ელზა პაპოშვილი
(12.02.2019)

ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით  პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. გამოდმინარე იქიდან, რომ შეწყალების კომისიის  დაკომპლექტება ჯერჯერობით არ მომხდარა, კომისია ქმედუუნაროა და დეკანოზის შეწყალებაზე  გადაწყვეტილების მიღება პირადად პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწევს.  

ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან დღემდე შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი და ციხის კარი მხოლოდ სამი ქალისთვის გაიღო. ჯერჯერობით კომისიის არარსებობის გამო ბევრი პატიმარი შეწყალების მოლოდინშია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, როგორ დაკომპლექტდება შეწყალების კომისია. 

ამიტომაც ახლა დეკანოზის ბედი პირადად პრეზიდენტ ზურაბიშვილზე იქნება დამოკიდებული. თუმცა „რეზონანსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, რომ მათთან ამ ეტაპზე დეკანოზის შეწყლების მოთხოვნის ოფიციალური განცხადებით არავის მიუმართავს და მესამე სექტორმა ეს განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ საჯაროდ გაავრცელა. 

მოისწარაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებას გაეცნო. მისი თქმით,  არასამთავროები აპელირებენ, რომ დეკანოზის საქმის განხილვა პროცესუალური დარღვევებით მოხდა და გამოძიება  არასწორი მიმართულებით  ჩატარდა. ასევე სასამართლომ არ მოახდინა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და სასამართლომ სწორად არ იმსჯელა. 

მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ისნტიტუტი არ ითვალისწინებს გამოძიების ან სასამართლოს მიერ დარღვეული პროცედურების გამოსწორებას. ამიტომაც ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რომ შევიდეს, მას ზურაბიშვილი ვერ განიხილავს. 

„თუ მესამე სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ დეკანოზ მამალაძის მიმართ არასწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის გამსწორებელი ვერ და არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა ლოგიკურ მოთხოვნად ვერ ჩაითვლება. ისინი დეკანოზის შეწყალებას გამოძიების და სასამართლოს დარღვევების გამო ითხოვენ. ამ დარღვევების გამო სარჩელს ევროპული სასამართლო განიხილავს და ეს პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის“, - აცახდებს მოისწრაფიშვილი.  

„რეზონანსის“ კითხვაზე, მაშინ რა შემთხვევაში შეიძლება შეიწყალოს პრეზიდენტმა დეკანოზი  მამალაძე, მოისწრაფიშვილი გვაპსუხობს, რომ ამ ეტაპზე მათ საუბარი მხოლოდ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით შეუძლიათ. დანარჩენზე მაშინ ისაუბრებენ, თუ მათ დეკანოზის შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართავენ. 

დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე კი „რეზონანსთან“ საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილისგან განსხვევბით არ გახდება ვინმეს ზეგავლენის მსხვერპლი და ის დეკანოზის შეწყალების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. მისივე თქმით, მესამე სექტორი პრეზიდენტს ოფიციალურადაც მიმართავს და დეკანოზის შეწყალებას ზურაბიშვილისგან მოითხოვს. 

„ოჯახს იმედი გვაქვს, რომ რაც მარგველაშვილმა ვერ გაბედა და ქმედითი ნაბიჯი ვერ გადადგა, ზურაბიშვილი ამ გამბედაობას გამოიჩენს. მას კონსტიტუციურად მინიჭებული აქვს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმრები, მითუმეტეს ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია. ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ ის თავის მოქმედებაში უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. 

„როდესაც მარგველაშვილს დეკანოზის შეწყალებით მივმართეთ, ის საპატრიარქოში მივიდა და იქ იკითხა შეეწყალებინა თუ არა. სამწუხაროდ, მათ უთხრეს, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა  და მანაც ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო. ამიტომაც იმედს ვიტოვებთ, რომ ზურაბიშვილის საპატრიარქოდან დირექტივებს არ მიიღებს“, -აცხადებს „რეზონანსთან“ თორნიკე მამალაძე. 

მისი თქმით, იმისთვის, რომ პატრიარქმა საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა კარავი არ დაინახოს და დისკომფორტი არ შეექმნას, მათ წინ ავტომობილები ჩაუყენეს. მამალაძე საპატრიარქოსთან ყოფნას იმდენ ხანს აპირებს, სანამ მისი ძმის  ზიარების საკითხზე  კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.  

ჩაწერა სახელი