ია აბულაშვილი
(12.01.2019)

 "ბიძინა ივანიშვილმა "ოცნებიდან" ჯერ მასში შემავალი პარტიები მოიშორა, ახლა ინდივიდებზე გადავიდა და ცდილობს, პარტიაში მკაცრი წესები დაამყაროს" - ასე ეხმიანება მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს პოლიტოლოგი გია ნოდია.

"ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს პარტიაში დაალაგოს სიტუაცია და ამ დალაგების ფორმა არის ურჩი წევრების დამორჩილება და დასჯა. ივანიშვილი, რომელიც საჯაროდ მის მიმართ დაპირისპირებას ვერ აიტანს, ცდილობს პარტიაში უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებას. გაზაფხულზე პარტიიდან გარიცხეს ჭიჭინაძე, შეიძლება იგივე ღონისძიებები გატარდეს ბესელიას და მისი მომხრების მიმართაც, რომელთაც ბრალად წაუყენეს გუნდურობის დარღვევა, და გარიცხონ პარტიიდან. მათ ეუბნებიან, პარტიაში შეიძლება იყოს დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებასაც აქვს საზღვრები და მისი გარეთ გატანა არ შეიძლებაო.

 

"რეზონანსი": ეკა ბესელიას განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი პოზიციების დათმობას არ აპირებს და იმუქრება, რომ ყველაფერს ნათელს მოჰფენს. დატოვებენ პარტიას ბესელია და მისი გუნდი?

გ.ნ: მაქსიმუმ 7-8 კაცმა დატოვოს პარტია. აქედანაც ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ დარჩება და ვისთან მიილაპარაკებენ, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ამ პროცესებმა ბიძგი მისცეს უმრავლესობაში ახალი ფრაქციის შექმნას, რომელსაც იმედი ექნება, რომ შემდგომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ვინც არ უნდა გავიდეს, პარლამენტში ძალათა ბალანსს ვერ შეცვლის.

"რ": რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ "ოცნება" დაიშალოს?

გ.ნ: დაშლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ქართული "ოცნება" ივანიშვილის ორბიტის გარშემო ტრიალებს, ასეთ რღვევები ადრეც იყო, ივანიშვილმა ჯერ "ოცნებაში" შემავალი პარტიები მოიშორა, შემდეგ ინდივიდებზე გადავიდა.

"რ": წავა რაიმე დათმობაზე ბიძინა ივანიშვილი, თუ მისი განცხადება 10 მოსამართლის სიის გაყვანის მწვანე შუქია?

გ.ნ: მოსამართლეების სია მართლაც არაპოპულარული თემაა და მასში ბევრი არაპოპულარული პირია. შეიძლება ივანიშივლი დეტალურ დათმობებზე წავიდეს, ანუ ანგარიში გაუწიოს ხალხის აზრს და კოსმეტიკური ცვლილება მოახდინს, მაგრამ პრინციპში "ოცნებას" სურს დაიმორჩილოს ეს მოსამართლეები.

ჩაწერა სახელი