თამარ შუკვანი
(09.11.2018)

 „მეტად უცნაურია ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სააგენტოს მხრიდან. გაუგებარია და მცდარი. არ ვადასტურებ," - განუცხადა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს" მანამდე გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას, თითქოს მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი ეკა ბესელია თანამდებობას დატოვებს, ის შესაძლოა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა შეცვლოს, თუმცა თავად ოხანაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით მსგავსი თემა არავის განუხილავს.

„ეს ამბავი თქვენგან მესმის. რა დროს ეს არის, როცა ამდენი საქმე გვაქვს არჩევნების მეორე ტურამდე. არანაირი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის," - აცხადებს ოხანაშვილი.

უმრავლესობაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ბესელიას თავმჯდომარეობით იურიდიული კომიტეტი წარმატებით მუშაობს.

„მსგავს საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, ამიტომ ვერ გეტყვით, რას ეფუძნება ეს ინფორმაცია. ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გუნდში არავითარი კრიტიკა არ ყოფილა. პირიქით, იურიდიული კომიტეტი ძალიან წარმატებულად საქმიანობს და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ავტორია," - აცხადებს კახიანი.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი:

„ჯერჯერობით, არ არის ამაზე საუბარი. არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ, არ გამიგია. მე კომიტეტის წევრი არ ვარ და კომიტეტში დაპირისპირებაზე ვერ გეტყვით. არც ვიცი არის თუ არა საკადრო ცვლილებები," - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ჩაწერა სახელი