თამარ შუკვანი
(09.11.2018)

 „არავითარ განხეთქილებას ადგილი არ აქვს. არავითარი მუქარა არ არსებობს. ყველაფერი ძალიან კარგად და დალაგებულადაა. მეორე ტურისთვის ვემზადებით და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ," - იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში" ერთგვარი განხეთქილება არსებობს და ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის წევრები „დატუქსა," უარყოფს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ვიზიტს საპატრიარქოში, აღნიშნულთან დაკავშირებით ხაბარელს ინფორმაცია არ აქვს: „არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში," - დასძინა მან.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ხაბარელმა აღნიშნა, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. შესაბამისად, საკადრო ცვლილებებზე საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა რომც იყოს, „ეს ჩვეულებრივი ამბავია."

„ჯერ საარჩევნო რეჟიმში ვართ; მეორე ტური მნიშვნელოვანი ტურია ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე, ჯერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია.

„არჩევნების მეორე ტურს დაველოდოთ. როგორ განვითარდება მოვლენები მდგომარეობა გვიჩვენებს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია; არც ის არის გამორცხული, რომ საკადრო ცვლილებები მოხდეს და არც ის არის გამორიცხული, რომ არ მოხდეს. ეს არიც ცოცხალი ორგანიზმი, ცხოვრება მიდის წინ და ყველაფერი შესაძლებელია," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ჩაწერა სახელი