რუსეთისა და უკრაინის სხვა ბაზრებით ჩანაცვლება, ძირითადად, უკვე მოხერხდა
გვანცა წულაია
(14.04.2022)

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ფასი ძალიან მაღალია. განსაკუთრებული სიძვირე პანდემიის შემდეგ დაიწყო, რასაც რუსეთ-უკარინის ომი მოჰყვა, რამაც ქვეყანაში შემოტანილი პროდუქცია ძალიან გააძვირა. ამ ეტაპზე იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების უფრო მეტად ზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ მსოფლიოში ნავთობი ისევ გაძვირდება და ლარის კურსიც რყევას დაიწყებს, მაშინ გამორიცხული არაფერია. სწორედ ამ ორ მიზეზს ასახელებენ იმპორტიორები, სხვა შემთხვევაში იმპორტირებული საქნლის ფასი აღარ შეიცვლება.

საქართველოში იმპორტირებული პროდუციის ფასში ყველაზე დიდი წილი ნავთობის საერთაშორისო ღირებულებას და ლარის კურსს უჭირავს. ორივე მიმართულებით პრობლემა, პანდემიის შემდეგ დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანებში სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ დასტაბილურებული მდგომარეობა, ისევ დაამძიმა. სწორედ ამიტომ, საქართველოში პროდუქციის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო.

მართალია, მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ მაღალ ნიშნულზე, თუმცა ბოლო დღეებში მაინც სტაბილურია და ძირითადად 100 დოლარის ფარგლებში ტრიალებს. დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება ქვეყნის შიგნით, ვალუტის კურსზეც. დოლარი 3 ლარზე მეტი ღირს, მაგრამ კურსი ბოლო პერიოდში გამყარებული და დასტაბილურებულია.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, როგორც იმპორტიორები ამბობენ, ჯერჯერობით კიდევ ერთი გაძვირება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ მსოფლიოში სიტუცია გაუარესდება და კურსიც გაუფასურდება, საქართველოს მორიგი ტალღა არ ასცდება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონია ინფორმაციით, თუ საერთაშორისო ბაზარზე რაიმე მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, ამ ეტაპზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება არ იგეგმება.

“ჯერჯერობით რთულია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. საერთაშორისო ბაზარზე თუ მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, ამ ეტაპისთვის, საქართველოში პროდუქციის ფასი აღარ უნდა შეიცვალოს”, - განუცხადა “რეზონანსს” ივა ჭყონიამ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ალტერნატირული ბაზრების მოძიება დასჭირდა. ივა ჭყონია ადასტურებს, რომ საქართველომ უკრაინისა და ნაწილობრივ რუსეთის შემცვლელი ქვეყნები უკვე მონახა და მუშაობა კიდევ მიმდინარეობს.

“რაც შეეხება ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, ამაზე მუშაობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და უკვე მოხერხდა კიდეც ძირითადი პროდუქტების ჩანაცვლება ალტერნატიული საშუალებით, თანაც უმეტესად უმტკივნეულოთ. აქ არის ძალიან დიდი ჩამონათვალი, გააჩნია ბრენდებს. ბევრი კომპანიაა, რომლებსაც ათობით ქარხნები აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. უკრაინასა და რუსეთს მაინც უფრო თურქეთი და პოლონეთი ჩაენაცვლა, ისინი ჩვენთან უფრო ახლო არის”, - დასძინა “რეზონანსთან” ივა ჭყონიამ.

პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებულად გაძვირებული პროდუქციის შესყიდვა უწევს. ეპიდემიის ბოლოსკენ ერთგვარად დასტაბილურებული სიტუაცია ომმა მკვეთრად შეცვალა და ისევე, როგორ სხვა ქვეყნებს, საქართველოსაც გაძვირების ახალმა ტალღამ გადაუარა, მაგრამ პრობლემა ყველაზე მეტად იმ სახელმწიფოებშია, რომლებიც იმპორტზე ზედმეტად დამოკიდებულნი არიან. სწორედ ასე იყო პანდემიის დროს და ასეა ახლაც, ომის პერიოდში.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პროდუქცია ისევე სწრაფად არ იაფდება, როგორც ძვირდება ხოლმე.

იმპორტიორი, კომპანია “დუს” ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შემოტანილი საქონელის გაიაფების არანაირი ტენდენცია მოსალოდნელი არ არის, რადგანაც ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის თვითღირებულებაში ყველაზე დიდი წილი ნავთობპროდქტებს  და ლარის კურსს უჭირავს. სამომავლოდაც სწორედ ამ ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული პროდუქციის ღირებულების ბედი.

“იმპორტირებულ პროდუქციაზე დღეს ფასები რა ნიშნულზეც არის, სავარაუდოდ, იმავე ნიშნულზე დარჩება. თუ დოლარი ისევ გაუფასურდა, რა თქმა უნდა, ამის შესაბამისად, ფასიც მოიმატებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა გაიაფების ტენდენცია არანაირად ნიშნები არ იკვეთება.

იმპორტირებული პროდუქციის ფასი დოლარსა და ევროში დგინდება. მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე საწვავი. ბენზინზე თუ ფასი იმატებს და თანაც, ლარის კურსი უფასურდება, ასეთ შემთხვევაში, პროდუქცია ძვირდება. თუ კურსი არ უფასურდება და ბენზინიც არ ძვირდება, საქონლის თვითღირებულება ჩვეულებრივად, სტაბილური რჩება”, - განუცხადა “რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა.

ახლანდელი ფასები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში რეკორდულია. მარტში, წლიური ინფლაციის დონემ 11,8% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად, გაძვირდა კომბოსტო - 263.3%-ით; შედეგ ბადრიჯანი - 61.4%-ით; ქლიავი - 60.3%-ით; ბენზინი - 45.7%-ით; დიზელის საწვავი - 45.7%-ით; კარტოფილი - 39.9%-ით; თერმომეტრი - 39.8%-ით; მარგარინი - 37.9%-ით; წიწიბურა - 37.9%-ით.

მთელ მსოფლიოში კი, წლიურად, სურსათზე ფასები მარტში 33,6%-ით გაიზარდა. რეკორდული მაჩვენებელი, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ის დამატებით, კიდევ 12,6%-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე