ელზა პაპოშვილი
(08.10.2019)

 20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტრთა ასოციაცია ავრცელებს.

საია-ს ცნობით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით საიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად: შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას", - აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. მისი თქმით, როგორც კი ეს დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი. პრემიერი ასევე, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა.

"არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება უტიფრობას და თავხედობას განაგრძობს. ამის გამო კი არჩევნებზე მკაცრ პასუხს მიიღებს.

დეპუტატი ამბობს, რომ როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მისივე თქმით, აქციის დროს, მარტო 30 ჟურნალისტია დაშავებული. ამიტომაც წარმოუდგენელი ფაქტია, რომ აქციის მონაწილეებიდან დაზარალებულად მხოლოდ 4 ადამიანის ცნობა მოხდა.

„ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის დანაშაული და როდესაც 30 ჟურნალისტია დაზარალებული და მთლიანობაში 4 პირია დაზარალებულად ცნობილი, მათ შორის არ არის მაკო გომური, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება არის გახრწნილი, არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ადეკვატური ნაბიჯი გადადგას.

"მე მინდა საზოგადოებას მივცე პირობა, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, დაზარალებულები დაზარალებულებად იქნებიან ცნობილი და ბრალდებულები დამნაშავეებად ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფორმალურად გამოძიებას თავი შეუძლია იმართლოს და თქვას, რომ მათ აქციის მონაწილეებმა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით არ მიმართეს. ამიტომ, მუხაშავრია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომელიც 20-21 ივნისიის აქციის დროს დაზარალდა, პროკურატურას მიმართოს.

იურისტი აცხადებს, რომ კანონის მიხედვით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული სტატუსები, სატელევიზიო სიუჟეტები, სხვადასხვა ვიდეო და ფოტო მასალები პროკურატურას და გამოძიებას აღარ ავალდებულებს, რომ ადამიანი მიმართვის გარეშეც დაზარალებულად ცნოს.

„თუ დაზარალებული გამოძიებას არ მიმართავს და მის დაზარალებულად თხოვნას განცხადებით არ მოითხოვს, გამოძიება ყოველთვის შეძლებს, რომ თავი გაიმართლოს. მიუხედავად საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა, დაზარალებულმა პროკურატურას ყველა მიზეზის გარეშე უნდა მიმართოს. სხვაგვარად მას სახლში არავინ მიაკითხებს. თავად პროკურატურას ვალდებულება კანონით არა აქვს, რომ დაზარალებულების ვინაობა მოიძიოს.

"ასეთი პრაქტიკა კომუნისტების დროს იყო. ამ დროს მედია მასალაც კი თუ დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებდა, პროკურატურას ვალდებულება ჰქონდა, რომ გამოძიება დაეწყო. ეს პრაქტიკა ადეიშვილის პროკურატურაში დიდი ხანია მოიშალა და ახლა ეს ხალხი ხელ-ფეხ გახსნილი არიან.

"ყველა დაზარალებულებმა, განსაკუთრებით ჟურნალისტებმა თავადვე უნდა მიმართონ. მესმის, რომ მაკო გომურს სულ არ ადარდებდა იმ წამს ვინმეს დაზარალებულად ეცნო, მაგრამ ახლა განცხადებით აუცილებლად უნდა მიმართოს",-აცახდებს მუხაშავრია „რეზონანსთან".

მისივე თქმით, 7 ნოემბრის საქმე სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ მოტივით მოკლეს, რომ დაზარალებულებს პროკურატურისთვის მიმართული არ ჰქონდათ. მათ ამის შესახებ განცხადება უკვე გვიან გააკეთეს.

ამიტომ მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული საქმეა და მას ყველა საშუალება რჩება, რათა თავი იმართლოს. მისი აზრით, თუ განცხადებით აქციის მონაწილეებმა სწრაფად არ მიმართეს, ამ საქმის დავა საერთაშორისო სასამართლოებში შემდეგ გაჭირდება.

 

ჩაწერა სახელი