საპანიკო და საგანგაშო არაფერი არ არის, თუმცა ზარალს და დანახარჯს ვერ ჩვენი ქვეყანა ასცდება
გვანცა წულაია
(13.04.2022)

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად ფართოვდება, რისი გათვალისწინებითაც ოკუპანტ ქვეყანას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. რუსეთის მოსალოდნელი დეფოლტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანას შეუქმნის პრობლემას, განსაკუთრებულ გავლენას კი მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულ ქვეყნებზე მოახდენს, რომელთა შორის არის საქართველოც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაფერი ომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ნაწილი საქართველოს ეკონომიკას პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ, ნაწილი კი ამბობს, რომ საგანგაშო არაფერი არ მოხდება.

საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ეკონომიკურად გაგუდვას ცდილობს. შესაბამისი პროცესები დაწყებულია კიდეც და პრობლემები უკვე აშკარაა. ოკუპანტ ქვეყანას უკრაინაში შეჭრა ეკონომიკურად ძვირი დაუჯდება. სანქციების არსებული პაკეტიც კი ქვეყნის ეკონომიკის მინიმუმ 10%-იანი კლებისთვის უკვე საკმარისია, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იქნება, თუმცა შეიძლება ვარდნის ტემპმა იმ მასშტაბს მიაღწიოს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ამისთვის კი ეკონომიკის 14.6%-ით შემცირებაა საჭირო. 

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრო 10-15% ვარდნას ელის. მსოფლიო ბანკის ოფიციალური პროგნოზი კი 11.2%-იანი რეცესიაა. აგრესორი ქვეყანა ჯერჯერობით რუბლის ხელოვნურად დაჭერას ახერხებს, მაგრამ იმავეს ფასებს ვერ უხერხებს. მიმდინარე წელს 24%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში რუსეთს საკუთარი რეკორდის მოხსნა ცოტა გაუჭირდება, რადგან 1999 წელს 86%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, 1993 წელს კი 874%-იანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში, მიყოლებით, 1996 წლის ჩათვლით, რუსეთის ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა. 1997 წელს 1.4%-იან ზრდას მომდევნო წელს დეფოლტი და 5.3%-იანი კლება მოჰყვა, რაც აზიიდან წამოსული ეკონომიკური კრიზისითა და ნავთობზე ფასების ვარდნით იყო გამოწვეული.

1999-2008 წლებში რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, იმდენად, რომ 2009 წელს დაფიქსირებულ უფრო დიდ 7.8%-იან ვარდნას 1998-ის მსგავსი პრობლემები აღარ გამოუწვევია.

დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით კი, როცა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები უწესდება, სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ აგრესორი ქვეყნის ეკონომიკა დიდი უკანდახევა უწერია. ეკონომისტი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკამ შესაძლოა, 20%-ითაც კი შემცირდეს.

“სანქციები სერიოზულ გავლენას მოხდენს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი წარმოების ნაწილი 50%-ით შემცირებულია და მალე ალბათ, ძალიან ბევრი საწარმო სრულად გაჩერდება. ამ ეტაპზე, რუსეთის ეკონომიკის დაცემა 10-15%-ის ფარგლებში ფასდება, თუმცა ეს არის დაუზუსტებელი პროგნოზი. შედეგები შესაძლოა, გაცილებით უფრო სავალალო იყოს რუსეთისათვის და მისი ეკონომიკა უფრო მკვეთრად დეცეს. 15% კი არა, შესაძლოა, 20%-მდეც კი ავიდეს.

რუსები ამას, სავარაუდოდ, გადაიტანენ. იქ კეთილდღეობის დონე მაინც და მაინც მაღალი არ არის და დაბალი სტანდარტებით ცხოვრებას მიჩვეულები არიან, თუმცა მაინც ძალიან გაუჭირდებათ. რუსეთი დაემსგავსება ირანს, იქნება მაღალი ინფლაცია, ამიტომ სერიოზული პრობლემები ელი.

რუსეთს სანქციები დიდხანს არ მოეხსნება. ამ ქვეყნის ხელისუფლება არაფრის დათმობას არ არპირებს და შესაბამისად, წნეხი გაგრძელდება, სანამ ისინი თავიანთ იმპერიულ პოლიტიკაზე უარს არ იტყვიან.

რაც შეეხება უკრაინას, რაც უფრო სწრაფად დასრულდება ომი, მით უფრო მალე დაიწყება ქვეყნის აღდგენა, მაგრამ გარკვეული დრო იქნება საჭირო. იმხელა ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგა უკრაინის ეკონომიკას, რომ რამდენიმე წელი მის ფეხზე დაყენებას დასჭირდება, თანაც დიდი რესურები იქნება საჭირო”, - განუცხადა „რეზონანსს” თუთბერიძემ

რაც შეეხება საქართველოს და მის ეკონომიკას, ქვეყანამ 2022 წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა, თებერვალში კი - 14.6%-ით, მაგრამ ომის გამო, ეს ციფრები შესაძლოა, საკმაოდ შემცირდეს. ამის მოლოდინი აქვს თუთერიძესაც და ვარაუდობს, რომ თუ უარყოფითი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა, ეკონომიკა მიმდინარე წელს, 3-3.5%-ის ფარგლებში მოიმატებს.

„ცხადია, მძიმე ვითარება ჩვენზეც აისახება. ეს შეეხება ფულად ტრანსფერებს, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა. მართალია, ბოლო პერიოდში, ამ ქვეყნიდან ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების წილი, საერთო ტრანსფერებში მცირდებოდა და იტალიამ გაუსწრო ოკუპანტ ქვეყანა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი წილი ეჭირა და ცხადია, ეს მიმართულება შემცირდება. ასევე, ბოლო ხანებში, რუსული პროდუქციის იმპორტზე დიდად დამოკიდებული აღმოვჩნდით. ეს ეხება ენერგომატარებლებს, სასურსათო პროდუქციას და ა.შ.

ვინაიდან რუსეთი და უკრაინა უამრავი პროდუქციის მომწოდებლები იყვნენ, ცხადია, ყველაფერი გაძვირდება და გავლენას საქართველოზეც მოახდენს. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ მოუწიოს, რათა ქვეყანაში ინფლაცია იმაზე მეტი არ იყოს, ვიდრე ახლაა. საქართველოს მთავრობამ კი, ხარჯების პოლიტიკას უნდა გადახედოს.

უკრაინაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მიმდინარე წელს, ვერ ვიქნებით ოპტიმისტურად განწყობილი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. თუ უარყოფითი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა, 3-3.5%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს. რუსეთი და უკრაინა ორივე ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის ნაწილში, ამიტომ გავლენა ქართულ ეკონომიკაზეც იქნება. ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, ომი რამდენ ხანს გასტანს”, - დასძინა “რეზონანსთან” თუთბერიძემ.

რუსეთის ეკონომიკამ რომ ჩაძირვა უკვე დაიწყო, ამაზე აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებიც საუბრობენ. როგორც ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სატრანსპორტო სისტემამ ორმაგი დარტყმა მიიღო: `მკაცრ დისკრიმინაციას დაექვემდებარა ყველა საერთაშორისო გადაზიდვა, ასევე სწრაფად მოხდა ტვირთნაკადების გადამისამართება სხვა მარშრუტებზე~.

როგორც „ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, რუსეთი შეეცდება გამოსავალი გამონახაოს. ეკონომიკური შესაძლებლობები კი სამხადრო პოტენციალზე იქნება დამოკიდებული.

„სანქციები თანდათან ფართოვდება. ამავე დროს იზრდება რუსეთში სამხედრო ხარჯები და შესაბამისად, რასაკვირველია, რუსეთისთვის ეს ყველაფერი არის რთულად გადასატანი, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს და ობიექტურად უნდა შევხედოთ ვითარებას, რომ რუსეთი ჯერჯერობით ფლობს უცხოური ვალუტის, განსაკუთრებით ძვირფასი ლითონების ძალიან დიდ მარაგს, რაც მას აძლევს საშუალება, რომ გარკვეული პერიოდით თავისის სამხედრო აქტივები დააფინანსოს.

მეორეც, სანქციებში ძირითადად განვითარებული ქვეყნები მონაწილეობენ, არადა რუსეთს ძალიან დიდი საზღვარი აქვს ისეთ ქვეყნებთან, რომელიც ამ სანქციებში არ მონაწილეობენ. თან, სანქციები არ არის ისეთი საყოველთაო, როგორც ჟღერს. არც ტოტალური ხასიათი აქვს და საერთოდაც, ეს არ არის ერთიანი პოზიცია, თუმცა, მათ ნავთობპროდუქტების გაყიდვა მართლაც უჭირთ, რადგან ყველა პორტი და გემი მათ ვეღარ ემსახურება.

რუსეთში, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საბაზრო ეკონომიკაა. ეს არ არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც უცებ ჩაინგრევა. ისინი შეეცდებიან, რომ გამოსავალი გამოძებნონ, მაგრამ მათი სამხედრო ხარჯები მაღალია და არ ვიცით,სადამდე დააფინანსებენ. სამხედრო ოპერაციები მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ხვალ და ზეგ რუსეთის ჩამოქცევას არ უნდა ველოდოთ. ომის პერიოდშიც კი, უზარმაზარი თანხები აქვს რუსეთს მიღებული, მაგალითად, გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნიდან, ენერგომატარებლების საფასურად, ანუ რუსეთს შემოსავალი ჯერ კიდევ აქვს”, - განუცხადა „რეზონანსს” პაატა შეშელიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ საპანიკო და საგანგაშო არაფერია საქართველოს ეკონომიკაში და ქვეყანას არ გაუჭირდება გადაწყობა.

„რაც შეეხება საქართველოს, 2006 წლიდან 2013 წლამდე საქართველო იყო რუსული ემბარგოს ქვეშ. იყო დრო, როდესაც რუსეთთან საერთოდ არაფერი გვაკავშირებდა - არც საქონლის და არც ხალხის მიმოსვლა. ამ დროს, განხორციელდა რეფორმები, რომელიც მსოფლიო ბანკმა საუკეთესოდ აღიარა. სწორედ მაშინ საქართველოს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ვიდრე რუსეთს. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ საპანიკო და საგანგაშო არაფერი არ არის. ძალიან მარტივად, თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყანას, არ გაუჭირდება გადაწყობა. მესმის, რომ იქნება დანახარჯები, მაგრამ ამას დიდ პრობლემად ვერ მივიჩნევ.

საქართველო არის საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა, მას უკვე გაკვალული აქვს გზა. როცა სანქციებში მონაწილეობას გვთხოვენ, უნდა ვუპასუხოთ, რომ რაიმე რაღაც კონკრეტული ნაბიჯს თავისი საფასური აქვს და უნდა დაგვეხმარონ”, - დასძინა „რეზონანსთან” პაატა შეშელიძემ.

ცნობისთვის, რუსეთისთვის სანქციები არც ოკპირებული აფხაზეთის და არც ჩეჩნეთში წარმოებული ომების გამო არ დაუწესებიათ. 2008 წლის აგვისტოს ომზეც დასავლეთი შეშფოთებით დაკმაყოფილდა. 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდული სანქციები ამოქმედდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ 0.7%-მდე შეამცირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე