ელზა პაპოშვილი
(10.07.2019)

 რატომ გადაიფქირა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს დასჯა? კეთილი პუტინი და ბოროტი დუმა - პოლიტიკური თამაში, რომელიც პუტინმა საქართველოში პრორუსული ძალების გადასარჩენად და რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის წამოიწყო -ასე აფასებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ ემხრობა.

9 ივლისს მან რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის მიზნით, ის არ გააკეთებდი არაფერ ისეთს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა.

„რაც შეეხება სხვადასხვა სახის სანქციებს საქართველოს მიმართ, მე არ გავაკეთებდი ამას სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო",-დასძინა პუტინმა.

პუტინის განცხადებითვე, საქართველომ თავის დროზე აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, სამხრეთ ოსეთში კი გენოციდი მოაწყო. როგორც პუტინი ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი „უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები.

„საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება. კარგი იქნება იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობის დალაგება უნდა", - განაცხადა პუტინმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინი იმ თამაშს აგრძელებს, რომელიც საქართველოს ოკუპაციის დღიდან დაიწყო. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ადრე თუ პუტინი შეფარულად თამაშობდა, ახლა ეს უკვე ღია და ხილული გახდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სანქციებს არ დაეთანხმოს, პოლიტიკური ხრიკია, რითაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ დუმ-ის მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად პუტინი კეთილია, რომელსაც ქართველი ხალხი „უყვარს".

„ამ განცახდებით პუტინი შეეცადა, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწაყობილი ძალებისთვის ხელჩასაჭიდი კოზირი მიეცა, რომლითაც მათ საქართველოში იმ აზრის კულტივირება დაიწყონ, რომ თურმე რუსეთთან დიალოგი და მოლაპარაკება შეიძლება.

"ბრძენმა ლიდერმა საქართველო არ გაწირა და ა.შ. სამომავლოდ ეს ნარატივი კი უფრო გაძლიერდება. მეორეს მხრივ კი ამ თავისი პოზიციით, ანტირუსულ და ანტისაოკუპაციო განწყობებს საქართევლოში არეალი შეუზღუდა. ამ განწყობით გამსჭვალულ ადამიანებს პრორუსული ძალები მუდმივად იმას შეახსენებენ, რომ მათ საქართველოში ეკონომიკის სრულად ჩამოშლა სურთ", - აცახდებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ უნდა დავძაბოთ, რადგანაც პირველ რიგში ამით ეკონომიკას ვავნებთ, საკმაოდ ანგარიშ გასაწევია. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთი მოსაზრების მქონე ადამიანები, როგორც რეგიონში სოფლის მეურნეობით დასაქმებული ადამიანები, ასევე ბიზნესწრეებში მოღვაწე ბიზნესმენებიც არიან.

ასე რომ, ამ ერთი გასროლით პუტინი ორი კურდღლის მოკვლას ცდილობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ყველაფერს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მან აქამდე ყველასთვის უცნობი ისტორიის ვერსია შემოგვთავაზა, ამით ერთგვარად ეცადა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის გადაწყვეტილება გაამართლოს. თითქოს და მან აფხაზი და ოსი ერი ქართველების გენოციდისგან დაიცვა.

რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს პუტინის პოზიციასთან დაკავშირებით, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საკმაოდ სწორი მიდგომაა და ეს არის ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც „ოცნების" ხელისუფლება მიმართავს.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ განცხადებით საქართველოს საზოგადოების განწყობაზე და აზრზე ზეგავლენას ცდილობს. ასევე პრორუსილი განწყობის ადამიანები წაახალისოს და აჩვენოს, რომ როგორი კეთილგანწყობილია ქართველი ხალხის მიმართ და ორ ქვეყანას შორის სიტუაციას მხოლოდ პოლიტიკოსები აფუჭებენ.

ეს ყველაფერი კი იმისთვის არის გამიზნული, რომ საქართველოში აზრი ორად გაიყოს და ჩვენი მოსახლეობის პოლარიზება მოხდეს. როგორც ეს მაგალითად მოლდოვაში ხდება. კაკაჩია ამბობს, რომ პუტინს ეს უკვე გამოუვიდა, რადგანაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამის დამადასტურებელი განცხადებები უკვე გაკეთდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინის ეს მესიჯი მხოლოდ საქართველოსთვის განკუთვნილი არ იყო და ყველა სხვა ქვეყნებსაც აჩვენა, რუსეთს როგორ უნდა ესუბრონ.

„სამწაუხაროა, როდესაც რუსეთის დეპუტატების და დუმის განცხადებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ კრემლს სრული პანიკა აჩვენა. აპოკალიპტური სურათი დახატეს და ამის საპასუხოდაც პუტინმა საქართველოში რბილი ძალის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ერთი ნაბიჯი გადადგა.

ერთი ჟურნალისტის უტიფარ განცხადებას იმხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ რუსეთისთვის ეს უკვე წითელი შუქის ტოლფასი იყო. 7 წლის განმავლობაში პუტინმა საქართველოში ფეხი უკვე იმდენად მოიმაგრა, რომ მას ახლა ამდენი წლის ნაშენები პოლიტიკის დანგრევა აღარ უღირდა.

მან ამ ნაბიჯით პრორუსული ძალების გადარჩენა და კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. ჩვენ გვახსოვს ალბათ, რომ 2013 წლამდე ეს ძალები საერთოდ იმალებოდნენ და კაცმა არ იცოდა ვინ იყვნენ. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობას მათთან პირიქით, ვალდებულებებიც კი აქვს",-აცახდებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან."

თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ ძალების და რუსეთის მიმართ.

ადრე თუ საგარეო პოლიტიკას ამხელა მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ახლა ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას გარკვეული წითელი ხაზები გაუვლო, რომლის გადაკვეთის უფლებას აღარ მისცემს.

კაკაჩია ამბობს, რომ „ოცნების" ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ორ სკამზე ჯდომა აღარ გამოდის და საზოგადოება მას ამის შემდეგ მოსთხოვს, რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოხდეს. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში რუსეთის რბილი ძალის კიდევ უფრო გააქტიურებას უნად ველოდოთ.

„რაც შეეხება პუტინის მიერ შემოთავაზებულ ისტორიის ახალ ვერსიას, ეს არის საკმაოდ სახიფათო, რადგანაც ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ მეცნიერულ და პროფესიულ დონეზე ამ პერიოდის მოვლენებზე ახალი და მცდარი ვერსია შეიმქნას. ამით კი პუტინი შეეცდება, რომ 2008 წლის ომი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება გაამართლოს", - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან".

ჩაწერა სახელი
პეტრე (11.07.2019)
პუტინი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე საინტერესო, ხელს ვუწყობთ პუტინს და ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოს, თუ პირიქით...ეკონომიკაზე როცა ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, ხომ უნდა გავითვალისწინოთ საშინაო ფაქტორები, აგერ ფარული ეკონომიკა 65%-ყოფილა, ეხლა ვსვამ შეკითხვას ვისზეა ეს დამოკიდებული, რა თქმა უნდა ხელისუფლებაზე, გამოდის რომ ისედაც მცირე ეკონომიკის მქონე საქართველოში ბიუჯეტში შედის მხოლოდ მესამედი, დანარჩენის დატაცება ხდება და ამ დროს სად არიან ჩვენი სამართალდამცავები, ისინი ოპოზიციას დასდევენ, მეორე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიაო ანაკლიის პორტს, ამ დროს რას ვხედავთ-7წლის თავზე ვერ გადაუწყვეტიათ, აშენდეს თუ არა პორტი და იგონებენ ათასნაირ ხრიკებს, მესამე ვიცით რომ რუსეთის ბაზარი არის პოლიტიკური და უნდა შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულების ფაქტორი, ჩვენ კიდევ პირიქით, ვზრდით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას, არა ბატონებო ეს უკვე მეტისმეტია და ასე გაგრძელება დამღუპველია...