„ისევე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, უნდა გავხსნათ პროცესი და ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობპროდუქტი"
ქეთო გოგოხია
(11.04.2022)

მთავრობა საწვავის გაიაფების გზებს ეძებს. არ არის გამორიცხული, რომ გამოსავალი უკვე იყოს ნაპოვნი, რამდენადაც პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დამაჯერებლად განაცხადა, რომ  ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი შემცირდება. სავარაუდოდ, ფასების კლების მიმართულებით მოლაპარაკება წარიმართება მწარმოებელ ქვეყნებთან დაახლოებით იმ ფორმატში, როგორიც ეს თურქეთიდან  იაფ  წამლებთან დაკავშირებით განხორციელდა. გარდა ამისა, გლობალური მოცემულობა ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ფასების შემცირების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის მიმართულებით ძალიან პოზიტიური მოლოდინია, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასიც შემცირებულია და   ნავთობიმპორტიორები შეძლებენ ფასების დაკორექტირებას, რისი შესაძლებლობაც რეალურად არსებობს.

„ბოლო ინფორმაციით, საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია და ლარიც გამყარებულია. მაქვს მოლოდინი, რომ იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენენ ფასების კორექტირებას. აქაც, ისევე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, უნდა გავხსნათ პროცესი და ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობპროდუქტი იმიტომ, რომ უფრო მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს.

„ყურადღებით დავაკვირდებით ყველა კეთილსინდისიერი იმპორტიორის ქმედებას, მათ ქცევას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე შემცირდება საწვავზე ფასებიც, თუ რაიმე რადიკალური ცვლილება კიდევ არ განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საწვავის გაიაფების შესაძლებლობას ეხმიანება ფინანსთა მინისტრიც. ლაშა ხუციშვილი მთავარ პირობად ლარის გამყარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებას მიიჩნევს. 

„ფასის ინდიკატორი არის დადებული კონტრაქტები. ამ კონტრაქტებზე ფასი შემცირებულია, ვიდრე წინა თვეში იყო. ბუნებრივია, ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის გავლენას, თუმცა ამ მიმართულებით ვხედავთ, რომ სტაბილურობა შეინიშნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება სარეალიზაციო ფასზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთი მხრივ, შემცირებული საწვავის ფასი ახალ კონტრაქტებში და, მეორე მხრივ, შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასის კორექტირება უნდა დაიწყოს შემცირების მიმართულებით”, - განაცხადა  ხუციშვილმა.

სამთავრობო სექტორის განცხადებას ეხმაურებიან ფინანსური სფეროს წარმომადგენლებიც, რომელთა შეფასებითაც, გლობალურ ბაზარზე  სიტუაცია შეიცვალა და იმპორტიორებს ნამდვილად მოუწევთ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ საწვავის ღირებულება შეამცირონ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა საწვავი უნდა გაიაფდეს და ეს უნდა მოხდეს აქციზის გადასახადის შემცირების გარეშეც.

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით ნებისმიერ ვარიანტში გლობალურ პროცესებზე ვართ დამოკიდებული. ახლა დანამდვილებით არის შესაძლებელი ფასების კლებისკენ ნაბიჯის გადადგმა. ამ მხრივ მთავრობის მხრიდან საუბარი ძალიან დროული  და რეალურია. საერთაშორისო ბირჟებზეც დაიწყო ნავთობის გაიაფება და  კურსიც საგრძნობლად გამყარდა. ამდენად, კომპანიებს აქვთ რესურსი, დაიწყონ გაიაფება. ეს არ იქნება მკვეთრი, მაგრამ ფასების კორექტირება ნამდვილად შესაძლებელია.

არ დავიწყებ საუბარს იმაზე, რომ აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს, მესმის, რომ ეს ფასების კლების მხრივ დიდ ცვლილებას გამოიწვევს, მაგრამ ბიუჯეტისთვის მძიმე დარტყმა იქნება. თანაც, საინტერესო იყო ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების საფუძველზე მოხდება საწვავის გაიაფება, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში განხორციელდა, მაგრამ აქ უკვე სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და გვითხრას, როგორ და რის საფუძველზე დაიდება შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასის წილი ინფლაციაში 4%-ის დონეზეა.  ამ მიმართულებით ფასების ზრდა იწვევს იმ პროდუქტების გაძვირებას, რომელთა გაიაფების ტენდენცია შემდეგში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საწვავის გაიაფების პოზიტიურ გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას.

 „სამომხმარებლო კალათაში საწვავი ისეთი კომპონენტია, რომ ფასებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტი აქვს. როდესაც ძვირდება, ვთქვათ, ბენზინი, მატულობს ტრანსპორტირების ხარჯი და ძვირდება  ნებისმიერი სახის პროდუქცია. ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციასა და ფასების ზრდას. ინფლაციაში საწვავის წილი არის 4%-ის ფარგლებში, მაგრამ არაპირდაპირი მაჩვენებელი 2,5-3-ჯერ მეტია, ანუ თუ ძვირდება ნავთობი 10%-ით, ეს იწვევს პირდაპირ ფასების ზრდას 0,4%-ით, მაგრამ  მთლიანობაში მისი გავლენა იქნება გაცილებით მეტი, დაახლოებით, 1,2-1,4%-ის ფარგლებში.

ჩვენ ჩამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე  და ადგილობრივი წარმოება  ფაქტობრივად არ გაგვაჩნია. თუკი საწვავი  გვიძვირდება 3 საფეხურით და მერე იკლებს 1 ან 2 საფეხურით,  სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია დარჩება ძალაში და საერთო ინფლაციის მაჩვენებლებში აისახება. სწორედ ამიტომ საწვავის გაიაფება ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

მისი აზრით, საწვავის ფასი შეიძლება მხოლოდ გლობალური ფაქტორიდან გამომდინარე შემცირდეს, რისთვისაც ბაზარი ფაქტობრივად, მომწიფებულია და ვითარება უახლოეს პერიოდშიც შეიძლება შეიცვალოს, თუმცა გაიაფების რესურსი ადგილობრივი ბაზრისთვის რეალურად საკმაოდ მწირია.

 „ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტში სხვადასხვა ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული, როგორებიცაა  რუმინეთი, იტალია, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვა, რომლებიც ძირითად ნავთობმომწოდებელ ქვეყნებს წარმოადგენენ.  შესაბამისად, ფასი ყალიბდება მსოფლიო ბაზრის მიხედვით. თუ შეიცვალა გლობალურად სიტუაცია, მაგალითად, მიდის საუბარი, რომ აშშ ხსნის თავის საცავებს, ამასთან, თუკი ვენესუელასა და ირანს  მოეხსნებათ გარკვეული სანქციები, ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაკადები მოხვდება ბაზარზე, რაც გაიაფებას გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბით და გარკვეულ სარგებელს ქართველი მომხმარებელიც იგრძნობს. ვეთანხმები პრემიერს, რომ მალე დაიწყება გაიაფების ტენდენცია, სიტუაცია ამისთვის მომწიფებულია“, - განაცხადა არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის, ბარელი ნავთობის ფასი უკვე 100-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. „ბრენტის" მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ღირებულება 99 დოლარამდე შემცირდა, ამერიკული „ლაითისა" კი _ 94 დოლარამდე. ფასების ვარდნა საწვავის ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა. შესაბამისად, პრემიერის მოწოდება, რომ ნავთობიმპორტიორებმა საწვავის გაიფებაზე იზრუნონ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და დროულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე