თამარ შუკვანი
(15.05.2019)

 შაულედურ არჩევნებამდე, ოთხი დღით ადრე, ზუგდიდში ვითარება უფრო მეტად მძიმდება - ოპოზიცია ქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა, რაც მათი განცხადებით, სისხლის სამართლის დანაშაულია. საარჩევნო სიები ამ დროისთვის უკვე ადგილზეა დაბრუნებული.

გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკოს დავალებას ასრულებს. ისინი ითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ გაიტანეს გუშინ ამომრჩევლის სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭედი.

„ჩვენ აღვკვეთეთ მათი სამარცხვინო მცდელობა. ბეჭდებს უკვე ცვლიან. თუ მათ კანონი არ დაურღვევიათ, მაშინ რატომ ცვლიან ბეჭდებს?" - განაცხადა ენმ-ს წევრმა, მაია კალანდიამ.

ბრალდებებს უარყოფს მეორე მხარე; „მე არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტიაც და ინვენტარი, ვინაიდან, მოგეხსენებათ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არის მრავალრიცხოვანი უბნებისგან შემდგარი. ამიტომ ერთი დღის განმავლობაში შეუძლებელია დოკუმენტის და ინვენტარის ერთდროულად გაცემა. ამიტომ ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტით ვაძლევთ ხელმძღვანელ პირებს.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, დალუქვის წესი ეს არის მოთავსდეს კონვერტში, გადაწეპვის ზოლზე დაისვას საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხელი მოწერილი იქნას ხელმძღვანელი პირის მიერ. ასევე ის ბეჭდის რეკვიზიტები ყველა დატანებული იყო იმ კონვერტზე, სადაც იყო მოთავსებული ის ბეჭედი.

„შეგვიძლია დაგანახოთ სარეგისტრაციო ჟურნალი სადაც გატარებულია თითოეული უბნის ბეჭდის კოდი შესაბამისად რეგისტრატურის ბეჭდის კოდები, ვინ რომელი უბანი, რომელი ბეჭდის ნომრებით იმუშავებს. ეს ყველაფერი იყო კანონის შესაბამისად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად. არც სიების გატანასთან დაკავშირებით დამირღვევია კანონი, ვინაიდან არაუგვიანეს ორი დღისა გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია ამ სამაგიდე სიებს," - ამბობს მირანდა მესხი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით კი, საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის კანონის ფარგლებში მოქმედებდა და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

„ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით.

„აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ," - აღნიშნულია განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებით, არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას.

„ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ. არ დავუშვებთ მათ მცდელობას არჩევნების გაყალბების შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთანავე 14 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, როდესაც დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ჩაწერა სახელი