თამარ შუკვანი
(12.02.2019)

 „არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომელსაც ბუნებრივი მიზეზი აქვს; ადამიანებს, რომლებიც ჩემი ყოფილი და ახლანდელი მეგობრებიც არაინ, ეს პოზიცია გააჩნიათ და ვფიქრობ, ამ პოზიციას, არსებობის უფლება აქვს, რადგან სწორედ ამ ადამიანებმა გამოიარეს ის ჯოჯოხეთი წლების განმავლობაში, რასაც მათ შორის მოსამართლეთა ნაწილიც ახორციელებდა," - ასე აფასებს მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი „რეზონანსთან" საუბრისას.

ჯიშკარიანი იმ პერიოდს იხსენებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას კონკრეტულად მას გადახდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ დიმიტრი გვრიტიშვილსა და მაშინდელ სასამართლო ხელისუფლებას აკრიტიკებს:

„ეს ხელი მეც შემეხო - ესენი იყვნენ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი და მიქაუტაძე, რომლებმაც მე და ჩემი მეგობრები არაერთხელ გაგვასამართლეს და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დასისხლიანებული მიმიყვანეს პროცესზე; მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის შუამდგომლობა, რომ ვიდეოკადრები წარმომედგინა, სადაც დასტურდებოდა ჩემი ე.წ. წვრილმანი ხულიგნობა, რომელიც ბრალად მერაცხებოდა. აქედან გმომდინარე, ვერასოდეს გავიზიარებ იმ პათოსს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი შეიძლება იყოს კარგი ადამიანი.

„მაშინდელი სასამართლო მთლიანად მიბმული იყო მთელი თავისი არსებით პროკურატურაზე და იმართებოდა ადეიშვილის მიერ. ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, ეს ახსოვს საზოგადოების ნაწილს. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოს რომელიმე მხარე ან ადამიანთა ჯგუფი, რომ „გააპრავონ" დიმიტრი გვრიტიშვილი - რომ კარგი ადამიანია - რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა.

„ჩვენ სტრასბურგში გვაქვს გამამართლებელი განაჩენები, არაერთი საქმე გვაქვს მოგებული სტრასბურგში და ამისთვის სახელმწიფოს დაეკისრა სახადი რამდენიმე ათასი ევრო, არა მარტო ჩემს დაკავებაზე, არამედ ჩემი მეგობრებისაც. საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ამის გამო ბოდიშის მოხდაც კი მოუწია," - აცხადებს ჯიშკარიანი.

ჩაწერა სახელი