ია აბულაშვილი
(12.02.2019)

 „ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება უვადოდ დანიშნული მოსამართლების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს“, - აცხადებს ეკა ბესელია, რომელიც პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლებთან მიმართებაში. 

დეპუტატის განცხადებით, ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებაა საჭირო.

როგორც „რეზონანსთან“ კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, მოსამართლეთა უვადოდ განმწესება პროგრესული ინსტიტუტია და კანონმდებლებმა მეტი დამაჯარებელობა უნდა შეიტანონ თავიანთ წინადადებებში.

„მოსამართლეთა უვადოდ განმწესება ეს პროგრესული ინსტიტუტია და ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში მეტი დამაჯერებლობაა საჭირო, მათ შორის კრიტერიუმებითან დაკავშირებით, რომლითაც შეირჩევა კანდიდატები. ამ ეტაპზე არის ორი მოთხოვნა - კანდიდატი უნდა იყოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური, შეიძლება ეს საკმარისი არ არის და ამაზეც იმსჯელონ.

„რაც შეეხება ინიციატივას, რომელითაც ეკა ბესალია აპირებს მიმართოს პარლამენტს, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებლია მხოლოდ იმპიჩმენტის სახით. რა თქმა უნდა, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ამიტომ გამიჭირდება ვთქვა, რა იგულისხმება უკვე უვადოდ განმწესებული მოსამართლეების რევიზიაში. კერძოდ, რას გულისხმობს ეკა ბესელია - ვადა შეუმცირდეთ, თუ საერთოდ შეუჩერდეთ?  

„კონსტიტუციაში ადრე იყო ასეთი ჩანაწერი - ჯერ სამწლიანი ვადა, შემდეგ ათი წლის ვადა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რადიკალური წინადადებაა. რას ვუშვებით მაშინ იმ 120 მოსამართლეს, რომელებიც უკვე უვადოდ არიან განმწესებული? თუ ახალი მოსამართლეები უნდა შეირჩნენ, ამას სჭირდება საკვალიფიკაციო გამოცდები, შემდეგ შერჩევა და ა.შ.  

„არ მგონია, რომ პარლამენტმა ეს საკითხი განიხილოს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეკა ბესელია თავის პოლიტიკურ ხაზს მიჰყვება, ალბათ იგი გარკვეულ ვადამდე დაყვანას გულისხმობს, ამიტომ თავის წინადადებაში მეტი განმარტება და კონკრეტიკა უნდა შეიტანოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ჩაწერა სახელი