თამარ შუკვანი
(17.08.2019)

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული „კონტი ჯგუფი" გავიდა. შესაბამისად, პროექტის განხორციელების საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მოშორებაა. რაც შეეხება პროექტს, აცხადებს, რომ მისი ბედი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამერიკული კომპანიის შესაბამისი ინვესტორით ჩანაცვლებას მოითხოვს. „თიბისი ბანკისა" და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება.

„ამერიკული ჯფუფის გასვლით ჩვენ გადავედით სამწუხარო ეტაპზე. ვხედავთ, რომ ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ვერბალური კეთილგანწყობისა და პოზიტიური მოძრაობებისა, საკმაოდ ცუდი თვალით უყურებდა კონსორციუმს და ყველანაირად ცდილობდა მისი დისკრეტიდაცია მოეხდინა.

„კონტი ჯგუფი", რომელსაც მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ მისი მთავარი მაჟორიტალური პარტნიორი სისხლის სამართლის დამნაშავე და ფულის გამთეთრებელია, ბუნებრივია ასეთ დროს ის ხედავდა რისკებს და ეს გადაწყვეტილება მიიღო," - აცხადებს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტში სოლიდური კომპანიები მონაწილეობენ, რაც მნიშვნელოვანია; „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული ჯფუფის გასვლის ფაქტს წილოსანი დასანანს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ პროექტის ბედი ამით არ წყდება.

„ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს ინიცირებულია და ამ პროექტში ყველა ღირებული და სოლიდური კომპანიის არსებობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თავის დროზე „კონტი ჯგუფის" მონაწილეობა დადებითი ფაქტორი იყო და მისი გასვლა დასანანია. თუმცა, რა თქმა უნდა, პორტის ბედი ამით არ წყდება და მინდა ვისურვო ამ პროექტის წარმატებული დასრულება.

„მსხვილი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თითეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის," - განუცხადა ნინო წილოსანმა „რეზონანსს".

ხუხაშვილის აზრით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ხელისუფლებას არ მოსწონს. პორტის პროექტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება კი მისთვის ჯერჯერობით გაუგებარია.

„ხელისუფლება ალბათ შემდგომ ეტაპზე გადავა, როდესაც შეეცდება კონსორციუმი პროექტიდან განდევნოს. რა არის ხელისუფლების ამოცანა - კონსორციუმის გაგდება და პროექტის კონტროლის ქვეშ აღება, თუ საერთოდ პროექტის ჩაშლა - ამას უკვე მომავალი აჩვენებს. ფაქტია, რომ კონსორციუმს აქვს სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები დიდწილად ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულებით არის განპირობებული.

„ერთია კონსორციუმის თემა და მეორე - პროექტის; კონსორციუმის თემა ბევრად მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე პროექტის, რომლის ბედი ჯერ კიდევ ბუნდოვანია ჩემთვის. ბოლომდე გაუგებარია პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია. კონსორციუმის მიმართ აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ის ხელისუფლებას არ მოსწონს და უნდა მისი მოშორება. პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ არის ჩემთვის გასაგები," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამ საკითხის შესახებ „რეზონანსი" მმართველი გუნდის დეპუტატებს დაუკავშირდა, თუმცა გარკვეულ ნაწილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

ცნობისათვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული ჯგუფი „კონტის" გასვლაზე განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება მიესალმება იმ ფაქტს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი.

„კონტი ჯგუფის" მიერ „ანაკლიის კონსორციუმის" დატოვების შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს გავრცელდა, რაც თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" დაადასტურეს.

იმ დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენდირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ „კონტი ჯგუფის" გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კონსორციუმი კრიტიკულად დააზიანოს.

ახვლედიანის თქმით, საკითხზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიდიოდა, საბოლოოდ გადაწყვეტილება დატოვების შესახებ „კონტი ჯგუფმა" გასულ კვირას მიიღო, რის შესახებაც მან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურად სწორედ 15 აგვისტოს აცნობა და ამასთან, შესაბამისი ვადების დაცვით, უწყებაში გენერალურ სამშენებლო კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება წარადგინა.

რაც შეეხება საკითხს, რა გახდა „კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის დატოვების მიზეზი, ან ვის მფლობელობაში გადავა ამერიკული ჯგუფის კუთვნილი აქციების 42%-იანი წილი, ამაზე ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 24 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა, რის შემდეგაც ბიზნესმენებმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩაწერა სახელი