"სლავური წარმოშობის ადამიანების გარდა, დღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში თითქმის ვერსად შეხვდებით“
რეზონანსი
(07.04.2022)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაცემს ხელოვნურად ზრდის. საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან  შემოსულ მოქალაქეებს უწყება ტურისტებად აღრიცხავს, რაც სტატისტიკაზე დადებითად აისახება. ცალკე პანდემიის, ცალკეც ომის გამოისობით დაზარალებულ ინდუსტრიაში 52%-იანი წინსვლა აშკარად გადაჭარბებული მაჩვენებელია და რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, რაზეც სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ და ადასტურებენ, რომ ტურისტული კომპანიების დიდ უმეტესობას მარტში საერთოდ არ უმუშავია.

ფაქტი, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა და ისინი ტურისტებად უნდა მივიჩნიოთ, ბიზნესის წარმომადგენლები არასწორად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ამტკიცებს, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5%-ს შეადგენს.

„2019 წელთან მიმართებით, 2022 წლის მარტში, ტურისტების რაოდენობის აღდგენამ 48% შეადგინა, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ეს არის იმ მრავალი აქტივობის შედეგი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებისათვის განვახორციელეთ. სრული სურათი რომ დავინახოთ იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს, რაც ძალიან იმედისმომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ასეთი თითქოსდა დადებითი სტატისტიკის ფონზე, ტურისტულ კომპანიებში მარტს ყველაზე ცუდ პერიოდად მიიჩნევენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. „ტრეფიკ თრეველის“  ხელმძღვანელი  ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, რომ ტურისტული ნაკადები აღნიშნულ პერიოდში თითქმის არ შემოსულა, გარდა რუსი და ბელარუსი მოქალაქეებისა, რომლებიც რეალურად არ არიან ტურისტები.

,,დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაგვაჩნია და თამამად შემიძლია ჩემი კოლეგების სახელითაც ვისაუბრო. რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ფაქტობრივად, არ მეგულება ისეთი კომპანია, ვინც ტურისტების შემოყვანა შეძლო. განსაკუთრებით ვინც ევროპის მიმართულებით მუშაობს, დროებით ტაიმაუტი ავიღეთ. ასეთ რთულ სიტუაციაში მაღალი რისკის რეგიონში დასვენება არავის სურს და ეს ბუნებრივი რეაქციაა. ყველა პროფესიონალი გიდი თუ ტურისტული კომპანია ახლა მდგომარეობის გამოსწორებას ელოდება.

თუმცა 2021 წლის მარტიდან მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, ვინაიდან ქვეყანაში  შემოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა და ამან დამსვენებლები წაახალისა. ვერც კი შევადარებთ ომის ეფექტს კორონავისრუსთან, 2022  წლის მარტიდან სექტორი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე პანდემიურ პერიოდში. თუკი ვინმე საუბრობს, რომ მიმდინარე  წლის მარტში, 2019 წლის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა თითქმის 50%-ით აღდგა, ჩვენ, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ვამბობთ, რომ ამ პერიოდში საერთოდ არ გვიმუშავია და ასეა სექტორის დიდი უმეტესობა“, -  განაცხადა ,,რეზონანსთან“ ცოტნე ჯაფარიძემ.

წლევანდელი მარტი რთული აღმოჩნდა რუსეთსა და უკრაინაში მომუშავე ტურისტული კომპანიების იმ ნაწილისთვისაც, რომლებმაც აგრესორი ქვეყნიდან არატურისტული მიზნით მოქალაქეების ნაკადების მიღებაზე უარი განაცხადეს.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ინვენიო თრეველი“, რომლის დამფუძნებელმა და დირექტორმა  ნატალია კლიმიაშვილმა განაცხადა, რომ  რუსეთიდან და ბელარუსიდან, ძირითადად, მოქალაქეების ის ნაწილი ჩამოვიდა, ვინც სანქციებს გამოექცა. ზოგს არ სურდა, ომში გაეწვიათ, ზოგი - საკუთარი ბიზნესის გადარჩენა ცდილობდა.

,,რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მოქალაქეებს ტურისტები ნამდვილად არ ეთქმით. ისინი საკმაოდ დიდი ხნით ჩამოვიდნენ საქართველოში და  ცდილობენ აქ მოიკიდონ ფეხი, ამ მიზნით ყიდულობენ უძრავ ქონებასაც, რის გამოც მოიმატა  როგორც გაყიდვების, ასევე ბინის ქირამაც, ათასობით ადამიანია ჩამოსული, დიდი ხნით სასტუმროებში ვერ გაჩერდებიან, ამიტომ ეძებენ სახლებს, სადაც იცხოვრებენ, მათ ტურიზმის რანგში ვერ განვიხილავთ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოში შემოსული მოქალაქეების 30-40% ბელარუსები არიან, დანარჩენი 60-70% რუსეთის დიდი ქალაქებიდან, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდებია. ცხადია, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში დასასვენებლად არავინ ჩამოვა, ყველა ხედავს ომის რისკს, რუსეთისგან  არაფერს არ გამორიცხავენ. ღმერთმა ნუ ქნას,  ეს ნეგატიური მოლოდინი გამართლდეს, თუმცა ტურისტების განწყობა აშკარად შეიცვალა. ეს იგრძნობა კიდეც, სლავური წარმოშობის ადამიანების გარდა, დღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს თითქმის ვერსად შეხვდებით“, - განაცხადა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა.

სექტორში  წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოხდეს და  აზერბაიჯანის, ასევე აზიის  და არაბული ქვეყნებიდან ჩანაცვლდეს ის ნაკადები, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა. თუმცა, თუკი ესკალაცია გამკაცრდება, ეს მოლოდინი შეიძლება გაქარწყლდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე