ლევან სილაგავა: "ნამდვილად მიდიოდა საუბარი, მაგრამ შემდგომ რა მოხდა, ჩვენ საქმის კურსში არ ვართ"
გვანცა წულაია
(12.04.2022)

საქართველოში ხორბლის სუბსიდირებაზე მუშაობა შეჩერებულია. პროგრამა, რომელიც აპრილ-მაისში უნდა ამოქმედებულიყო, აღარ განხორციელდება. მთავრობა ამ ეტაპზე ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს, არადა, ამ დროს, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მინიმუმამდე დავიდა.

ხორბალზე დაწესებულმა გადასახადმა საქართველოში დიდი პრობლემები შექმნა. მცურავმა ბაჟმა, რომელიც რუსეთმა გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, ხორბალი უფრო მეტად გააძვირა. მას შემდეგ, ქვეყანაში ფქვილის შემოტანა უფრო იაფი ჯდება და ორიენტირიც ამ მიმართულებით გაკეთდა. ამას ემატება საერთაშორის ფასი, რომელიც პიკშია. 1 ტონა ხორბლის ღირებულება 400-დან 420 დოლარის ფარგლებშია.

მართალია, სასწორის პინა ფქვილის იმპორტის მიმართულებით არის გადახრილი, მაგრამ არსებობს მეორე მხარე - წისქვილკომბინანტები, რომელთა დიდი ნაწილი დაიხურა, რადგან ქვეყანა ფქვილს უფრო მეტად ყიდულობს.

საკითხის მოსაგვარებლად უკვე რამდენიმე თვეა, სამმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს მთავრობას, მეპურეებს და მეხორბლეებს შორის, მაგრამ, როგორც „რეზონანსმა” გაარკვია, წისქვილკომბინანტების მხარე პროცესებიდან გათიშულია.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავს. არადა, ქვეყანაში სულ რამდენიმე წისქვილკომბინატიღა მუშაობს, ისიც მცირე რაოდენობით და ხორბლის ერთი თვის მარაგია დარჩენილი.

„ხორბლის სუბსიდირების ამუშავების პროცესი ნამდვილად შეფერხდა. სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე, სუბსიდირება საჭირო არ არის. პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო პურის ფასი და ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემოტანილიყო. შესაბამისად, ამაზე მიდიოდა საუბარი, თუმცა შემდგომ რა მოხდა, ჩვენ საქმის კურსში არ ვართ.

შეხვედრები იყო სამმხრივი: მთავრობა, მეხორბლეთა ასოციაცია და პურის მწარმოებელთა ასოციაცია. ახლა ჩვენ პროცესიდან გათიშულები ვართ და ურთიერთობენ მთავრობა და პურის მწარმოებლები. მეპურეების ფქვილის იმპორტისკენ იხრებოდნენ და შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაც არის ფქვილის მარაგებიც და პურის ფასის შენარჩუნებაც. ამიტომ ორიენტაცია ფქვილის რაოდენობაზეა, რომელსაც პურის ქარხნები აკონტროლებენ.

ახლა ქვეყანაში დიდი რაოდენობით ფქვილი შემოდის, ხორბალი კი ძალიან მცირე, რადგან გადასახადებში არის ძალიან დიდი დისბალანსი. 1 ტონა ფქვილის იმპორტზე გადასახადი ნულოვანია და 100 დოლარია ხორბლის იმპორტზე. მეპურეებმა თქვეს, რომ მათ ფქვილის შემოტანა უფრო აწყობთ, ვიდრე ადგილობრივი წისქვილებიდან აღებული და ფასს შეინარჩუნებდნენ, ანუ პური არ გაძვირდებოდა. ჩვენი პრიორიტეტი უფრო იყო ის, რომ ქვეყანაში მარაგები ყოფილიყო და ადგილობრივ წარმოებას ემუშავა.

დღესდღეობით მუშაობს მხოლოდ რამდენიმე წისქვილკომბინანტი და ისიც მცირე სიმძლავრით. შესაბამისად, ხორბალიც შემოდის ცოტა. რამდენჯერმე თქვეს მინისტრებმა, რომ ისინი აკონტროლებენ და მონიტორინგს უწევენ სიტუაციას და ახლა ქვეყნისთვის პრობლემა არ არსებობს. თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, მარაგების და ფასის მხრივ, ისინი ჩაერვიან.

ამჟამად ხორბლის მარაგი არის, დაახლოებით, ერთი თვის, რადგან ცოტათი შეივსო, მაგრამ ცოტაც დაიხარჯა. ფქვილის საკითხი კი არ ვიცი, თუმცა ამბობენ, რომ მარაგი არის”, - განუცხადა „რეზონანსს” ლევან სილაგავამ.

ხორბლის იმპორტიორები 2021 წლის სექტემბრის შემდეგ მთავრობას, ქვეყანაში ხორბლის იმპორტის კლებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის დაბალანსების მიზნით, შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებას სთხოვდნენ და არსებობდა მოლოდინიც, რომ სუბსიდირება კიდევ ერთხელ ამოქმდდებოდა, მაგრამ, ამ ეტაპზე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას მთავრობა არ აპირებს.

სწორედ ამაზე საუბრობს წისქვილკომპინანტ „ბარაქას” ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბიძინაშვილიც, რომელიც ადასტურებს, რომ ხორბლის სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობა შეჩერებულია.

„სუბსიდირებასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები იყო მიღებული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სუბსიდირებაზე მუშაობის პროცესი შეჩერებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბაზრო პოლიტიკა იყოს ჯანსაღი. იმ პირობებში, როდესაც ხორბლის ექსპორტი დამატებითი გადასახადი 100 დოლარამდეა, ხოლო ფქვილის იმპორტი უფრო იაფი გამოდის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გადასახადი ფქვილის იმპორტზეც დაწესდეს, ან გვქონდეს შეღავათი, რომ ფქვილის იმპორტს კონკურენცია გავუწიოთ.

დღეს რამდენიმე წისქვილი გაჩერებულია, დარჩენილი ნაწილი კი 40-50%-იანი დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა ბიძინაშვილმა „ბიზნეს მედიასთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე