ტატა შოშიაშვილი
(12.01.2019)

 პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიის განხილვის ახალი სქემა მმართველ პარტიაში მომხდარ განხეთქილებას უკვე ვერაფერს უშველის. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა და „ეკა ბესელიას ფრთის" წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შესაძლოა, მოსამართლეთა სიის ფორმალური ჩაგდება მოხდეს, რათა ჯერ შემუშავდეს პროცედურა და კრიტერიუმები, ხოლო შემდეგ წარმოდგენილი იყოს განახლებული სია".

„რეზონანსთან" საუბრისას დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ კობახიძის მიერ დაანონსებული შესაძლო ცვლილება პარტიაში არსებულ განხეთქილებას მაინც არ აღმოფხვრის, თუმცა სწორ გზას ადგანან, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ტექნიკური მხარე მართლაც დასარეგულირებელია.

„მთავარია, რომ ჯერ კრიტერიუმები შემუშავდეს. იმაში კი ვეთანხმები, რომ ტექნიკური საკითხია ის, თუ როგორ განხორციელედება მიბრუნება ახალი სიისადმი. თუ შინაარსობრივად თანხმობა იქნება და წარმოდგენილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და მისაღები იქნებიან ყველასთვის, მაშინ, ვფიქრობ, რომ, პრინციპში, კონფლიქტის საგანი აღარ იქნება, რადგან ამისი მთავარი მიზეზი სწორედ წარდგენილი მოსამართლეების სია, ფორმა და შინაარსია", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ამით მმართველ გუნდში არსებული განხეთქილების პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან ეს განხეთქილება უკვე გასცდა მხოლოდ მოსამართლეების საკითხთან დაწყებულ დაპირიპირებას:

„საქმე ისაა, რომ განხეთქილება მხოლოდ ამ საკითხთან უკვე არაა დაკავშირებული. უბრალოდ, ადამიანები აზროვნების ხარისხით განსხვავდებიან და ზოგიერთი კოლეგის განცხადება, რომ თურმე მათ გაუჭირდებათ ვიღაცებთან ურთიერთობა, ხდება უთანხმოების მიზეზი.

„როგორც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ ამის ერთ გუნდად წარმოდგენა, არ გამოვა, რადგან არის კატეგორია ხალხისა, რომელსაც გარკვეული პრინციპები და გააჩნდა ამიტომ იყვნენ ჩართულნი ამ ბრძოლაში და ასევე არის კატეგორია, რომელიც მიკედლებულია და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამოა დღეს „ქართულ ოცნებაში" და თუ არ იქნება „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, არც ეს ხალხი არ იქნება მათ გუნდში.

„ვგულისხმობს ე.წ. პორტირებულ დეპუტატებს, მათზე მეტი ვინ გვყავს „ქართულ ოცნებაში"?! მათთვის მთავარია, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, თორემ იდეოლოგიური ღირებულებები მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. იმდენად დიდია ეს სია, რომ მეშინია, ჩამოთვლისას ვინმე არ გამომრჩეს და გული არ დავწყვიტო, რადგან ეს მათი ცხოვრების სტილია.

„აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კონფლიქტი თავისთავად არ ამოიწურება. ღირებულებითი საკითხები ყოველთვის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას", - ამბობს ჭიჭინაძე.

ჩაწერა სახელი