ელზა პაპოშვილი
(11.01.2019)

 გასული წლის ოქტომბერში გორში სასტიკად მოკლული  ცხრა წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის საქმეში რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ  ორი თვე გაუხანგრძლივდა. ამის მიზეზი კი გამოძიებაში არსებული გარკვეული სამხილების არარსებობა გახდა. „რეზონანსთან“ გოგონას ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური და პაპა  გოჩა ბერიაშვილი არ გამორიცხავენ, რომ იაგო ნებიერიძეს ბავშვის გვამის მოშორებაში ვიღაც ეხმარებოდა. 

ამ ეჭვებს ადვოკატს და ოჯახის წევრებს ის ფაქტიც უმძაფრებს, რომ ექსპერტიზის მიხედვით, ურიკაზე და "ფეირის" ბოთლზე ამოღებული ანაბეჭდები ნებიერიძისას არ დაემთხვა. ჯერჯერობით უცნობია, ვისია ეს ანაბეჭდები ან საერთოდ შესადარებლად არის თუ არა ვარგისი. არსებობს ეჭვი, რომ  ზუსტად ამ ურიკის გამოყენებით იაგო ნებიერიძემ გოგონას ცხედარი ლიახვის ნაპირზე მიიტანა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მან ჭურჟლის სარეცხი საშუალების  გამოყენებით  ხელები დაიბანა და ურიკა გაწმინდა. თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბავშივის ცხედარი მან სულაც არ მიიტანა და გვამის მოშორებაში  ვიღაც დაეხმარა. 

ადვოკატი გელხაური „რეზონანსთან“ ყვება, რომ ასევე დაუდგენელია, რით იქნა გადატანილი გოგონას ცხედარი იმ ადგილას, სადაც სამართალდამცავებმა იპოვეს. გელხაური ამბობს, რომ გამოძიების პროცესში კითხვები არსებობს და სამართალდამცავებმა ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე რაც გამოძიებას ხელთ აქვს, ეს არის ამ დროისთვის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული კადრები. ადვოკატის ინფორმაციით,  ამ კადრებში ბავშვი ცოცხალია და იქვე ისმის ბრალდებულის ხმაც. ამ ყველაფრის მიუხედავად  ნებიერიძე ბავშვთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს და ბრალს არ აღიარებს. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ სადაც იაგო ნებიერიძე მუშაობდა, იქ გოგონას სისხლის კვალი იპოვეს და ესეც ექსპერტიზის მიხედვით უკვე დამტკიცებულია, რომ ის გარდაცვლილ გოგონას ეკუთვნის. 

„გამოძიებამ ორი თვის განმავლობაში უბრალოდ დროში ვერ მოასწრო, რომ საკმარისი მტკიცებულებები მოეგროვებინა და საქმე სასამართლოში გაეშვა. ბუნებრივია, რომ ამისთვის დროის გახანგრძლივება დასჭირდათ. ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, გამოძიება მტკიცებულებებს და ექსპერტიზის დამატებით პასუხებს ელოდება. ამიტომაც მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივება მოხდა. როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, ის ამომწურავი უნდა იყოს და ყველა ვერსიას უნდა ამუშავებდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გამომძიებლები ყველა კუთხით მუშაობენ. არავინ გამორიცხავს, რომ მასთან ერთად შესაძლოა მკვლელობაში სხვაც მონაწილეობდეს ან ბავშვის გვამის გატანაში დაეხმარა. აქედან გამომდინარე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. 

გამოძიება ყველა მხრივ უნდა მიდიოდეს და საბოლოოდ ის დადებს შედეგებს, ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდება ეხმარებოდა თუ არა ვინმე მას ან დახმარება ხომ არავინ გაუწია გვამის თავიდან მოშორებაში. ამიტომაც არც მე და არც ოჯახი ამ ეტაპზე არაფერს არც გამოვრიცხავთ და არც ვამტკიცებთ. ამ აზრს არსებობის უფლება აქვს, რადგანაც საბოლოოდ გამოძიება ფინალში გასული არ არის. არცერთი ნიუანსის და დეტალის გამორიცხვა არ უნდა მოხდეს“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.  

მისი  განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ იაგო ნებიერიძე ჩვენებაში ბავშვთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს, მისი ტელეფონიდან ამოღებულ ჩანაწერში, სადაც გარდაცვლილი გოგონა ჩანს,  მისი ხმაც ისმის. ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ კადრები ავთენტურია. გელხაური ამბობს, რომ კიდევ უამრავი ექსპერტიზაა დანიშნული. თუმცა ექსპერტიზის პასუხების ნაწილი მათ უკვე აქვთ, სადაც დადგინდა, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე გარდაცვლილი გოგონას სისხლის კვალი აღმოჩნდა. ასევე შემთხვევის ადგილას, სახლში სადაც ნებიერიძე მუშაობდა, გოგონას სისხლის კვალია ნაპოვნი. შესაბამისად,  ის, რომ ნებიერიძე გოგონას არ იცნობდა, ექსპერტიზის პასუხებით განეიტრალდა. 

„გამოძიებამ 21 თებერვლამდე კიდევ დამატებით დრო ითხოვა, რადგანაც გარკვეული კითხვები არსებობს, რასაც პასუხები სჭირდება. თუ ამ პერიოდში გამოძიებამ მოასწრო და ჩათვალა, რომ სრული მტკიცებულებები აქვს და სასამართლოში უნდა წარსდგეს, ამის შემდეგ უკვე გავიგებთ, მის გარდა კიდევ იყო თუ არა სხვა პირიც. რაც შეეხება ურიკას, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხები მივიღეთ და იქ იაგო ნებიერიძის ანაბეჭდი არ ემთხვევა. თუმცა ურიკაზე და ფეირის ბოთლზე ასევე სისხლის ლაქებია და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, ვის ეკუთვნის ეს ლაქები. ამის შემდეგ ალბათ გამოძიება სხვა მიმართულებებითაც იმუშავებს“, - აცხადებს ადვოკატი გელხაური. 

გარდაცვლილი ბავშვის პაპა, გოჩა ბერიაშვილი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ოჯახი გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. მისი აზრით, ნებიერიძე მარტო მოქმედებდა და ამ საქმეში არავინ ეხმარებოდა, თუმცა ადვოკატის კითხვებზე პასუხი აუცილებლად გასაცემია. ის იმ ვერსიასაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მას გვამის მოშორებაში ვიღაც დაეხმარა. 

იაგო ნებიერიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივა. გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. გარდა ამისა, მოწმეები დამატებით კიდევ უნდა დაიკითხონ.

გორში 9 წლის გოგონა გასული წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა, რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა ის ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 21 თებერვალს იწურება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად მაქსიმალური ვადა 9 თვეა. 

 

ჩაწერა სახელი