სააღდგომოდ ფასს ვერავინ გაზრდის, რადგან მგზავრებისა და რეისების რაოდენობა ისედაც განახევრებულია
ქეთო გოგოხია
(12.04.2022)

წინასააღდგომოდ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირება არ იგეგმება, რადგან ისედაც უსაშველოდ არის გაძვირებული. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ხარჯი გაიზარდა, შემცირებული მოთხოვნის გამო, მძღოლები მაქსიმალურად ცდილობენ ფასების შენარჩუნებასა და ამით მგზავრების სტიმულირებას. მით უმეტეს, ზუსტად 1 თვის წინ გაძვირდა რამდენიმე მიმართულებით მგზავრობა და ეს ძალიან ცუდად აისახა მგზავრთა გადაყვანაზე, მათ შორის აქტიურ მარშრუტებზე, სადაც რეისების რაოდენობა ბოლო 1-2 წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

საწვავის გაძვირების გამო  წელს გაიზარდა როგორ შორი, ასევე მოკლე რესიებზე ტარიფები. მაგალითისთვის, თუკი აქამდე თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილება 1,8 ლარად შეიძლებოდა, ახლა ფასი სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ან 2,8 ლარია. რუსთავში მგზავრობა მარტში გაძვირდა შიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. მგზავრობისთვის მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ.

რაც შეეხება შორ რეისებს, რიგი მიმართულებებით მგზავრობა 3-დან 5-7 ლარის ფარგლებში , ანუ დაახლოებით 10-15%-ით გააძვირეს. თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 15 ლარი ნაცვლად, უკვე 20 ლარი ღირს, ზუგდიდის მიმართულებით - 25 ლარი, თეთრიწყაროს მიმართულებით 4.5 ლარის ნაცვლად, 6 ლარი და ა.შ.

,,დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელის  ნესტორ მიქატაძის თქმით,  ამაზე მეტად ფასებს ვეღარ შეცვლიან. შესაბამისად, არსებული ტარიფები სადღესასწაულო დღეებშიც უცვლელი დარჩება.

,,ბენზინსა და დიზელზე არანორმალურად მაღალი ფასებია.  მოკლე რეისები გაძვირდა და 2,5 ლარი გახდა, შორ მანძილზე 25-30 ლარს აღწევს ფასი, რაც ცხადია მგზავრთა ნაკადებზეც აისახება. 15 მარტს ახალი ტარიფები დადგინდა მძღოლების მოთხოვნით, დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა ბათუმის, ქუთაისის, წყალტუბოს და ტყიბულის მიმართულებები.

ფასს ამაზე მეტად ვერ შევეხებით. ეს მგზავრთა გადამყვანებმაც  კარგად იციან და ამ ეტაპზე არც აქვთ პრეტენზია. ახლა ყველა ცდილობს, სააღდგომო პერიოდში მაქსიმალურად დაიტვირთონ და დანაკარგის კომპენსირება რაღაც დონეზე მაინც მოახერხონ. ფიზიკურად ვერ გაიზრდება ფასი, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია.  ვერ გარისკავენ, ისედაც  შემცირებულია მგზავრთნაკადი და კიდევ უფრო დაკარაგვენ მომხმარებელს, ამიტომ  ყველა ცდილობს გაიჭირვოს და კლიენტი შეინარჩუნოს.

საწვავი გაძვირების გარდა, არის სხვა ხარჯიც, რაც დიდი ტვირთია მძღოლისთვის. ეს არის გადასახადები როგორც კომპანიის, ასევე - საბიუჯეტო. გარდა ამისა, ძვირი ჯდება მანქანის ტექნიკური უზრუნველყოფა, ტექდათვალიერების გავლა და სხვა. მუშაობას თავს ვერ დაანებებენ, ბევრი მძღოლისთვის ეს ოჯახის ძირითადი ან ერთადერთი შემოსავალია და არც აქვთ სხვა გამოსავალი, გაძლებაზე არიან“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ნესტორ მიქატაძემ.

მან ისაუბრა ასევე მოთხოვნის კლებაზე და დასძინა, რომ მგზავრთა ნაკადი აბსოლუტურად  ყველა მიმართულებით შემცირებულია, მათ შორის ქუთაისისა და გორის რესიებზე, რომლებიც ტრადიციულად ყველაზე აქტიურია.

,,ყველაზე ატიურ მიმართულებად რჩება ქუთაისი, ბათუმი და გორი. როცა კარგი მუშაობა ჰქონდათ, ქუთაისში 16 რეისი სრულდებოდა ყოველდღიურად, დღეს,  საუკეთესო შემთხვევაში, 12 რეისი სრულდება.

გორში მუდმივად დადიან ჩვეულებრივ, ყველაზე მეტი მგზავრი ამ მარშრუტს ჰყავს, ტრანსპორტი, ფაქტობრივად, ყოველ ნახევარ საათში გადის, ფასი ამ მიმართულებით არ შეგვიცვლია. ტყიბულის მიმართულებით 8 მანქანა გადიოდა და დღეს მათი რაოდენობა განახევრებულია. მძღოლებსაც ურჩევნიათ,  შეთანსხმდენ, რეისების რაოდენობა მოაკლონ და არსებული ფასი შეინარჩუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი კრიზისი იქნება და ამ რისკზე ვერავინ წავა“, - აღნიშნა მიქატაძემ.

მძღოლები ამბობენ, რომ ბილეთის ფასს ვეღარ ასწევენ, თუმცა მათი მოგება მაქსიმალურად შემცირდა და რეალურად დიდ გასაჭირში არიან. თბილისი-ზუგდიდის  მიკროავტობუსზე მომუშავე მძღოლმა სანდრო ნაჭყებიამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ხარჯს უკვე ფიზიკურად ვეღარ აუდის.

,,მგზავრობა ზუგდიდის მიმართულებით 25 ლარია. ფასები ბოლო პერიოდში შევინარჩუნეთ, რადგან შარშან ამ დროს გავზარდეთ ტარიფები და ამან მგზავრების რაოდენობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. უკვე ფიზიკურად ვეღარ ავუდივართ  მანქანის შენახვას. მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ და არის დღეებიც, როცა თითქმის  არაფერი გვრჩება.

დღითი დღე უკან მიდის საქმე, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ არის, შორ რეისზე გამგზავრებას ყველა ერიდება. ახლა მთელ იმედს სააღდგომო პერიოდზე ვამყარებთ. შარშან და შარშანწინ რთული სიტუაცია იყო პანდემიური შეზღუდვების გამო. ახლა, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეეცდება რეგიონებში წასვლას, დანაკარგს მეტ-ნაკლებად ავინაზღაურებთ. რეალურად ამ პრობლემას  ვერაფერი მოაგვარებს, თუ საწვავის ფასი არ შემცირდება, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, - განაცხადა მიკროვატობუსის მძღოლმა.

ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნავთობის ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და მარტში მცირე ხნით, 2008 წლის შემდეგ პირველად, 130-დოლარიან ნიშნულსაც გადააჭარბა, შემდეგ მნიშვნელოვანი კორექტირება განიცადა, მაგრამ ახლაც ომამდელ პერიოდთან შედარებით „შავი ოქრო“ მაინც 25%-ით უფრო ძვირია.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ავტოგასამართ სადგურებზე ფასები რეკორდებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ხსნიდა და მაღალი ფასი ახლაც ნარჩუნდება. ამ ეტაპზე ბრენდულ სადგურებზე 1 ლიტრი "რეგულარის" ღირებულება 3.75-3.84 ლარს შეადგენს, "პრემიუმი" 3.94-4.05 ლარი ღირს, "სუპერი" - 4.05-4.19 ლარი, დიზელის ფასი კი 4.10-დან იწყება და 4.48 ლარსაც აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე