„უკვე დადგა პერიოდი, რომელიც დოლარის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ"
ქეთო გოგოხია
(11.04.2022)

რეგიონში ეროვნული ვალუტების გამყარების ტენდენცია გრძელდება. გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებას დოლარის პოზიციების შესუსტება განაპირობებს, რამდენიმე სხვა ფაქტორიც უწყობს ხელს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი სავალუტო ბაზარზე არ აისახოს. აშკარაა, რომ ომი და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები სავაჭრო-ეკონომიკურ სტაბილურობას დიდ რისკს უქმნის, თუმცა ვერაფერს აკლებს ეროვნულ ვალუტებს, რომლებიც ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში მყარდება.

მათ შორის უკრაიანში, ომის პირობებში, 1 დოლარი 29 გრივნა ღირს, როცა ომამდე 26 გრივნა ღირდა და ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა. აღსანიშნავია, რომ, 28 თებერვლის შემდეგ, „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე გრივნაზე ვაჭრობა საერთოდ არ იმართებოდა და იგი 18 მარტიდან აღდგა. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას უკრაინული ვალუტა 0.23%-ით გაუფასურდა, ხოლო მარტის ბოლო სავაჭრო კვირას მცირედით - 0.18%-ით იყო გამყარებული.

გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს რუსული რუბლი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო აშშ-ისა და ევროპის კავშირის მიერ სანქციები დაწესდა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მაგალითად, მარტის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 22.38%-ით გამყარდა, მარტის ბოლო სავაჭრო კვირას კი რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 15.89%-ით იყო გამყარებული, ხოლო აპრილის პირველ სავაჭრო კვირას _ 5.88%-ით. ამდენად, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსის ნიშნული 24 თებერვლამდე არსებულს დაუბრუნდა. ამ ეტაპზე რუსული რუბლი დოლართან 79-80-ის ფარგლებშია.

აზერბაიჯანულ მანათს საერთოდ არ შეუცვლია პოზიცია და ომამდეც და მიმდინარე პერიოდშიც  1,69-ის ნიშნულზეა.

მეტ-ნაკლებად მყარია ლარიც, რომლის კურსი ამჟამად 3,07-ს შეადგენს და, დაახლოებით, ომამდელ მაჩვენებელს უტოლდება. 

როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აღნიშნავს, ქართული ვალუტის სიმყარე, ძირითადად, ხელოვნური პროცესია და მისი სტაბილურობა ინფლაციის მოთოკვას ემსახურება.

„ლარის გამყარება უფრო ხელოვნურად ხდება და ემსახურება ფასების სტაბილიზაციას. ვინაიდან იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და მსოფლიოში პროდუქტებსა და ნედლეულზე ფასები იზრდება, ამიტომ გამყარებული ლარი ფასების შემდგომ ზრდას, ასე თუ ისე, აბალანსებს.

რაც შეეხება უკრაინული გრივნის გამყარებას, მოსალოდნელიც იყო. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უკრაინამ დიდძალი ფულადი დახმარება მიიღო. შესაბამისად, ეს უცხოური ვალუტები ბაზარზე ხვდება და გრინვაში იცვლება, რაც მასზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს და ბუნებრივად იწვევს გამყარებას.

რუსულ რუბლთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: მას შემდეგ,  რაც რუსეთმა საექსპორტო ნედლეულისა და საქონლის მხოლოდ რუბლებში გაყიდვა დააწესა, თავისთავად რუბლზე გაიზარდა მოთხოვნა, შესაბამისად, რუბლის გამყარებაც არ უნდა გაგვკვირვებოდა.

საერთოდ კი, უკვე დადგა პერიოდი, რომელიც დოლარის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისად უნდა განვიხილოთ, ანუ დოლარი კარგავს ფუნქციას, როდესაც იყო ლამის ერთადერთი სარეზერვო ვალუტა და საერთაშორისო ვაჭრობაში ინვოისების 90% სწორედ მასზე მოდიოდა. უკვე ვხედავთ, რომ, მაგალითად, არაბული ნავთობი იყიდება ჩინურ იუანში, ინდოეთი რუბლებითა და რუპიებით ვაჭრობს რუსეთთან  და სხვა. შესაბამისად,  დროთა განმავლობაში დოლარზე მოთხოვნა შესუსტდება და ავტომატურად  ნაციონალური ვალუტების გამყარებას შეუწყობს ხელს, ეს პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია“, - განმარტა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტების გამყარება დროებითი პროცესია და სიტუაცია შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ფინანსური ბაზრის მკვლევარის, ვახტანგ ხომიზურაშვილის აზრით, უცხოურ ვალუტაში ვაჭრობის შემცირება ეროვნული ვალუტების გამყარებაზე საგრძნობ გავლენას ახდენს, მათ შორის _ სანქციები. ეს განსაკუთრებით რუბლს შეუქმნის  პრობლემას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეკონომიკაში ძალიან რთული პროცესებია მიმდინარე ომის პირობებში და ქვეყნებს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. ახლა ეროვნული ბანკის ყველა ღონისძიება ფაქტობრივად, ამისკენ არის მიმართული, რომ ლარზე წნეხი შემსუბუქდეს.  მთლიანობაში, რაც ეროვნულ ვალუტებთან მიმართებაში ხდება, დროებითი მოვლენაა. რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ გამოჩნდეს რეალური სურათი, ბევრი კომპანიის აქციები ვარდება, საკმაოდ გაუფასურებულია მათი ღირებულება.

ეკონომიკა რუსეთში მთლიანად პარალიზებულია, თუმცა იმის გამო, რომ დოლარზე ვაჭრობა შემცირებულია და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არის, რუბლი მყარდება. ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში ცენტრალურ ბანკს რუბლის გამყარება საკმაოდ გაუჭირდება, მით უმეტეს, ჯერ კიდევ არ ჩანს საქციების შედეგი, ცოტა ხანში ალბათ, უფრო ნათლად იქნება გამოკვეთილი და რუბლთან მიმართებაში გარკვეული პრობლემა შეიქმნება“, - აღნიშნა ხომიზურაშვილმა და დასძინა, რომ სამომავლოდ დოლარი პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს, თუმცა ამის მიღწევა განსაკუთრებით ევროს გაუჭირდება ევროპაში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესის გამო.

„დოლარის პოზიციები არ მგონია, სუსტდებოდეს, ნაწილობრივი გაუფასურება იქნება, მაგრამ ის არის სარეზერვო ვალუტა და რაც უფრო დრო გავა, გამყარდება თუნდაც ევროსთან. ევროპის ქვეყნები საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან და უფრო მძიმე მდგომარეობაშიც აღმოჩნდებიან. ევრო აშკარად შესუსტდება რაღაც პერიოდის შემდეგ და არაერთ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება, როგორებიცაა  ენერგომატარებლების გაძვირება, ბევრი ქარხანა ჩერდება, მიწოდების მხრივ შეფერხებაა, ასევე, ავტომობილების ინდუსტრიასა და წარმოების სხვა დარგებში იგრძნობა კრიზისი, რაც ევროს კურსზე ნეგატიურად იმოქმედებს“, - განაცხადა ხომიზურაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე