„არ შეიძლება ფონდი ავალდებულებდეს ვინმეს, რაიმე თანხა შეიტანოს“ - რევაზ არველაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივაზე
თამარ შუკვანი
(25.03.2020)

სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ინიციატივის განხორციელების საჭიროებას, რომ უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ვერ ხედავს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავს ფონდებში საზოგადოება საკუთარი სურვილით რიცხავს თანხას და არა იძულებით. თანაც თავად სახელმწიფო განაცხადებს ფონდის შექმნის აუცილებლობაზე თუკი ამის საჭიროება დადგება.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელია უმუშევრობის გაზრდა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება. გამოწვევებთან გამკლავება კი მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან სახელმიწფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვა საკმარისი არ არის და აუცილებელია თითოეული მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს გამოწვევებთან ბრძოლაში.

ამასთან, მოქალაქეებმა, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს, სოლიდარობის ფონდში სავალდებულო შენატანი უნდა შეიტანონ. ფონდში აკუმულირებული თანხები კი იმ ადამიანების კოპენსირებას უნდა მოხმარდეს, როლებმაც სამსახური დაკარგეს.

ჟორჟოლიანის განცხადებით, გამოწვევებთან გასამკლავებლად ეს თანხები საკმარისი არ იქნება, აუცილებელი გახდება ბიუჯეტის კორექტირება და სხვა ღონისძიებები. ამის შესახებ დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ ჟორჟოლიანის ინიციატივას შესაძლოა სხვებმაც დაუჭირონ მხარი, თუმცა დიდი პერსპექტივა არ აქვს. სახელმწიფო უკვე იწყებს ზრუნვას იმ ადამიანებზე, ვინც უმუშევარი დარჩა.

„სახელმწიფომ თვითონ უნდა თქვას, თუ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ დამატებითი სახსრებია საჭირო. თუმცა, არ შეიძლება ფონდი ავალდებულებდეს ვინმეს, რაიმე თანხა შეიტანოს. ფონდში ნებაყოფილობით შეაქვთ შენატანი. ამ ფონდის შექმნის წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ იძულებითი შეტანა, სწორი არ არის.

„თუ ეყოლება მხარდამჭერები, პერსპექტივა ექნება, თუმცა ყოველგვარი ფონდის გარეშე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზე ისედაც შეაქვთ თანხა პარლამენტარებს, ბიზნესმენებს... აქედან გამომდინარე, ცალკე ფონდის შექმნა რას უნდა მოემსახუროს, არ ვიცი. თანაც სახელმწიფო იმათზე იწყებს ზრუნვას, ვინც უმუშევარი დარჩა.

„თვითონ კორონავირუსის დასამარცხებლადაც შეაქვთ თანხები. ასე რომ, რა პერსპექტივა ექნება ამას, არ ვიცი, ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა თუ რაიმე თანხა აკლდება, ამას სახელმწიფო იტყვის და არ დამალავს. ჩვენ ალბათ შესაბამის და საჭირო კორექტივებს შევიტანთ ბიუჯეტში," - თქვა არველაძემ.

ჩაწერა სახელი