“ორივე ქვეყანას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ცუდი ურთიერთობა რუსეთს აწყობს - მას არ სურს, რომ მისი გვერდის ავლით კავკასიაში ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობდეს”
ელზა პაპოშვილი
(10.10.2019)

 დავითგარეჯი და გიორგი გახარიას შესრულებული მისია?! - აზერბაიჯანში ვიზიტი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე შეაჯამა და განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკება შედგა.

„ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორ მოახერხა პრემიერმა ამდენი ხნის დავის და დაძაბული სიტუაციის ფონზე ალიევთან მოლაპარაკება. მოხდა თუ არა მათ შორის გარიგება და რა გზავნილებით ჩავიდა გახარია. მითუმეტეს, რომ გახარიას განსაკუთრებული მისია დააკისრა საქართველოს პატრიარქმა და ბაქოში გააცილა სიტყვებით - „ჩვენ ვერ შევეგუებით".

9 ოქტომბერს, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს „ყველაზე ახლო მეგობარი, მეზობელი და პარტნიორი" უწოდა და არც ის დაუმალავს, რომ ახარებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - პირველად სწორედ აზერბაიჯანში ჩასულიყო.

თავის მხრივ, გახარიამ კი, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ აზერბაიჯანი პირველი ვიზიტისთვის შემთხვევით არ შეურჩევია და რომ მტრები და მოყვრები ვიზიტითა და მისი შედეგებით ბევრ რამეს დაინახავენ.

„ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები", - აღნიშნა გახარიამ.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" გამორიცხავენ, რომ გახარია ალიევთან რაიმე გარიგებაზე წასულიყო. მათი აზრით, ორივე ქვეყანას კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონში ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ და მტერზე აპელირება გახარიას მხრიდან ტყუილად არ მომხდარა. მათი აზრით, პრემიერმა სწორად გადაწყვიტა, რომ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განეხორციელებინა და ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მაღალი რანგის პირების შეხვედრის შედეგად შესაძლებელია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მართალია, ამ ერთი შეხვედრით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება, თუმცა, დაძაბული სიტუაციის დასტაბილურება შესაძლებელია. ასევე, ხაზს უსვამენ იმაზე, რომ ბოლო დროს საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას აღარ ატარებდა, ხოლო გახარიას და ალიევის შეხვედრით, შესაძლაო ორ მეზობელს შორის ახალი ურთიერთობის ფაზაც დაიწყოს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია ეს პრობლემა მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით მოგვარდება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მწვავედ მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში არ დგას.

იგივე პათოსით აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც განიცდიან. ამიტომაც, თემა საკმაოდ ფაქიზია და შესაბამისი მოპყრობაც სჭირდება. მისივე თქმით, წლების განმავლობაში პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა კონსერვაციის პირობებში გადაიყვანეს, რადგანაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არ გაჩენილიყო.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ რეგიონში ორივე ქვეყანას კარგად ესმის, ერთმანეთის თანამშრომლობის გარეშე არსებობა გაჭირდება. ეს პათოსი კი გახარიას და ალიევის შეხვედრაზე სწორად გამოიკვეთა.

„სამწუხაროდ, მოვიდა პოლიტიკოსების ელიტა, რომლებმაც ეს თემა კონსრევაციის რეჟიმიდან გამოიყვანეს. ეს ყველაფერი კი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ეს პრობლემა ხელოვნურად გააღვიძა.

"კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი მააღალი რანგის პირებმა დაიწყეს და სიტუაციის დასტაბილურება შეიძლება მოხდეს. ქართულ სამღვდელოებას წლების განმავლობაში გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შესვლის პრობლემა არასდროს ჰქონია.

"ეს თემა ამ ვითარებაში იქნება, სანამ არ მოიძებნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. მანამდე ამ თემის პედალირებას და დაჩქარებას არ უნდა ვახდენდეთ. ეს საკითხი წიხლით და სიჩქარით არ წყდება. კარგია, რომ გახარიამ ამ პრობლემის ჩაცხრობა და საწყის ეტაპზე დაბრუნება შეძლო",-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, აბსოლუტურად სწორი იყო გახარიას გზავნილი, რომელიც მტრების და მოყვარეების საკითხს ეხებოდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ორივე ქვეყანას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ცუდი მეზობლური ურთიერთობა რუსეთს აწყობს.

მას არ სურს, რომ მისი გვერდის ავლით კავკასიაში ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობდეს. ამიტომაც მისი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა დაძაბოს.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ გარეჯთან დაკავშირებული თემის წამოწევასა და შემდეგ მის განვითარებაში რუსეთის ხელიც ერიოს. აქედან გამომდინარე, გახარიას გზავნილი სწორედ მიზანმიმართული და დროულია. ხუხაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის ადგილი - აზერბაიჯანიც სწორად არის შერჩეული.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ გახარიას გადაწყვეტილება, რომ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განეხორციელებინა, მისასალმებელია, თუმცა, რამდენად შეძლო მან დავით გარეჯის პრობლემის დასტაბილურება, ამ დღეებში გამოჩნდება.

მისი აზრით, ეს არ არის საკითხი რომელიც ერთ შეხვედრით წყდება, თუმცა, საკმაოდ კარგი ჟესტია საქართველოს პრემიერის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რათა ამ საკითხით მანიპულირება დასრულდეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გახარის მხრიდან მტერთან დაკავშირებით სწორი აქცენტები გაკეთდა.

„რა თქმა უნდა, გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტი მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე შესაძლებელია მოხერხდეს ქართული მხარისთვის გადაადგილების სრული აღდგენა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, თუმცა, მგონია, რომ გახარია თავის მხრივ ალბათ ალიევს პირობას მისცემდა, რომ ნაციონალისტური და პრორუსული ჯგუფების დესტრუქციულ ქმედებებს ალაგმავდა. რაც მგონია, რომ არცთუ ისე იოლი შესასრულებელია.

რუსეთს აქვს მთავარი მიზანი, რომ აზერბაიჯანიც ოკუპანტად გამოიყვანოს და ამით ერთგვარად გადაფარონ ოკუპანტის სტატუსი. ისინი ასე იოლად არ გაჩერდებიან, ვანხოთ ამ დღეებში მოვლენები როგორ განვითარდება", -აცხადებს „რეზონანსთან" კაკაჩია.

ჩაწერა სახელი
davit (10.10.2019)
არაა აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანა მეგობარი ასე არ იქცევა.ქრისტიანულ ქვეყანას ართმევს მონასტერს მუსლიმანი ქვეყანა აი სანამდე მიგვიყვანა კორუფციამ გაუტანლობამ დაუნდობლობამ უცოდინარობამ ეს თუ ასე გაგრძელდა ჯურნალიდან კინომდე ერთი ნაბიჯი გვაშორიბს.ჩვენ თვითონ დავასამარებთ ამ ქვეყანას.ჩვენ მეგობარი უნდა იყოს ჩვენი ტვინი რაც არ გაქ.