ელზა პაპოშვილი
(08.11.2019)

 საპარლამენტო ოპოზიცია, დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველას მოუწოდებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია ჩააგდონ და პარლამენტმა მისი დამტკიცება ვერ შეძლოს. მათი აზრით, ახლა გამოჩნდება ხელისუფლება მფარველობს თუ არა სასამართლოში არსებული კლანს, რადგანაც 20 კანდიდატიდან უმრავლესობა ამ კლანის წევრია. დამოუკიდებელი დეპუტატები ყველა თავის კოლეგას პარლამენტში მოუწოდებენ, რომ სიას მხარი არ დაუჭირონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციას მიიღებენ. 

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის მსურველების მოსმენა დასრულდა. დეპუტატები 20-კაციანი სიიდან ბოლო კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენდნენ.

როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრის პროცესი, იურიდიულ კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. 

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ  მოსამართლეთა ამ სიის ჩაგდებას ალტერნატივა არა აქვს.  მისი თქმით, არ შეიძლება პარლამენტმა  არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ. 

ანა დოლიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენდნენ, ამობეჭდილი სიით მივიდა, რომელსაც წითლად ეწერა - „ჩააგდე სია“. 

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მან თავის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს სიის ჩაგდებაზე შეტყობინება უკვე გაუგზავნა და სხვებსაც მოუწოდა, დაუკავშირდნენ საკუთარ დეპუტატებს და გაუგზავნონ მსგავსი შეტყობინება.

„არ შეიძლება პარლამენტმა არჩევანი ცუდსა და უარეს შორის გააკეთოს. ამიტომაც ამ სიას ჩაგდების გარდა ალტერნატივა არა აქვს. ყველა კანდიდატი, რომელიც სიაშია, შერჩეულია მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ მიერ არის წარმოდგენილი. ამ კლანს სურს,  მთლიანად  ჩვენი სასამართლო გააკონტროლოს. ამიტომ, ქართველი ხალხის ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს - ჩავაგდოთ ეს სია და ეს უნდა მოვთხოვოთ ჩვენს დეპუტატებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი ყველა თავის  კოლეგას პარლამენტში მიმართავს და სთხოვს  კარგად გაიაზრონ რას მოემსახურება მათი ხმა. ეს იქნება ქვეყნის მომავლისთვის  თუ უბედურებისთვის.  ბესელია ამბობს, რომ პროცესმა რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა, უმძიმესი სურათი აჩვენა, რის გამოც 20- კაციან სიას უნდობლობა უნდა გამოუცხადონ. 

„სურათი ასეთია, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი, 20-დან 15 მოქმედი მოსამართლე, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა, ვერ უძლებს კრიტიკას და ვერანაირ სტანდარტს კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კუთხით.  ერთი ორი მოსამართლის გამონაკლისის გარდა, კომპეტენცისი ნაწილში უმძიმესი მდგომარეობაა. 

მოსამართლეთა ღია და საჯარო გასაუბრებამ  აჩვენა რომ შერჩეულია იუსტიციის საბჭოს მიერ არა საუკეთესო კანდიდატები, არამედ მათი უმრავლესობა  მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან, კლანთან დაახლოებულ პირებს წარმოადგენს. ამიტომ  ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში მინდა მივმართო, კარგად გაიაზრონ ქვეყნის და მომავლის წინაშე მათი ხმა რას მოემსახურება“,-აცხადებს ეკა ბესელია.  

მისივე თქმით, დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ყველასთან და არ აპირებს მშვიდად დაელოდოს კენჭისყრის დღეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეობის არც ერთ  კანდიდატის მხარდაჭერას არ  გამოუცხადებს. მისი თქმით, სიაში ერთ-ორი კანდიდატი ფარად ჰყავდათ აფარებული, დანარჩენი კი ყველა ჩინჩალაძის კლანის წევრია. 

„სიაში ფარად ჰყავთ აფარებული ერთ-ორი გვარი, რომელსც არ დავასახელებ. მაინც ვფიქრობ, სირცხვილია, როდესაც ალანიასთან, გაბინაშვილთან და სხვა ადამიანებთან ერთად ხარ სიაში წარმოდგენილი. მე არავის მხარდაჭერას არ ვაპირებ. საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან სერიოზული მობილიზაცია მოვახდინოთ, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“, თუ ისინი აპირებენ ამ ადამიანების უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად გაყვანას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოების აზრის გაგება, რამდენად ემხრობიან ისინი უვადო მოსამართლეების ინსტიტუტის არსებობას.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ  განაცხადა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატებიდან მოთხოვნებს მხოლოდ 4 აკმაყოფილებდა. თუმცა, დეპუტატს მიაჩნია, რომ წარდგენილი კანდიდატების უვადოდ გამწესებით ქვეყნის დემოკრატიას ზიანი მიადგება.

„ამ სიიდან შესაძლებელია ოთხი ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად იმ მოთხოვნებთან მიმართებით,რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. დანარჩენებმა პირადად ჩემი აზრით, ვერ დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო და შესაბამისი ცოდნის კრიტერიუმები. 

როგორც დავინახეთ, 150 კაციდან ძირითადად შეირჩა ის ხალხი, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და „კლანის“ ხელმძღვანელობასთან პირდაპირ თუ ირიბად. წარმოდგენილი სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს და დაიწყოს ჯანსაღი პროცესი. ერთადერთი, რაც კარგია, არის ის მონაპოვარი, რომელიც საზოგადოების პროტესტმა გამოიღო, ეს არის განხილვის პროცესი, გამჭვირვალობა და მისი კანონში ასახვა. ეს იყო საზოგადოების გამარჯვება. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამ პირობებში ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა იქნება სერიოზული ზიანი ქვეყნისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის",- განაცხადა გოცირიძემ.       

 

 

 

 

ჩაწერა სახელი