თამარ შუკვანი
(11.09.2019)

 ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეინი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ასოცირების პროცესი დაჩქარების მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ მან გაფართოების საკითხებში მომავალ ევროკომისარს, ლასლო ტროკსანისთან საუბარში განაცხადა.

ცნობისათვის, ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც 16 ივლისს აირჩიეს, თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრიდან შეუდგება. ურსულა ფონ დერ ლეინი კი ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი და გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრია.

ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და გულისხმობს ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტულ მექანიზმებს.

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირში ასოცირების დაჩქარება გულისხმობს საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას. ხოლო რეფორმების მეშვეობით საქართველომ ევროკავშირის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რომ მისი წევრობის უფლება მიიღოს. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებმაც თავის მხრივ იმაზე უნდა იფიქრონ, თუ თანამშრომლობის რა ახალი ფორმატი შესთავაზონ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებს.

„პროცესის დაჩქარება ორი მიმართულებით განიხილება: საქართველომ უნდა შეასრულოს ის ვალდებულბები, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული; ასევე ევროკავშირმა და არა მარტო ერთმა ინსტიტუტმა, წევრმა ქვეყნებმა, უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა შემდგომი და პარალელური ნაბიჯები გადაიდგმევა იმისათვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„წევრ ქვეყნებს უფრო მეტი აქვთ საფიქრალი იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმატი შეიძლება შესთავაზონ იმ ფორმატის გათვალისწინებით, რაც უკვე არსებობს - „აღმოსავლეთ პარტიორობა". რით შეიძლება გააძლიერონ ეს ურთერთობები საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის - სწორედ ეს ქვეყნები არიან ისინი, რომელთაც ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა აქვთ," - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ამ თემასაც შეეხო და გაფართოების საკითხებში მომავალ ევროკომისარს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებთან „მომავალი ურთიერთობების ჩარჩოებზე" დაფიქრება სთხოვა.

„თქვენ უნდა იფიქროთ მომავალი ურთიერთობების ჩარჩოებზე, რომელიც ერთდროულად ინოვაციურიც იქნება და რეალისტურიც", - განაცხადა ფონ დერ ლეინმა.

მისივე თქმით, ამ პარტნიორობის მიზნები უნდა ასახავდეს, ერთის მხრივ, ამ ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ არჩევანს და მეორეს მხრივ ითვალისწინებდეს ევროკავშირის შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს და არა უშუალოდ წევრობის.

„უფრო მეტად ინსტიტუციურ დაახლოებაზე იქნება საუბარი. მეეჭვება დაიწყონ ლაპარაკი გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს ამ ეტაპზე გამორიცხულია, რადგან გაფართხოების შესახებ თვითონ ევროკავშირის შიგნით არ არის კონსენსუსი.

„მგონია, რომ იქნება უფრო მეტად საერთო ფორუმები და ინსტიტუციური დაახლოება, ვიდრე უშუალოდ ის პროცესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა 4 სექტემბერს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის უმთავრესი მიზნის - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ.

მისი განცხადებით საქართველო აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო პროცესში და მისი მიზანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2020 წლის შემდგომი მიზნების განსაზღვრა. ზალკანიანის განცხადებით, სამინისტრო ყველა უწყებასთან ერთად მუშაობს მთავრობის წინადადებებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცემა ევროკავშირს.

ჩაწერა სახელი