თამთა ჩაჩანიძე
(17.08.2019)

 რამდენიმე დღეში საქართველო აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამწლიან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც, პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება", - განაცხადა იზორიამ.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს,რომ აღნიშნულ სამწლიან გეგმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა პროგნოზით ამბობს,რომ შესაძლოა ნატოსთან სამხედრო თავსებადობის პერსპექტივებზეც იყოს საუბარი.

„ეს შეთანხმება წაკითული არ მაქვს და დეტალებში გაცნობიერებული არ ვარ, მაგრამ პროგნოზი იმისა, თუ რაზე იქნება ეს შეთანხმება, რთული არ არის, პირველ რიგში იქნება საუბარი იმაზე, რომ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს ცხრა ბატალიონის წვრთნა, რომელსაც ამერიკელები ახორციელებენ სპეციალური პროგრამის ფარგლებში და ალბათ ესეც იქნება მნიშვნელოვანი სამხედრო განათლების მიმართულებებით განხორციელებული ქმედებები, შეიძლება კარკვეულწილად იყოს ამერიკელების მხრიდან გადმოცემული შეიარაღების მოდერნიზაცია, ან შესაძლოა ახალი შეიარაღების გადმოცემაზეც იყოს საუბარი.

„ალბათ იქნება ასევე ორმხრივ დონეზე ახალი წვრთნების ჩატარების და ნატოსთან სამხედრო თავსებადობის პერსპექტივაც. ეს მემგონი უფრო სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მაღალ დონეზე მოხდება ხელმოწერით ამისი დაფიქსირება.

„ალბათ სამწლიანი გეგმა იმიტომ არის, რომ ამერიკელებმა დააჩქარონ საქართველოს თავდაცვის რეფორმები. ეს შესაძლოა ახალი სამხედრო ატაშეს სამწლიან პერიოდს მოიცავდეს იმიტომ, რომ ამერიკელები მოკლე ვადებში ნიშნავენ ხოლმე სამხედრო წარმომადგენლებს, ყოველ შემთხვევაში ხელშეკრულების პერიოდი, მოლაპარაკებულ მხარეებს შორის არსებულ პოზიციებიდან უნდა გამომდინარეობდეს", - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან".

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჩაწერა სახელი
mzirali (17.08.2019)
და მერე ამას რა პრაქტიკული შედეგი ექნება? ვიყენებტ არმიის პოტენციალს რამეში როცა რუსები მალე თბილისზე გავლენ და პრეზიდენტი მხედავმტავარი აუზიდან გასცემს ბრაზანებასს???