კონკურენციის სააგენტო: კომპანიების ნაწილი რუსეთიდან შემოტანილ იაფ საწვავს, საცალო ქსელში მაღალი ფასნამატით ყიდდა
გვანცა წულაია
(17.05.2022)

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საწვავის ფასის შემცირების მიზნით, აქტიური შეხვედრები დაიწყო. პრემიერ-მინიტრის დავალებით სამუშაო პროცესი მიზნად ბენზინის გიაფებას ისახავს. პირველი შეხვედრა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელსა და საწვავის დისტრიბუტორებს შორის შედგა. გამოიკვეთა გზა თუ როგორ აპირებს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი ქვეყანაში კატასტროფულად გაძვირებული საწვავის გაიაფებას?

შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. როგორც ეკონომიკის მინისტრი ლევა დავითაშვილი აცხადებს, დაბალ ფასებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ქვეყანში არსებობდეს კონკურენტული გარემო.

„პრემიერის დავალებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან, რა დროსაც განვიხილეთ არსებული სიტუაცია ბაზარზე, მათ შორის პროგნოზები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობისთვის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ასევე ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება. ვისაუბრეთ მცირე ქსელების მხრიდან დაყენებულ პრობლემებზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომელიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს. ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი კონკურენტული გარემო.

შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ ასცდება,  მაგრამ მაქსიმალური კოორდინაციით უნდა მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი" - განაცხადა დავითაშვილმა.

ბიზნესის გარდა, ყველა ამბობს, რომ საქართველოში საწვავის გაიაფების რესურსი არსებობს, უბრალოდ, ამის პოლიტიკური ნება უნდა იყოს გამოვლენილი და თუ ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია იქნება, ვითარება ეტაპობრივად გამოსწორდება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, სააგენტოს მოკვლების შუალედური ანგარიშის საფუძველზე განაცხადა, რომ მარტ-აპრილში მსხვილი კომპანიების ნაწილი რუსეთიდან შემოტანილ დაბალი ღირებულების საწვავს, საცალო ქსელში მაღალი ფასნამატით ყიდიდა.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის პირველ 4 თვის საწვავის ბაზარზე დაკვირვება და მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ჩვენთვის საყურადღებო თვეები მარტი-აპრილის პერიოდია, რომელიც წინა კვარტლის გარკვეული სურათისგან განსხვავდება. დაახლოებით მარტის ბოლოდან, საქართველოში გაიაფებული ნავთობის და საწვავის იმპორტი ხორციელდებოდა, რაც აპრილის დასაწყისშიც გაგრძელდა. აქ საუბარია, როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ საწვავზე. 12 მარტის შემდეგ გარე ბაზრებზე საწვავის ფასის შემცირება დაიწყო, ასევე ქვეყნის შიგნით კურსის გამყარება დაიწყო და ამან საქართველოში საწვავის იაფი ღირებულებით შემოდინება განაპირობა, თუმცა მთელი აპრილის პერიოდში აღნიშნულ გარემოებას რიგი მსხვილი კომპანიების საცალო ფასებზე გავლენა არ მოუხდენია და მომხმარებელს ეს არ უგრძვნია.

არაევროპული ქვეყნებიდან შემოტანილი საწვავის თვითღირებულება, დაახლოებით, 20-25 თეთრით იაფია. ძალიან ბევრი კომპანია, მათ შორის მსხვილი იმპორტიორები და ქსელები, საწვავის იმპორტს რუსეთიდან ეწეოდნენ. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, სწორედ რუსეთიდან შემოტანილ საწვავში ძალიან მაღალი მარჟები და მაღალი ფასნამატები იყო, მათ ბევრად მეტი ფასის კლების რესურსი ჰქონდათ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

„ჩვენი მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისას კარგად გამოჩნდება ის ფასნამატი, რომელიც კომპანიებს როგორც ევროპული, ასევე არაევროპული ქვეყნებიდან შემოტანილ საწვავზე ჰქონდათ. წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით ეს ფასნამატები გაზრდილია. აპრილში, კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი გააჩნდათ“, - აღნიშნა ლექვინაძემ გადაცემა

"საქმის კურსში".

მთავრობასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს კომპანია „სენტა პერტოლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და ადასტურებს, რომ მარჟების შემცირებას ბიზნესი გაგებით ეკიდება. რაც შეეხება საწვავის იაფ ბაზრებს, თურქმენეთი და რუსეთი განიხილება.

„ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა არის საწვავსი ფასების გაიაფების შესაძლებლობელი. თუ არსებობს რაიმე გზა, ამაზე იყო საუბარი. მთავრობას ბიზნესისგან აინტერესებს, რაში ვხედავთ საწვავის გაიაფების გზას, რას არის ეს შესაძლებლობა, რა უნდა გაკეთდეს, რომ შედეგად საწვავზე დაბალი ფასები მივიღოთ.

რაც შეეხება შესაძლებლობას და გამოსავალს, მე პირადად შევთავაზე, რომ სამთავრობო დონეზე მოხდეს აქტიურობა, რომ საქართველოში არსებულმა კომპანიებმა ისარგებლონ გარკვეული შეღავათებით, ფასებთან მიმართებით.

აქციზის და დღგ-ს შემცირება არ იგეგმება. რაც შეეხება მარჟებს, პრინციპში, ბიზნესი ამას გაგებით უყურებს და შესაძლებლობის შემთხვევაში თხოვნა, თუ წინადადება, ალბათ, იქნება გათვალისწინებული. იაფ წყაროებად კი, ძირითადად განიხილება თურქმენეთი და რუსეთი.

მთავრობასთან დამატებით შეხვედრა ჯერჯერობით არ იგეგმება. თუ რაიმე დაიგეგმა, შეგვატყობინებენ”, - განუცხადა „რეზონანსს” იაკობიძემ.

ამასობაში მყარდება ლარი, რომელიც ომამდელ ნიშნულამდე, 2.90-ისკენ მიიწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურებში პიკური ფასი ნარჩუნდება და იგი უტოლდება იმ დროის ფასებს, როდესაც მსოფლიოში 1 ბარელის ღირებულება 130 დოლარს აჭარბებდა, ხოლო ლარის კურსი 3.30-ს აღემატებოდა.

მთავრობის ჩარევას დროულს უწოდებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთავრალაშვილი და აცხადებს, რომ მისასალმებელია, თუ ალტერნატიული ბაზრის წყაროების მოძიებაში დაეხმარებიან კომპანიებს.

„რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო რთულ პერიოდში, რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე ცდილობს ვითარების დასტაბილურებას. ვითარებამ გამოიწვია გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება, რამაც განაპირობა ჩვენთან ღირებულების ზრდა და შესაბამისად, ვფიქრობთ, სახელმწიფო აქტიურობა დროულია. მისასალმებელია, თუ ალტერნატიული ბაზრის წყაროების მოძიებაში დაეხმარებიან კომპანიებს, რომელიც იაფი იქნება.

საერთაშორისო ბარზებზე ბენზინი ისევ ძვირდება და სამწუხაროდ, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასებია მსოფლიო ბაზარზე”, - განუცხადა მთვრალაშვილმა „რეზონანსს”.

ცნობისთვის, საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელი რუსეთიდან შემოდის. 2022 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან ბენზინის და დიზელის იმპორტი 25,1%-ს აღწევს, რითაც იგი ლიდერ პოზიციაზეა. იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა სწორედ რუსეთიდან შემოვიდა - 83,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,1%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე