თამარ შუკვანი
(07.04.2020)


სახელმწიფო 60 წელს ზემოთ მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას გეგმავს, რაც ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, ხელს შეუწყობს იმუნიტეტის გამომუშავებას და ორგანიზმი ვირუსულ ინფექციას მომზადებული დახვდება. მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტს „გადარჩენის მეტ შანსი" ეძლევა.

„თავის დროზე, ფრანგმა მეცნიერება ძალიან კარგი რაღაც თქვეს რესპირაციულ ვირუსულ ინფექციაზე - რომ ვირუსს განაჩენი გამოაქვს, რომელიც სისრულეში პნევმოკოკს მოჰყავს. ვირუსული ინფექციით ინფიცირებისას, ინტოქსიკაციის ფონზე ვითარდება გართული პროცესი. გართულებებში იგულისხმება სწორედ პნევმონია, რომელიც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ამ პნევმონიას კი მეტწილად პნევმოკოკი იწვევს.

„თუ მივაღწევთ იმას, რომ ადამიანმა იმუნიტეტი გამოიმუშაოს, ძალიან კარგი იქნება. უნდა ავწიოთ თვითონ პნევმოკოკის მიმართ იმუნური წინააღმდეგობა, რაც გამოიწვევს იმას, რომ უკვე გამზადებული იმუნური ანტისხეულებით დახვდება ვირუსულ ინფექციას და პნევმონიის განვითარების საშიშროება ნაკლები იქნება.

„თუ განვითარდება, ძალიან შემცირდება ლეტალური შემთხვევები და უფრო ადვილად მორჩება ასეთი პაცეინტი, გადარჩენის მეტი შანსი ექნება", - აღნიშნა „რეზონანსთან" ინფექციონისტმა.

ირაკლი ხმალაძე იმ ვარიანტებზე საუბრობს, რითაც შეიძლება ამ მოქალაქეების აცრა განხორციელდეს:

„თუ საუბარია ასაკოვან ადამიანებზე, უნდა გამოიყოს გარკვეული ჯგუფი, თუნდაც მოხალისეებისა, ოღონდ ეს მოხალისე სამედიცინო განათლებით უნდა იყოს, რომელიც მივა და მოახდენს აცრას წესების დაცვითა და შესაბამისი ეკიპირებით. დეზინფექცია ჩატარებული ხალხი მივა ამ ასაკოვან ადამიანებთან და გაუკეთებს აცრას.

„ან შეიძლება გაკეთდეს პუნქტები, სადაც ყველა სანიტარული წესი იქნება დაცული, ყველა უბანში. ან თუნდაც აფთიაქებშიც შეიძლება გაკეთდეს კაბინეტები. ბევრი ვარიანტი არსებობს, ეს უკვე წმინდა ტექნიკური საკითხია," - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი