თამარ შუკვანი
(08.11.2019)

 კინოთეატრ „ამირანთან" აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკით ერთი სამართალდამცველი ფეხის არეში დაშავდა. დაშავებული პოლიციელი კინოთეატრის შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამოა დაკავებული.

კინოთეატრთან რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა. ბერძენიშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაარიდა.

„ამირანთან" ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ბიზნესმენ ლევან ვასაძეს და მის მხარდამჭერებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლა სურთ, ხოლო „ქართული მარშის" წარმომადგენლები „ამირანში" შესვლას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებიც გამოჩნდნენ.

ისმოდა პიროტექნიკის აფეთების ხმაც. უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილია კინოთეატრის შესასვლელი და აქციის მონაწილეებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.

კინოთეატრთან ერთი პირი დააკავეს, რომლის თქმით მან არ იცის მიზეზი, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება: „ვიდექი ჩემთვის მომკიდეს ხელი და ჩამომიყვანეს," - აცხადებს დაკავებული.

„ამირანთან" ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ასეული მონაწილეა შეკრებილი. ისინი კინოთეატრში შესვლას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. პოლიცია მათ სიმშვიდისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით კინოთეატრთან რჩებიან. „ამირანთან" იმყოფებიან სასულიერო პირების ნაწილიც.

„ამირანთან" პერიოდულად ისმის შეძახილები: „სირცხვილია," „წადი..."

ცნობისათვის, ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს იმართება. პირველი კინოჩვენება „ამირანში" 19:30 საათზე დაიწყო.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები „ვერის ბაღში" შეიკრიბნენ სწორედ ჩვენების ჩაშლის მიზნით. ვასაძემ ერთ-ერთ საეკლესიო პირთან ერთად „მამაო ჩვენო" წაიკითხა. მისი თქმით, სანამ ის მის მხარდამჭერებს და საზოგადოებას მიმართავს საჭირო იყო სასულიერო პირს დაელოცა.

ჩაწერა სახელი