პრემიერის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად 2022 წელს ყველა სფეროში გარდამტეხი ცვლილებები მოხდება
ირაკლი ლომიძე
(13.01.2022)

საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდი ალბათობით, 2022 წელსაც შენარჩუნდება. მთავრობის პათოსს ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით სპეციალისტებიც იზიარებენ. ტრენდი შენარჩუნდება და სწრაფი აღდგენის ტემპი იქნება შეუქცევადი, საქართველოს ექნება როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი.

სპეციალისტების შეფასებით, ამის საფუძველს იძლევა 2021 წლის სარეკორდო მაჩვენებელი, უპრეცენდენტოდ გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი, ადგილობრივი წარმოების ტემპიც. შესაბამისად ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მიმდინარე წელსაც  მაღალ ზრდას პროგნოზირებს.

,,ნიშანდობლივია, რომ წლიური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი მეტი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე, რაც 10%-ს შეადგენს, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზეც. მაღალ ზრდას განაპირობებდა ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, რაც 11 თვის მონაცემითაც კი 21 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს და წლის ბოლოს გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი იქნება. ტემპით მხოლოდ ირლანდიას ჩამოვრჩებით, ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზითაც, მომავალ წლებშიც ჩვენ გვექნება ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 5.5-6.5 პროცენტის ფარგლებში. 

ამ პირობებში მთავარ გამოწვევად ინფლაციის მაღალი დონე რჩება, რაზეც გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. თუმცა, ფასების ინდექსი შემცირებას უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაიწყებს და წლის ბოლოს მიუახლოვდება დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ გიორგი ცუცქირიძემ. 

მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, დადებითად აისახა საგარეო ვალის მშპ სთან თანაფარდობის პროპორციაზეც, და მიმდინარე წელს მშპ-სთან მიმართებით, საგარეო ვალი 61%-დან, 51,1%-მდე შემცირდება.

,,პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად თითქმის ორჯერ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც და 4,2% იქნება. 2022 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთი მახასიათებელი გაზრდილი კაპიტალური ხარჯებია, რომლის სიდიდეც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება და პანდემიის მიუხედავად 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც ჯამში მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს. ეს მთლიანად თავსებადია პრემიერის დაანონსებული ახალი სოციალური პოლიტიკის სტრატეგიასთან, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონებში გადატანით, ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას ითვალისწინებს. ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, იგი სიღარიბის შემცირების კარგი წინაპირობა გახდება”, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკური სექტორის მინისტრებისა და მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ. მისი აზრით, შარშან ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირებაზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. 

,,ყველა წინაპირობა არის იმისა, თამამად ვთქვათ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ამაზე ძალიან ბევრმა მიმართულებამ იმოქმედა. ერთადერთი, რაც სათანადოდ ვერ აღდგა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება, ეს არის ტურიზმის სექტორი და ვფიქრობ აქაც საკმაოდ კარგი შედეგები გვექნება. 2020-2021 წელი სრულად იქნა ათვისებული იმისათვის, რომ მომხდარიყო გადაიარაღება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ანუ დღეს ტურიზმის სექტორი უფრო მეტად მომზადებულია“, - განაცხადა ანგურიძემ. 

ამდენად, სპეციალისტები ცალსახად აცხადებენ, რომ  პრემიერის ახალმა პოლიტიკამ ქვეყანას დადებითი შედეგები მოუტანა. თუმცა მიმდინარე წლის ერთ-ერთ ეკონომიკურ გამოწვევად ინფლაციას მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ანდრია გვიდიანიც.

,,ინფლაციის მაჩვენებელი წინა წელს მაღალი იყო, ამას არავინ უარყოფს, თუმცა აქ არის მთელი რიგი გარემოებები - საერთაშორისო მასშტაბით გაძვირებულია სასურსათო პროდუქტები, ლოგისტიკისა და გადაზიდვის ხარჯები, ნავთობის ღირებულება, ამან იქონია გავლენა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე. ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისგან გადაიდგა, ორიენტირებული იყო ინფლაციის დონის შემცირებაზე, თუმცა საგარეო ფაქტორები არის ის გამონაკლისი, რომელზეც ჩვენ ზეგავლენას ვერ ვახდენთ. ბუნებრივია, რომ პანდემიის პირობებში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოზე“, - განაცხადა გვიდიანმა. 

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის მიუხედავად ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ 2022 წელს მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა უფრო მეტად გამოჯანსაღდეს მსოფლიოში და ეს გავლენას საქართველოზეც მოახდენს. შესაბამისად, ჩვენთან ზრდის ტემპის შენარჩუნდება. 

"ძალიან კარგი ტემპი გვაქვს აღებული და ახლა მათავარი მისი შენარჩუნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფლაციაა, რომელიც დიდი პრობლემაა მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. იმედი მაქვს, რომ 2022 წელს თუ განსაკუთრებულმა კოვიდსირთულემ თუ ხელი არ შეგვიშალა და რეგიონში  სტაბილურობაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება, არ უნდა გაგვიჭირდეს, რომ  ყველანიარად გადავასწროთ 2019 წლის შედეგებს და გვქონდეს მნიშვნელოვანი ძვრა სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  2022 წელს არა მარტო ძველი შედეგები გავაუმჯობესოთ, არამედ ახალი მიმართულების განვითარებაზეც ვიფიქროთ“, - აღნიშნა ჭარაიამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 11 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. დაახლოებით დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით - 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე