თამთა ჩაჩანიძე
(12.06.2019)

 „ნაციონალური მოძრაობა" პარტიის რებრენდინგს იწყებს - პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ პარტიაში ცვლილების აუცილებლობა დგას, თუმცა, იგი თვლის, რომ მხარდამჭერებისგან რებრენდინგის რეცეპტის აღება დიდი შეცდომაა.

„ის, რომ პარტიაში ცვლილების აუცილებლობა დგას, ფაქტები აჩვენებს - ყველა არჩევნები წააგეს, მაგრამ ცვლილებას რა თქმა უნდა, გააზრება უნდა, ნაციონალების შეცდომა ამ შემთხვევაშიც მგონი იგივეა, რაც ადრინდელ რებრენდინგების დროს, მათ პირველად არ აქვთ გამოცხადებული რებრენდინგის აუცილებლობა (ადრეც ჰქონდათ).

„ისინი რებრენდინგების რეცეპტებს იღებენ თავიანთი მხარდამჭერებისგან და უბრუნდებათ ფაქტიურად ის რეცეპტი, რითაც მოქმოდებდნენ ადრე, ფაქტიურად ჯადოსნური წრე იკვრება.

"ამიტომ, არა მგონია ეგ გზა იყოს სწორი, იმიტომ, რომ მხარდამჭერები ტენდენციურები არიან, ობიექტურად იმათაც უჭირთ ალბათ სიტუაციის შეფასება და სიტუაციის ობიექტური შეფასება პარტიისთვის ამჟამად უფრო საჭიროა, მხარდამჭერებისგან იქმნება სარკე, რომელიც მათ იგივე პოლიტიკის გაგრძელებას უკარნახებს." - აღნიშნა მან

პოლიტოლოგისვე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველვის იყო მხარდამჭერების გულის მოფხანვისთვის გაკეთებული, რაც მათ მარცხს იწვევდა.

„აქამდე როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა", ის ძირითადად მხარდამჭერებზე იყო ორიენტირებული, იყო აგრესიული რევოლუციის მოწოდება, იძახდა, რომ შევცვლით ხელისუფლებას, ეს ხომ მხარდამჭერების გულის მოფხანვისთვის იყო გაკეთებული. ასე რომ, მხარდამჭერები იგივეს უკარნახებენ, არადა ეს ფორმულები, ეს სტილი არის, რომ მათ მარცხს იწვევს ყოველ ახალ არჩევნებზე, ამიტომ რეცეპტი იმისა, რომ როგორ ჩატარდეს რებრენდინგი, მოძებნილია არასწორად.

„ეს რეცეპტი მხარდამჭერებში კი არ უნდა ეძებონ, არამედ უნდა დაჯდნენ, კრიტიკული აზრები ერთმანეთში მოხარშონ, გაიაზრონ. ბირთვმა უნდა გადაწყვიტოს ხაზი და შემდეგ განახორციელონ, თუ შეეძლებათ ის, რასაც გადაწყვეტენ.

"მემგონი სხვა მოდელი არ არსებობს, უმრავლესობის მხარდაჭერა მხოლოდ მხარდაჭერაა ხოლმე, ასეთი საჯარო გზით სწორი გამოსავლის პოვნა, არასოდეს არ იძლევა შედეგს, გამოსავალი უნდა იპოვოს გონებამ და არა მხარდამჭერების გულში ბრაგუნმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარტიის რებრენდინგს იწყებს, ისინი ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ მათი სურვილია გადაწყვეტილებები მხარდამჭერებთან ერთად მიიღონ,პარტია კონკურსს აცხადებს და მხარდამჭერებს მიმართავს რომ ლოგოსთან და პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით კრეატიული იდეები წარუდგინონ.

ჩაწერა სახელი
kAxa gujabidze (13.06.2019)
Arapegi ar gamova nacediban