ეკატერინე ბასილაია
(11.01.2019)

 ცხინვალის რეჟიმმა ახალგორიდან დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა აკრძალა და ახალგორთან არსებული ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მათი განცხადებით მიზანი „ღორის გრიპის" შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებაა.

ე.წ. საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება, იმავე მიზეზით, მიიღო სოხუმის რეჟიმმა და ენგურის ხიდზე 2 თვით კარანტინი გამოაცხადა. ამ დროისთვის აფხაზეთიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები და ის ადამიანები გადმოდიან, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

გარდა გრიპის ვირუსის გამო ჩაკეტილი ე.წ. საზღვრებისა, ქართული მოსახლეობისათვის ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა 1-ლი თებერვლიდან მკაცრდება და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით ყველას, ვისაც „რესპუბლიკიდან" გორში წასვლა სურს სპეციალური საშვი უნდა აიღოს ყოველ ჯერზე.

გადაწყვეტილება ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა 26 დეკემბერს მიიღო და მაშინ ითქვა, რომ გამკაცრებული წესები 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მოგვიანებით ვადა 1 თვით გადასწიეს და ახალი წესი თებერვლიდან ამოქმედდება.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, „საქართველოსთან საზღვრის გამარტივებული წესით კვეთისთვის საჭირო იყო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის პასპორტი, ან საშვი". ამიერიდან კი ეს წესი გამკაცრდება და დანარჩენ საქართველოში გადასასვლელად ყველა მსურველს წინასწარ გაცემული სპეციალური ნებართვა უნდა ჰქონდეს.

ინიციატივის ავტორი ე.წ. უშიშროების სამსახურია. ამ სამსახურის უფროსის ვლადიმირ ხუბაევის თქმით, სიახლის შემოღების შემდეგ „საზღვარს" უკეთ გააკონტროლებენ და ასევე საშუალება მიეცემათ, იქონიონ ინფორმაცია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამარტივებული წესით კვეთენ ე.წ. საზღვარს.

ახალგორში აცხადებენ, რომ ადგილობრივი „ხელისუფლება" ყველანაირად ცდილობს ახალგორში დარჩენილ ქართველები აიძულოს და რაიონი დაატოვებინოს.

ჩაწერა სახელი