თამთა ჩაჩანიძე
(02.07.2020)

ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოაქცია, რომლებიც კოვიდ-19 ის გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხოა - საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც 15 უსაფრთხო ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, სადაც არცერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა დაფიქსირებული არ არის.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეს 5-თვიანი ერთობლივი შრომის შედეგია, რომელიც ქვეყანამ გონივრულად უნდა გამოიყენოს, რათა ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ მოხდეს.

„ევროკავშირმა საქართველო დააფიქსირა როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა კოვიდ-19 ის გავრცელების თვალსაზრისით. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის მიღწევა, რომელიც ჩვენ ბოლო 5 თვის განმავლობაში ყველამ ერთად გავიარეთ.

„ საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და დაფასებას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს.

„ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ცალკეულ ქვეყნებთან „მწვანე კორიდორების" შექმნის თაობაზე მუშაობა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზოგადად მწვანე ზონად ისეთი ქვეყნები ცხადდება, სადაც ვირუსის კონტროლი ხდება და მხოლოდ ერთეული შემთხვევებია.

„საერთოდ ე.წ. მწვანე ზონად ის ქვეყნები ცხადდება, სადაც პირველ რიგში სიტუაცია კონტროლირებადია. რაც მთავარია, მასიურად ვირუსის გავრცელება არ ხდება, ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია და ამ მხრივ დაცვის სისტემები ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს.

„როცა საუბარია თავდაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ჩვენს ქვეყანაში "მწვანე ქვეყნიდან" შემოდის, უნდა მოხდეს მისი სკრინინგი და მაქსიმალურად უნდა გამოიკვლიონ, რათა ვირუსის შემოტანა უსიმპტომო ფორმების საშუალებით არ მოხდეს.

„იგივე უნდა მოხდეს მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქე დაბრუნდება, მისი გამოკვლევა ასევე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ შესაძლებელი იქნება, რომ ერთკვირიან თუ ორკვირიან იზოლაციაში ვამყოფოთ.

„ამ (მწვანე ზონის) ქვეყნებზე, ეს ერთადერთი ჰიგიენური თუ ეპიდემიოლოგიური თავდაცვაც სრულიად საკმარისი იქნება" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საზღვრის კონტროლის იდეალური ვარიანტი მოკლევადიანი ტესტებია, თუმცა მისი თქმით სანამ მსგავსი ტესტები არ არსებობს, ხელისუფლებამ საზღვარი ისევ ისე უნდა აკონტროლოს, როგორც აქამდე.

„საზღვართან იდეალური ვარიანტი იქნება, რომ იყოს რაღაცა ტესტი, რომელიც ვთქვათ პასუხს 15 წუთში გაძლევს - არის თუ არა ეს ადამიანი ინფიცირებული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჯერ ასეთი ტესტი არ არსებობს, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

„ისევ და ისევ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ ადამიანი რომელი ქვეყნიდან შემოდის, თუ ეს ქვეყანა მწვანე ზონაში არაა, რა თქმა უნდა, ის არ უნდა შემოვიდეს.

„თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და სამშობლოში ბრუნდება, რა თქმა უნდა ის პირი პირველ ჯერზე ტემპერატურაზე შემოწმებული უნდა იქნეს, გამოკვლევა უნდა მოხდეს და შემდეგ იზოლაცია. მე მაინც ასე მგონია იმიტომ, რომ სომხეთის მაგალითზე, რომ ვთქვათ, არაფერია, არაფერია იძახეს და რა დღეში არიან.

„ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ რადგან ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ვირუსმა კვლავაც იფეთქა, მაინც ყოველთვისაა იმის შანსი, რომ კორონავირუსმა კვლავ თავისი ხელი გამოიღოს და კიდევ ბევრი ადამიანი დაასნებოვნოს, ამიტომ ისევ და ისევ კვლევა და იზოლაცია" - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მესამე ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრებს გაუხსნიან, ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

ჩაწერა სახელი