თამარ შუკვანი
(09.11.2018)

 „ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდნეტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქტიური კამპანია წამოიწყო; მმართველმა გუნდმა 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამრბევების გამო დამნაშავეთა პასუხისმგებობის საკითხი დააყენა და პროცესი დღის წესრიგში მოაქცია.

„ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბრის გამო თავადაა ორგზის დამნაშავე და საკუთარ თავს ხომ არ გაასამართლებს?! იგი 7 ნოემბრის შემდეგ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მხარს აქტიურად უჭერდა, მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი და დამფინანსებელიც იყო. ივანიშვილმა ჯალათები არ დასაჯა, მათ მფარველობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს," - აცხადებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ „ოცნების" თავმჯდომარის „მართლმსაჯულება" დასაჯერებელი არაა, რადგან თავად იყო ერთ-ერთი, ვინ სააკაშვილს მხარს აქტიურად უჭერდა და მათ შორის იყო ამჟამინდელი დედაქალაქის მერი, კახი კალაძე, რომლის „ნიანგის ცრემლებს" ჩხარტიშვილმა „უტიფარი" უწოდა.

„როგორ შეიძლება გჯეროდეს იმ ადამიანის, რომელმაც არ დასაჯა დამნაშავეთა 95%, დამნაშავეთა ნახევარზე მეტი სამსახურში დატოვა, ერთი მესამედი დააწინაურა და მათ შორის ჯალათები, მკვლელები, დამრბევები და ა.შ. ეს იქნება ზარდიაშვილი, ხარაზიშვილი, სამარღანიშვილი... გვარები შეგვიძლია ხვალამდე ვასახელოთ.

„როგორია ივანიშვილის „სამართალი," „მართლმსაჯულება" კიდევ ერთხელ ვიხილეთ ეს ფარცხალაძის ე.წ. სასამართლოს ფონზე, როდესაც მათ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის თაობაზეს პექტაკლი გაითამაშეს. ეს ყველაფერი არის სამარცხვინო სპექტაკლი და როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს დღეს სჯეროს, რომ ივანიშვილი „სამართალს" ეძებს?!

„არ შემიძლია არ გამოვყო კახი კალაძის უტიფარი, ცინიკური ნიანგის ცრემლები. მაშინ, როდესაც როგორც ივანიშვილი, ისიც ღია მხარდამჭერი იყო საკააშვილის ამ 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ და ახლა სურთ სამართლიანობის აღდგენა?!" - აცხადებს ის.

უფლებადამცველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს, მეტიც, მან საუბრისას დასძინა, რომ აღნიშნული ღონისძიება აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველს ორ „დამნაშავე ძალას" შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწიოს.

„საკმაოდ მძიმე და რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ, რადგან ორი დამნაშავე ძალაა სახეზე. თავად „ქართული ოცნების" აქტიური წევრების მიერ აქციების მოწყობა სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია. ამ ყველაფერს არა მგონია ეფექტი ჰქონდეს, რადგან ივანიშვილი და სამართალი, ორი რადიკალურად განსხვავებული ცნებაა.

„ერთადერთი გამოსავალია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც საზოგადოება არ იქნება მხოლოდ ძველი და ახალი რეჟიმების ამომრჩეველი. სხვა პოლიტიკური ძალები ამ ყველაფრის დაბალანსებას მოახერხებენ," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩაწერა სახელი