მსოფლიო ბანკი უკვე ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი, რასაც ადგილობრივი შემფასებლები იზიარებენ
გვანცა წულაია
(12.04.2022)

საქართველოს ეკონომიკამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, კიდევ ერთ გამოცდას უნდა გაუძლოს. ოკუპანტი ქვეყნის აგრესიამ, ბუნდოვანი პერსპექტივა გააჩინა. კვლევითი ორგანიზაციების და სპეციალისტების აზრები ორადაა გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ წელს ქართული ეკნომიკა პროგნოზირებულად ვერ გაიზრდება, მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

საქართველოს ეკონომიკამ 2022 წელს კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ოკუპანტი ქვყენის აგრესიამ და უკრაინაში შეჭრამ ყველაფერი გააფუჭა. რადგანაც რუსეთიც და უკრაინაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან, მათთან არსებული ვითარება, გავლენას ჩვენს ქვეყანაზეც მოახდენს.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნებზე. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ომის ზემოქმედების გამო შენელდება.

"წელს მოსალოდნელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკის ვარდნა 4.1%-ით, ომამდე პროგნოზირებული3-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, რამდენადაც ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ემატება პანდემიის მიმდინარე ზემოქმედებას. ბოლო წლების განმავლობაში ეს მეორე ეკონომიკური რეცესია იქნება, რომელიც თავისი მასშტაბით ორჯერ გადააჭარბებს პანდემიით გამოწვეულ 2020 წლის ეკონომიკურ ვარდნას.

უკრაინის ეკონომიკაში სავარაუდოდ 45.1%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, თუმცა, მისი სიმძლავრე დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. უპრეცედენტო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია, რის გამოც მთლიანი გამოშვება 2022 წელს 11.2%-ით შემცირდება.

უკრაინაში მიმდინარე ომი სავარაუდოდ, ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო. 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5%-იანი ზრდის ნაცვლად მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის 2,5%-მდე შემცირება. საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს", - აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

სრულიად საპირისპირო მოსაზნება აქვთ ადგილობრივ ორგანიზაციებს. "თიბისი კაპიტალის" მაკრო მიმოხილვის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები.

"მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა შემუშავებული საბაზო სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები. როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების პოტენციალი, დაახლოებით, 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს. ამასთან, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაომდ გრადობას ინარჩუნებს.

კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე, პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება", - აცხადებენ "თიბისი კაპიტალში".

ომის დაწყებამდე საქართველოს ეკონომიკას ორგანიზაციები და სპეციალისტები განვითარებას და ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რუსეთის აგრესიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკონომიკა, რომელიც, პანდემიის შემდეგ, გამოცოცხლების ეტაპზე იყო, ახლა შესაძლოა, უკრაინაში ოკუპანტი ქვეყნის შეჭრის გამო, ისევ კრიზისში აღმოჩდეს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რა პრობლემები შეექმნება ქვეყანას და მის ეკონომიკას. ზრდის პროგნოზები კი, რომელიც წლის დასაწყისში გაკეთდა, ბევრად ნაკლები იქნება.

"ეკონომიკური პროგნოზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. იგი დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა სცენარზე, რომელიც არ ვიცით, რა მიმართულებით განვითარდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკას სავარაუდოდ, შეექმნება პრობლემები, მაგრამ ეს რა მასშტაბის იქნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდის ის პროგნოზი, რომელიც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული, მასზე ბევრად უფრო ნაკლები იქნება. სხვა, უფრო მეტი დეტალისა და ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელია”, - განუცხადა აკაკი ცომაიამ "რეზონანსს”.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზრდა, თებერვალში კი 14.6%-ით, ხოლო ორივე თვის საშუალო მაჩვენებლი 16.3%-ია. მარტის თვის ეკონომიკური შედეგი აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება, სადაც სავარაუდოდ, ასახული იქნება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი.

საგულისმოა ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზიც. ბოლო შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3-4%-ით გაიზრდება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ცენტრალური ბანკი 5%-იან მატებას პროგნოზირებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე