„ამ ჯგუფის მთავარი დაინტერესება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ობიექტები იქნება“
თამარ შუკვანი
(09.10.2019)

 რუსული გასაიდუმლოებული დანაყოფი, რომელიც ევროპის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, შესაძლოა საქართველოშიც მოქმედებდეს. მეტიც, არ არის გამორიცხული, ამ დანაყოფმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა გადაწყვიტოს. ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა სპეციალისტთა ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება, რომელიც ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, რუსეთის თავდაცის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მოქმედებს დანაყოფი, რომლის მიზანიც ევროპის დესტაბილიზაციაა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასაიდუმლოებული დანაყოფის წევრები 2014 წელს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში მონაწილეობდნენ, ასევე, გარეულები არიან ისეთ ხმაურიან საქმეებში, როგორიცაა 2016 წელს მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და 2018 წელს სკრიპალების მოწამვლა.

გამოცემის ცნობით, დანაყოფი, რომლის ნომერიც არის 29 155, უკვე 10 წელია მოქმედებს და მისი შტაბბინა მოსკოვშია. დანაყოფის მეთაური კი გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვია. რუსეთის დაზვერვის საიდუმლო დანაყოფის არსებობის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც კი ბევრმა არ იცის. დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა კი ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს.

„ამ დანაყოფის არსებობა აბსოლუტურად მართალია; რუსეთის ოპერატიულ სტრუქტურებს სამხედრო ნაწილების ნომერი აქვთ მინიჭებული. ეს სამხედრო დაზვერვაში არსებული სპეციალური კონსპირაციული მოდელირების კონტექსტში ხდება, რაც სამხედრო დაზვერვის სპეციფიკაა. ის განასხვავებს საგარეო პოლიტიკის დაზვერვას და პოლიტიკური დაზვერვის სტრუქტურებს," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამერიკულ გამოცემას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ 29155-ის წევრები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ხშირად ჩადიან და დივერსიების მოწყობას ცდილობენ. გამოცემა ასევე წერს, რომ 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრალდებულებიც ამ დანაყოფის წევრები არიან.

სტატიაში ასევე ნახსენებია ჰაკერული დანაყოფი ნომრით 74455, რომელიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და დანაყოფი 99450, რომლის წევრებიც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდნენ.

ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ რუსეთს რეგიონალური წარმომადგენლებიც ჰყავდეს, როგორც ევროპის შუაგულში, ასევე კავკასიასა და კერძოდ საქართველოშიც.

„ეს არის, ფაქტობრივად, კიბერსადაზვერვო ტიპის სტრუქტურა, რომელიც კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელებისათვის მუშაობს, თუმცა, არ არის გამორციხული, ეს დანაყოფი შედიოდეს ასევე სპეციალური ოპერაციების ცენტრში, რომელიც ჰიბრიდული ომის დამახასიეთებელ სპეცოპერაციებს ახორციელებს. ამ დანაყოფის რეალური ამოცანა კიბეროპერაციების განხორციელებაა.

„მას შეიძლება თავისი რეგიონალური წარმომადგენლები ჰყავდეს, რომელიც კავკასიის ცენტრალურ მიმართულებას, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას ფარავს. სავსებით შესაძლებელია საქართველოშიც იყოს ეს სტრუქტურა.

„როგორც ჩანს, ფედერალურ სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურები კონკრეტული ტიპის ამოცანებს ახორციელებენ. მათ განაწილებული აქვთ ფუნქციები; თუ თავდაცვის სამინისტროს ჯგუფი წმინდა სამხედრო ტიპის ოპერაციების მოძიებაზე მუშაობს, მეორეს საიდუმლო ტიპის ფუნქციები აქვს კიბერშეტევები მოახდინონ, ოღონდ სამხედრო ტიპის ობიექტებზე," - აღნიშნა მან.

„რეზონანსის" კითხვაზე, რამდენად რეალურია რუსულმა დანაყოფმა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა მოინდომოს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია და საჭიროა დროული რეაგირება.

„ამ ჯგუფის მთავარი დაინტერესება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ობიექტები, ინფრასტრუქტურა იქნება; საქართველო და რუსეთი საომარ მდგომარეობაში არიან, ამიტომაც ამ სტრუქტურის მთავარი მიზანიც საქართველოში გარკვეული ამოცანების განხორციელება იქნება.

„თუკი ჩვენი სპეცსამსახურების დაინტერესება იქნება და დაინახავენ კონკრეტულ საფრთხეს, შეუძლიათ დახურულ ფორმატში სპეციალისტები შეკრიბონ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მუშაობენ; ამ საკითხის განხილვა დროული და აუცილებელია. რაც უფრო მალე გააკეთებენ, უკეთესი იქნება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ჩაწერა სახელი
tatoo (09.10.2019)
აქვს კი საქართველოს რაიმე სახის სამხედრო ობიექტები რომელიც რუსებმა არ აიციან და არ ყავთ იქ ჩანერგილი აგენტები????!!!!!