თამარ შუკვანი
(08.11.2019)

 „ვასაძის ხალხი მივიდა, ამიტომ ავტობუსები ფილარმონიის უკან, მელიქიშვილის ქუჩის მხარეს დგას. სიწყნარეა, უბრალოდ გზა გადაკეტეს," - აცხადებს „რეზონანსთან" სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" წევრი, გიგა მაქარაშვილი კინოთეატრ „ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის სპეციალური დანაყოფების განლაგების შესახებ საუბრისას.

თავად მაქარაშვილს საღამოს სეანსის ბილეთი აღებული აქვს და აპირებს კინოთეატრში მისვლას: „19:30 საათიან სეანსზე ბილეთი მაქვს და ამ დროისთვის მივალ," - ამბობს ის.

შსს-ს თანამშრომლები სპეციალური ტექნიკითა და ხელკეტებით შეიარაღებულები, თბილისის ფილარმონიასთან არიან მობილიზებულები. დაახლოებით ათი ავტობუსი, პოლიციის სპეციალური დანაყოფებითაა სავსე.

შსს-ს თანამშრომლების განცხადებით, ისინი არ გამორიცხავენ, რომ რეაგირება იქნება მკაცრი თუ გარკვეული პირები დაარღვევენ კანონს. მათი თქმით ყველანაირ ნორმას გამოიყენებენ წესრიგისათვის.

მაქარაშვილი შსს-ს განცხადებას დროულს უწოდებს და ვითარების დაძაბვას არ ელოდება;

„შსს-ის განცხადება ძალიან დროული იყო, რომ არ აპატიებენ არავის კანონის მიღმა გასვლას და ფილმის მშვიდ გარემოში ჩვენებას უზურუნველყოფენ. შსს-ს რეიტინგი ისედაც ძალიან დაბალი აქვს და ეს სჭირდება იმისთვის, რომ მისი რეპუტაცია გამოსწორდეს. ვფიქრობ შსს ღირსეულად დაიცავს ექვსივე ადგილას კინოთეატრებში მყოფ ადამიანებს და არ მისცემს არავის საშუალებას, ხელი შეუშალონ ფილმის ჩვენებას, რომელიც ძალიან ბევრ საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი.

„ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ შსს-მ თავისი დროული განცხადებით და შესაბამისი ძალების მობილიზებით, ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ეს მათი რეპუტაციის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებ," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

როგორც შესაბამისი უწყებაში აცხადებენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები თბილისში, „ვერის ბაღში", ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად, 16:00 საათზე შეიკრიბნენ. ბათუმში -17:00 საათზე. როგორც ლევან ვასაძის თანამოაზრემ, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ფილმის ჩვენება არ შედგეს.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, რომელიც ამ ფილმის ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

ცნობისათვის, ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. პირველი კინოჩვენება „ამირანში" 19:30 საათზე იწყება. თუმცა, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

 

 

ჩაწერა სახელი