ეკატერინე ბასილაია
(12.07.2018)

 ოპოზიციის გაერთიანება საბოლოოდ ჩაიშალა და ყველა მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება. შეთანხმება მხოლოდ იმაზეა, რომ ერთმანეთს არ გალანძღავენ და, პლუს, ისევე როგორც გასულ წელს, თბილისის მერის არჩევნებზე, მთელ ფსონს მეორე ტურზე დებენ - მხოლოდ მეორე ტურში გაერთიანდებიან და რომელი ოპოზიციონერი კანდიდატიც მეორე ტურში გავა, მხარს მას დაუჭერენ.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე ლამის ერთმანეთს გადამტერებული "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაზავდნენ და შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო პერიოდში ერთმანეთს არ გააკრიტიკებენ და მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. საერთო კანდიდატზე შეთანხმება კი მაინც ვერ მოხდა და ორივე პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. "ნაციონალები" გრიგოლ ვაშაძეს კანდიდატად ოფიციალურად მომავალ კვირას დაასახელებენ, 21 ივნისს კი "ევროპული საქართველო" წარადგენს დავით ბაქრაძეს.

ასევე "ლეიბორისტული პარტიაც" ცალკე იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის და კანდიდატი შალვა ნათელაშვილია. არც ერთ პროდასავლურ პარტიასთან გაერთიანების შანსი არ აქვს ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობასაც".

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა არჩევნების წინ მუდმივად აცხადებენ, რომ გაერთიანებისა და ერთი საერთო კანდიდატის დასახელების გარეშე "ქართულ ოცნებას" ვერ დაამარცხებენ, გაერთიანებას მაინც ვერა და ვერ ახერხებენ.

რამდენიმე დღის წინ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ ამ თემაზე უსუფაშვილთან ნატო-ს სამიტის შემდეგ ილაპარაკებდა. დათანხმდება თუ არა მარგველაშვილი საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, ეს ოპოზიციის გაერთიანების მანიშნებელი მაინც ვერ იქნება, რადგან ოპოზიციიდან 3 პარტიას საკუთარი კანდიდატებით პირველ ტურში ცალ-ცალკე ბრძოლა გადაწყვეტილი აქვს, ხოლო მეორე ტური იქნება თუ არა, ამის პროგნოზორება რთულია.

გასულ წელს თბილისის მერის არჩევნებისას ოპოზიციას სწორედ ამგვარი სტრატეგია ჰქონდა, მეორე ტურში უნდა დაეჭირათ მხარი ოპოზიციიდან გასული ნებისმიერი კანდიდატისათვის, თუმცა მეორე ტური არ შედგა და კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

პოლიტოლოგების დიდი ნაწილი პროგნოზირებს, რომ დიდია ალბათობა, საპრეზიდენტო არჩევნებშიც ანალოგიური რამ განმეორდეს და ცალ-ცალკე მებრძოლი ოპოზიცია მეორე ტურამდე საქმეს ვერ მიიყვანს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ორ პარტიად გაყოფილი "ნაციონალები" შესაძლებლობებს კრიტიკულად აფასებენ.

"ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა მე მათ შესაძლებლობებს კრიტიკულად ვაფასებ. გარდა ამისა, ამ მემორანდუმის კონტროლიც არ იქნება შესაძლებელი. ეს მემორანდუმი საერთო მრავალწლიან დანაშაულზე დგას, მეტი საფუძველი მას არ აქვს", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, მეორე ტური იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის ინიციატივით, "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს, კამპანიის დროს ურთიერთკრიტიკისგან თავს შეიკავებენ და საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები ამომრჩევლის მობილიზებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

შევთანხმდით, რომ "ევროპულ საქართველოს" ეყოლება თავისი კანდიდატი და თავისი კამპანია, "ნაციონალურ მოძრაობას" - თავისი კამპანია და კანდიდატი. ამით უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და შევთანხმდით, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება მეორე ტურში", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი გაბაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძის თქმით, "ვინაიდან, ერთიანი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა ვერ მოხერხდა, შეთანხმება აუცილებელი იყო" და დარწმუნებულია, რომ მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება.

"რადგან ყველა გამოკითხვით ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაცემულია და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არსებობს. მეორე ტური აუცილებლად იქნება, მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს კი მხარი ერთად უნდა დავუჭიროთ. საარჩევნო პროცესში ერთმანეთს არ გავაკრიტიკებთ და ესეც ლოგიკურია, რადგან საერთო მოწინააღმდეგე გვყავს", - აცხადებს გოცირიძე.

ამ ორ პარტიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას კომენტარები არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც მოჰყვა. მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას აპირებენ "თავისუფალი დემოკრატებიც", მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმის ხელმოწერაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"ლეიბორისტულ პარტიაში" კი აცხადებენ, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს არა მეორე ტურზე, არამედ ერთიან კანდიდატზე პირველივე ტურში და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მათი პარტიის თავმჯდომარეს დაუჭირონ მხარი და შალვა ნათელაშვილი იყოს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.

"დემოკრატიულ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ შემადგენლობას არ დაუჭერენ მხარს არც მეორე ტურში.

ჩაწერა სახელი
პეტრე (12.07.2018)
მთავარია არჩევნები ასახავდეს ხალხის ნებას, ამის მიღწევა კი, არც ისე ადვილი ყოფილა... აშშ-ში დღესაც საეჭვოა ჩაერია თუ არა რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და ჩვენ საიდან უნდა ვიყოთ დაზღვეული ასეთი ჩარევებისგან და ამ ფაქტორს არავინ ყურადღებას არ აქცევს... ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ენდობა ხალხი არჩევნების შედეგებს, როგორია ამომრჩეველთა აქტიურობა... მნიშვნელოვან როლს თამაშობს საარჩევნო კანონი, საარჩევნო კომისიები, სახელმწიფო თუ კერძო რსურსების გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა...ასე, რომ დემოკრატიასაც ჰქონია თავისი კაზუსები...