“ოცნებაში“ იმ ლიდერის წარმოჩენას ეცდებიან, რომელიც რეალურად ლიდერობს, ასეთი კი ივანიშვილის გარდა სულ ორია - ესაა გახარია და კალაძე”
ელზა პაპოშვილი
(12.06.2019)

 მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, მედიაში „ქართული ოცნების" შიდა წყაროებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ უახლეს მომავალში და სავარაუდოდ, იმ კვირაში შესაძლებელია სამთავრობო ცვლილებები მოხდეს. როგორც „რეზონანს" უდასტურებენ, უკვე შუალედური არჩევნების შედმეგ, გიორგი გახარიას გაპრემიერების შესახებ აქტიური საუბარი ისევ დაიწყო. ის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვების პარალელურად პრემიერობისთვის ემზადება.

ყველაფერ ამაზე კი ეჭვს ის აგრემოებაც აჩენს, რომ გიორგი გახარია გავლენებს ძალოვან უწყებებში და სხვადასხვა სამინისტროებში აძლიერებს. თუმცა, როგორც ასევე ბოლო დროს გამოჩნდა, გახარიას პრემირეობა გუნდში დიდად არ სურთ.

სავარაუდოდ, ღარიბაშვილის უკან დაბრუნების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო სიაზე დიდი ბრძოლა მიდის. ღარიბაშვილს სურს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს და სიაში მისთვის სასურველი ადამიანები მოხვდნენ. ანალოგიურს გიორგი გახარიაც ცდილობს. გულხელდაკრეფილი არც კახი კალაძეა. ამიტომაც ყველაფერი ახალ სამთავრობო ცვლილებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.

ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს. მან გადაცემა „რეაქციაში" დასმულ კითხვაზე - იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, განაცხადა, რომ ამას გუნდი წყვეტს და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს ცვლილებებიც მოხდება. მან კატეგორიულად უარყო მასზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გადასვლას გეგმავს.

„არ ვიცი კონკრეტრულად რაიმე სამთავრობო ცვლილებაზე, ინფორმაცია არ მაქვს. ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად, რაც ცვლილებებს შეეხება, სად ვიქნები მე, ან სად იქნება კონკრეტული მინისტრი, ამას გუნდი გადაწყვეტს. რაც შეეხება ინფორმაციას ჩემს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარედ გადაყვანას, დაზუსტებით მინდა ვთქვა, რომ მცდარია და მსგავსი გადაადგილება არ იგეგმება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე „ტვ პირველთან" საუბრისას.

„ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს. თუმცა, არაფერს გამორიცხავს. მისი აზრით, მსგავსი ცვლილებები ყოველთვის საჭიროა და მითუმეტეს საპარლამენტო არჩევნების წინ ალბათ სასურველიც იქნება.

„რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა, გამორიცხვით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ვნახოთ, დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სამთამვრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, უარყოფითად განწყობილი არ ვარ და მგონია მსგავსი ცვლილებები უფრო სასარგებლოც არის. შევხედოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - აცხადებს ქანთარია „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია რეალურია, მაშინ ლოგიკას ცოტა მოკლებული იქნება. მსგავსი ცვლილებები უფრო ხშირად წინასაარჩევნოდ ხდება, რადგანაც საზოგადეობაში გაჩნდეს განცდა, თითქოს ქვეყანაში რაღაც იცვლება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ შიდა სიტუაციას ასე სჭირდებოდეს და გახარიას გაპრემიერება რაღაც სიტუაციის დალაგებას ემსახურებოდეს.

„ფაქტია ერთია, ყველა კარგად ხვდება, რომ დღევანდელი პრემიერი ბახტაძე იმაზე სუსტია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, საერთოდ არ არსებობს. განსხვავებით კვირიკაშვილისგან, რომელსაც რაღაცის გადაწყვეტა მაინც შეეძლო და შედარებით პრინციპული იყო. ბახტაძე როგორც პოლიტიკური ლიდერი ვერ შედგა. მას რაიმე საკუთარი ხედვა არ გააჩნია. ამას ხედავენ, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთაც.

"ამიტომ, როგორც ჩანს თავად „ოცნებაში" წინასაარჩევნოდ იმ ლიდერის წარმოჩენას ეცდებიან, რომელიც რეალურად ლიდერობს. ასეთი კი ივანიშვილის გარდა სულ ორია - ესაა გახარია და კალაძე. გახარიას როგორც ვხედავთ, დე ფაქტო ლიდერი და მმართველია. ყველა კრიზისულ სიტუაციაში ეგ მიდის და პასუხობს.

"შესაძლოა, ივანიშვილს ახლა გაუჩნდა სურვილი, რომ მის მაგივრად რაღაცაზე პასუხისმგებლობა კიდევ სხვამაც აიღოს. მართალია ფორმალური მმართველობიდან გამომდინარე ბოლომდე პასუხისმგებლობას ვერც გახარია აიღებს, მაგრამ რის საშუალებასაც მისცემენ, იმაზე მაინც იქნება პასუხისმგებელი",- აცხადებს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან".

მისივე თქმით, გახარიას გაპრემიერებაზე საუბარი ბოლო დროს ხშირად მიდის, თუმცა ფაქტია, რომ ამას ხელისუფლებაში არსებული გარკვეული ჯგუფები ხელს უშლიან. კაკაჩია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენის შემდეგ, როგორც ჩანს გუნდის შიგნიდ საპარლამენტო სიაზე გარკვეული დაპირისპირება მიდის. ყველა ეცდება, რომ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უფრო მეტი ჰყავდეს. ამიტომაც, გახარიას პრემიერობა, როგორც ჩანს გუნდის შიგნით გულზე ბევრს არ ეხატება. ამიტომაც, საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კონკურენცია სულ უფრო გაიზრდება და დაპირისპირებსი კერები კიდევ უფრო გამწვავდება.

ჩაწერა სახელი
mAka cincadze (12.06.2019)
Baxtaze wadi

სტატუს ქუო (12.06.2019)
ბახტაძე არასერიოზული თანამდებობის პირია, რომელიც დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ წყვეტს, შემოულაწუნეა ნატვრის ხიდან.