“უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი - რეალურად ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განთავსებულნი არ არიან”
თამარ შუკვანი
(19.08.2019)

 „მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი. ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ არიან განთავსებული. ადამიანების გატაცება გრძელდება. ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც არასაკმარისია," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სოფელ გუგუტიანთკარში დღეს არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 19 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა ღობეების აღმართვა განაახლეს. ისინი პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ. ამასთან ერთად, 17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნიდან ოკუპანტებმა 7 ადამიანი გაიტაცეს.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, საერთაშორისო გამოხმაურება არასაკმარისია, თუმცა ეს ფაქტი დაუკავშირა იმას, რომ ევროპარლამენტი, ინსტიტუციის დონეზე, ჯერ არ შეკრებილა.

„ევროკავშირის წარმომადგენლობის დონეზე იყო განცხადება. ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზიტი და ეს ინდივიდუალური განცხადება, რომელიც გავრცელდა. პრობლემა ისიც გახლავთ, რომ რეალურად ინსტიტუციების დონეზე, ევროპარლამენტი ჯერ არ შეკრებილა, არჩევნები დასრულდა და უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა ეს შეკრება მხოლოდ სექტემბერში იმართება. ევროკომისია, ფაქტობრივად, ჩამოყალიბების პროცესშია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი ცუდად ემთხვევა იმ ვითარებას, რაც გუგუტიანთკარშია.

„ეს განცხადებები რაღაც დონეზე თავის საქმეს აკეთებს, თუმცა, ცხადია, რომ ეს უპირობო საშუალება არ არის იმისა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდება. აქამდეც არაერთხელ გვინახავს ასეთი განცხადებები, მაგრამ, სამწუხაროდ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. იმის თქმა, რომ ეს 100%-ით აღმოფხვრის ყველაფერს და რუსეთი უკან დაიხევს, ასე ნამდვილად არ იქნება," - ამბობს ჩხიკვაძე.

ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ 19 აგვისტოს ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა, რომ რუსეთი ამ ქმედებით ამოწმებს, როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. მისი თქმით, აუცილებელია ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ძლიერი განცხადება გააკეთოს.

„ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. მე ძალიან არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა, ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად.

„ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, - თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუკი რუსეთი მცოცავ ანექსიას შეწყვეტს და ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინისა და საქართველოს საკითხი ერთ კონტექსტში განიხილებოდეს.

„მისასალმებელია ევროპარლამენტარის ეს განცხადება, მაგრამ მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. ამის გარდა, უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სამშვიდობო ფორმატი.

„ევროპის სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს ახორციელებს, მაგრამ რეალურად ისინი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განთავსებულნი არ არიან. ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, შემდგომში ევროკავშირის დამკვირვებლები მიდიან და აკეთებენ ანგარიშს, რაც საკმარისი არ არის, რადგან, როგორც ადამიანების გატაცება, ასევე, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გრძელდება.

„სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მუდმივად იმყოფებოდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, მათ შორის, როგორც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ასევე აფხაზეთშიც. კონფლიქტების მოგვარების, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა უნდა განიხილებოდეს უკრაინის პრობლემის პარალელურად.

„რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს, რომ რუსეთი მცოცავ ანექსიას შეწყვეტს. თითოეულ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი მცოცავი აგრესიის ფარგლებში ახორციელებს, მის წინააღმდეგ დასავლეთმა უნდა განიხილოს ეკონომიკური სანქციები და კიდევ უფრო გააძლიეროს. საჭიროა დიპლომატიური ზეწოლა და დიპლომატიური კორპუსის უფრო აქტიური მოქმედება," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქმედებებზე გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიას ეს ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, შეამცირებს მაინც. ამის საუკეთესო საშუალებად ჩხიკვაძეც ეკონომიკურ სანქციებს ასახელებს.

„ამის აღმოფხვრის ერთგვარი საშუალება სანქციების გამკაცრებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნდა შეეხებოდეს უშუალოდ იმ ხალხს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. ვხედავთ, რომ დღესაც არცთუ ისე მარტივია ევროკავშირში კონსესუსის შექმნა, როდესაც უკრაინის საკითხის ჯერი დადგება. განცხადებებთან ერთად კონკრეტული ქმედებებიც უნდა იყოს და ამ კონკრეტული ქმედებების საუკეთესეო ვარიანტი ისევ საქნციების გამკაცრება და უკრაინის თემის მიბმა იქნება," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მოექცა.

ჩაწერა სახელი
ქაქუცა (20.08.2019)
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო..... ქართველებმა,ასე შარვალ ჩახდილებმა ირბინეთ და ყველა გიხმართ აბა რა. ქართველებს ტვინი და კაცობა აღარ აქვთ,რუსულ სალიარკას ხმარობენ,რუსულ გაზ ხმარობენ,რუსულ არაყს სვამენ,რუსი ტურისტი უხარიათ და მათ დაკვარგვაზე ტირიან და ამავე დროს ევროპას ეხვეწებიან დაგვეხმარეთო. ღირსები ხართ რაც რუსეთი ,თურქეთი და აზერბაიჯზანიც თქვენ გიშვრებათ. ..გაცხოვებულია საქართველო,გაუნათლებლობას და უტინობას აქვს ადგილი მთელ საქართველოში.თითქმის ყოველ დღე ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება,ხალხი იღუპება, და ამავე დროს ყველა მზადა ფულზე გაყიდოს საქართველო და ქვეყნის ინტერესები. 21 საუკუნეა და ისევ მღვდლების და ეკლესის იმედზე ხართ. ჯერ სად ხართ???? რუსეთი ბილომდე გაგანადგურებთ.