თამარ შუკვანი
(17.08.2019)

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დღეს რუსი ოკუპანტები აღარ გამოჩენილან. რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებმა უკვე დაცალეს საცხოვრებელი სახლები და რისი გატანაც შეძლეს, გაიტანეს. ადგილზე ჩავიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის სოფელში სიმშვიდეა, თუმცა მორიგი პროვოკაცია კვლავ მოსალოდნელია.

„მე და ჩემი მოძრაობის წევრები აშკარა დისკრიმინაციას და უფლებების შელახვას განვიცდით ხელისუფლების მხრიდან. დაგვიწესეს შეზღუდვები და შიგნით არ გვიშვებენ. აქ იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ისინი შეუშვეს გუგუტიანთკარში და ჩვენ კვლავ არა.

„დღეს რუსები აქ არ გამოჩენილან. დღეს უკვე მესამე დღეა იმ ულტიმატუმის, რომელიც ოკუპანტებმა გუგტიანთკარელებს მისცეს, რომ სახლი დაეშალათ და გაეტანათ. რაც მოახერხეს, ის გაიტანეს; თუმცა დღეს ამ სახლის მეპატრონეებიც აღარ გამოჩენილან. მეტი, სხვა მოძრაობა დღეს არ შეინიშნება. თუმცა ველოდებით, რომ ხვალ ან ზეგ რუსები განაახლებენ მათ მოქმედებებს, იგულისმხება ბორდერიზაცია," - აღნიშნა მან.

ქაცარავას განცხადებით, წყალგამანაწილებელი ე.წ. ბაკი, რომელიც ხუთ სოფელს წყალს აწვდის, შეიძლება მოყვეს ბორდერიზაციაში.

„წყალგამანაწილებელი ძვირადღირებული „ბაკი," რომელიც ხუთ სოფელს წყლით ამარაგებს, ასევე მოყვება ბორდერიზაციაში. ადგილი აქვს ორმაგ უკანონო ქმედებას, ორმაგ დანაშაულს რუსების მხრიდან; პირველი ეს არის ის უკანონო ბორდერიაზაცია, რასაც რუსეთი აწარმოებს, - რიგ შემთხვევებში რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს მიყვება. ასევე მიტაცებული არის დამატებითი ტერიტორიები, რისი დაანგარიშებაც ჯერჯერობით რთულია. ფაქტია, რომ ისინი გადმოწეულები არიან მინიმუმ 50 მეტრით იმ ადგილიდან, რომელიც გადის ზოგადად ადმინისტრაციული საზღვარი", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ცნობისათვის, 15 აგვისტოს რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს რუსმა ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ სახლები დაეტოვებინათ და გაეტანათ, რაც აქვთ. სოფლის მცხოვრებლებს სამდღიანი ულტიმატუმი წაუყენეს. ეს ორი სახლი მავთულხლართების იქით დარჩა მას შემდეგ, რაც 14 აგვისტოს რუსებმა ბორდერიზაცია განაახლეს.

ადგილზე უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდნენ. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.

ჩაწერა სახელი