა. გარკვეული ტიპის პროდუქტი გაიაფდა კიდეც, თუმცა არა თვალში საცემად. საერთო ჭრილში კი, სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება სტაბილურად ფასდება.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზამთრის თვეებში ფასების დინამიკა სხვადასხვა გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.
"მიმდინარე ეტაპზე არის საკმაოდ სტაბილური სიტუაცია. პროდუქტებზე სტაბილურად არის ფასი შენარჩუნებული. სამომავლოდ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინა-რუსეთის ომზე და ასევე ენერგომატარებლებს რამდენად მიაწვდის ევროპას რუსეთი და შესაბამისად, რამდენად გაძვირდება ევროპიდან შემოტანილი საქონელი. ეს ფაქტორები არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა "რეზონანსთან” ივა ჭყონიამ.
ისე კი, იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ იქ განვითარებული და შექმნილი ტენდენციები ახდენს გავლენას საქართველოზე. იმის გამო, რომ პროდუქციის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, საქართველოს საერთაშორისო მოვლენებთან უწევს ფეხის აწყობა. თვითონ ქვეყნის შიგნით კი, მოსახლეობის დაკმაყოფილება ადგილობრივი წარმოებით ვერ ხდება, სწორედ ამიტომ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა.
წელს ქვეყანამ კარგი მოსავალი მიიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ არსებული ვითარება წლიდან წლამდე უმჯობესდება, თუმცა რაოდენობრივად იმდენად ბევრი არ არის, რომ ქვეყანამ საკუთარი მოსავლით მარაგი შექმნას.
აგრარული დარგის სპეციალისტის, პროფესორ ბადრი რამიშვილის აზრით, მხოლოდ სოფლის მოსახლეობამ შეიძლება მოახერხოს და საკუთარი მოსავალი ზამთრისთვის დაიმარაგოს, მაგრამ ეს მცირე კატეგორიაა.
"ვინც სოფლად ცხოვრობს და იქ შრომობს, ალბათ, მათ ადგილობრივი მოსავალი მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზამთრისთვის პროდუქცია დაიმარაგონ, მაგრამ ისინი ხომ ბევრნი არ არიან, შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მაქსიმუმ 20% იყვნენ. ამიტომ თუ სახელმწიფომ ღონისძიებები არ გაატარა, შეიძლება მძიმე მდგომარეობა შეიქმნას”, - განაცხადა "რეზონანსთან ბადრი რამიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანას პროდუქცია დამარაგებული ყოველთვის უნდა ჰქონდეს, რათა კრიზისული სიტუაცია თავიდან იქნას არიდებული.
"საქართველოში მოყვანილი მოსავალი, მაგალითად, მარცვლეული, არანაირად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილობრივი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს. პროდუქციის მარაგთან დაკავშირებით, ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ 2 თვის მარაგი მუდმივად უნდა არსებობდეს, რათა კრიზისული მოვლენები თავიდან ავიცილოთ. არადა, კრიზისი ნებისმიერ მომენტში შიეძლება დაიწყოს და შედეგები იქნება ძალიან მძიმე”, - განუცხადა ბადრი რამიშვილმა "რეზონანსს".
მისი ვარაუდით, როგორც არ უნდა შევხედოთ მოვლენებს, ეს ზამთარი რთულად გადასატანი იქნება.
"ზამთარი, მსოფლიო მნიშვნელობით მძიმე იქნება, მათ შორის საქართველოსთვისაც, რადგან, ფაქრობრივად, მოვლენების ეპიცენტრში ვართ. არავინ არ იცის, ვითარება როგორ შიცვლება და რა მიმართულებით დაიძაბება სიტუაცია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ენერგეორესუსრების მხრივ პრობლემა შეიქმნას, რადგან შესაძლოა, ვინმემ დივერსია მოახდინოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ის მოცემულობა, რომელიც ზაფხულში გვქონდა, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი, ჯერ არ შეცვლილა და უახლოეს ისტორიაში ეს ზამთარი, ალბათ, ყველაზე მძიმე იქნება”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას ბადრი რამიშვილმა.
საკუთარი წარმოების მარაგი, თუმცა ძალიან მცირედი, რაც შეიძლება ქვეყანამ შეიქმნას ეს ხორბალი და ქერია, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოდან მათი გატანა აკრძალულია. 2023 წლის 4 ივლისამდე ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზრებზე მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში შექმნილი ვითარების გამო და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე