ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა საგანგაშო მაჩვენებელი დაასახელა
თიკა სიბოშვილი
(13.04.2022)

მაღალ ინფლაციას საქართველო ვერაფერს უხერხებს. ქვეყნის ეროვნული ბანკი, რომელსაც ფასების კონტროლზე პასუხისმგებლობა კანონით აკისრია, ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს და ვერ უზრუნველყოფს ინფლაციის მოთოკვას, რომელიც უკე მესამე წელია, კრიტიკულად მაღალია. თანაც ოფიციალური მაჩვენებლები რეალურს მინიმუმ 2,5-ჯერ ჩამორჩება. ცხადია, საყოველთაო გაჭირვების ფონზე მიმდინარე ფროცესები მოსახლეობაზე ძალიან უარყოფითად აისახება.

ამასობაში ეროვნული ბანკი საქართველოში 2022 წელს 9%-იან ინფლაციას ელის, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს ორნიშნა მაჩვენებლად. კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ დონეზე შენარჩუნდება და წელს საქართველოში სავარაუდოდ, 3-4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

“ჩვენი პროგნოზით, 3-4%-ს შორის იქნება რეალური ზრდა წელს, თუმცა კვლავ მაღალია გაურკვევლობა. ფაქტორები, რომლებიც მთლიანად გლობალურ ეკონომიკას დაამჩნევს კვალს, არის ინფლაციური პროცესები. სამწუხაროდ, კონფლიქტმა ახალი ბიძგი მისცა ამას.

ფაო-ს სურსათის ინდექსი ახალ რეკორდულ დონეზე ავიდა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები არის გაზრდილი. ეს არის გამოწვევა, რადგან საჭირო იქნება როგორც მინიმუმ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. აქაც დგას კითხვის ნიშნები, რომლებიც გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. იმ პროგნოზით, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფლაცია იქნება, დაახლოებით, 9%-ის დონეზე.

ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს დაამჩნევს კვალს ექსპორტს, იმპორტს, ასევე ტურისტულ შემოსავლებს. არ ველით, რომ მიმდინარე ანგარიშის დიდი გაუარესება გვექნება”, - განაცხადა გვენეტაძემ.

ფასების განუწყვეტელი ზრდა როგორც ქვეყანას, ასევე საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის, საიდანაც გამოსვლის რეალური გეგმა საქართველოს ჯერჯერობით არ გააჩნია, არადა ინფლაციის ძირითადი წილი საწვავისა და პირველადი მოხმარების ნივთებზე მოდის. ორ წელში ჯამურმა ინფლაცია 25%-მდე იქნება, ეს კი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა.

ეკონომისტი გიორგი პაპავა დაუფარავად ამბობს, რომ ასეთი მაღალი ინფლაცია მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება, რადგან პროდუქციის გაძვირებას ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

„როცა ინფლაცია მატულობს, ბუნებრივია, ეს ადამიანებზე უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით კი მათზე, რომელთა სამომხმარებლო კალათაში სურსათი არის მაღალი წილით. საკვები პროდუქტების ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ჯამური მაჩვენებელი, შესაბამისად, შედარებით უფრო მოწყვლადი ჯგუფები დიდი რისკის ქვეშ არიან.

ეროვნულ ბანკს ისევ უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოწვევების საპასუხოდ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება საპროცენტო განაკვეთები.

რომ არა მაღალი ინფლაცია შესაძლებელი იქნებოდა, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, გარკვეული ბიძგის მიცემა ეკონომიკური განვითარებისათვის მაღალი ინფლაციის პირობებში, თუმცა ახლა ასეთი შესაძლებლობა არ გვაქვს, პირიქით, გვიწევს უფრო გავამკაცროთ პირობები", - აღნიშნა პაპავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

დადებითი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, რადგან ფასების ზრდაზე პასუხისმგებელ ორგანოს ნეგატიური შედეგების გამოსწორება ჯერ კიდევ არ შეუძლია. ხალხს კი წლიდან წლამდე ფუჭი იმედით ცხოვრება უწევს. ეროვნული ბანკის  მთავარი ამოცანა, მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება, უკვე მერამდენიმე წელია მიუღწეველ ამოცანად რჩება.

ეკონომისტი, გივი მომცელიძე აღნიშნა, რომ ინფლაცია სიღარიბის მაჩვენებელს ზრდის და ასეთ დროს აუცილებელია მოსახლეობის დახმარება.

„მოსალოდნელი 9%-იანი ინფლაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პროგნოზია და როგორც წესი, ჩვენნაირ ქვეყნებში, ასეთ დროს დაბალი ფენები ძალიან ზარალდებიან. მათ უძვირდებათ პროდუქცია და იმ შემთხვევაში თუ ჰყავთ მანქანა უძვირდებათ გადაადგილებაც, შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლება იმის დანახვა, როგორ იმოქმედებს ინფლაცია მოსახლეობაზე.

როგორც წესი, მაღალი ინფლაციის დროს სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. მაშინ, როცა მაჩვენებელი ასეთი მაღალია რთული სათქმელია თუ, რამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. ასეთ დროს გამოსავალი არის მოქმედება, უნდა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულ ფენას სხვადასხვა სოციალური ღონისძიებებით. არ ვარ მომხრე სუბსიდირებების, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთ დროს პირდაპირ თანხებითაც უნდა ხდებოდეს მოსახლეობის დახმარება.

დახმარების შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ ვის უჭირს და ვის არა, რადგან კორუფცია და მსგავსი ქმედებები ავირიდოთ. შესაბამისად, იმას მაინც მოვახერხებთ, რომ რამდენიმე პროცენტული პუნქტით ნაკლები იქნება სიღარიბის მაჩვენებელი“, - აღნიშნა მომცელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ეროვნული ბანი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას აპირებს, თუმცა ეს რამდენად საკმარისი იქნება ინფლაციის მოსათოკად რთული სათქმელია. ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ფასების ზრდის შეჩერება მარტივი არ იქნება.

„ეროვნული ბანკი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდას თუ გააგრძელებს ცუდის გარდა არაფერი იქნება მოსალოდნელი, რადგან ფასები იზრდება, არა ფულის მასის ზრდის, არამედ სულ სხვა ფაქტორების გამო.

ძირითად სასურსათო კალათასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე კიდევ უფრო მაღალი იქნება ფასების ზრდის ინდექსი, ვიდრე დასახელებული 9%-ია და ეს საკითხიც გადასახედია. ჩემი აზრით, ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ძირითად სამომხმარებლო კალათაში ისეთი პროდუქტები შედის, როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით,  სოციალურ შედეგებს არ იძლევა“, - დასძინა კუკულაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია, მაგრამ სებ-მა უკვე შეცვალა პროგნოზი, ანუ უკვე დასტუდება, რომ ქვეყანაში ფასები სამჯერუფრო ჩქარა გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე