თამარ შუკვანი
(08.11.2019)

 „რაც უფრო მეტი პროტესტია, მით უფრო დიდია გამოძახილი და რეკლამა. ზოგი განგებ აკეთებს, დგამს. ის ხალხი, ვინც ჩვენების ჩაშლით იმოქრება, ფაქტობრივად, პიარს უწყობს ხელს," - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენების და მისი ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საუბრისას.

ქართულ-შვედური ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს იმართება. პირველი კინოჩვენება „ამირანში" 19:30 საათზე იწყება. თუმცა რადიკალური დაჯგუფებები ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები თბილისში, „ვერის ბაღში", ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად 16:00 საათზე იკრიბებიან, ბათუმში 17:00 საათზე. როგორც ლევან ვასაძის თანამოაზრე კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ფილმის ჩვენება არ შედგეს. მისივე თქმით, მათი მხარდამჭერები დასავლეთ საქართველოდან, ბათუმში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ საჭიროა საზოგადოების მხრიდან გულგრილობა იმისათვის, რომ ფილმს რეკლამა არ გაუწიონ;

„ყველას შეუძლია გააპროტესტოს. რამდენად კარგია და საჭიროა, ეს ცალკე საკითხია. ამ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი ხმაურია, მით უფრო დიდი რეკლამა კეთდება, ამ ფილმის მიმართ ინტერესიც მეტად ღვივდება. თუკი გვინდა, რომ საკითხმა არ წამოიწიოს, ერთადერთი გამოსავალი გულგრილობაა. როდესაც ამის განხილვა იწყება, ეს თავისთავად უწევს რეკლამას.

„ეს თავხედრობა იყო რეჟისორის მხრიდან თუ მართლა ინტერესი, ამის განსჯაში არ შევალ, მაგრამ თუ არ გვინდა, რომ ეს აიწიოს და გავუწიოთ რეკლამა, უპირველისია ხალხის მხრიდან გულგრილობა," - განაცხადა ნურკი ქანთარიამ.

შსს აცხადებს, რომ ფილმის ჩვენებისას უზრუნველყოფენ, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ, თუმცა თუკი ვინმე ეცდება, კანონის ფარგლებიდან გასვლას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, რომელიც ამ ფილმის ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

ჩაწერა სახელი