ია აბულაშვილი
(12.07.2018)

 წინასაარჩევნო ბატალიებსა და იმაზე, გამარჯვების რა შანსები აქვთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, "რეზონანსი" ექსპერტ გია ხუხაშვილს გაესაუბრა.

"რეზონანსი": "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის ინიციატივით, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც გავა; კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე შეტევასა და კრიტიკისაგან...

გია ხუხაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ, სხვა მათ ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ, ცდილობენ, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

"რ": "ევროპული საქართველო" აქცენტს განსაკუთრებულად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აკეთებს და მაქსიმალურად აპირებს ამომრჩეველთა მობილიზებას, რადგან, მათი აზრით, არჩევნები ხელისუფლების შეცვლის გზაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს?

გ.ხ: რაც შეეხება განაცხადს, რომ მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, "ევროპულ საქართველოს" "ნაცმოძრაობასთან" გაყოფის შემდეგ ახალი ელექტორატი არ მოუპოვებია და დღესაც "ნაცმოძრაობის" ელექტორატის ნაწილი არის მისი დასაყრდენი. მათ შეიძლება დაახლოებით მოსახლოების 16-17% უჭერდეს მხარს, რაც რეალური კონკურენციისთვის საკმარისი არ არის.

მეორე ტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რასაც სკეპტიკურად ვუყურებ, ისე როგორც მარგველაშვილის ბოკერიასთან გაერთიანებას, რადგან მაშინ კითხვები ჩნდება როგორც მარგველაშვილის, ასევე ბოკერიას მიმართ.

"რ": წინასაარჩევნოდ კიდევ რომელი ოპოზიციური ძალა შეიძლება გაერთიანდეს და ერთიანი კანდიდატი წამოაყენოს?

გ.ხ: საქართველოში ყოველი მეორე პოტენციური პრეზიდენტია და რა გითხრათ... ალბათ, ბევრი იქნება კანდიდატი, მაგრამ კონკურენტული კანდიდატი არ მეგულება. საერთოდ, კანდიდატი არ წყვეტს არჩევნების ბედს, რადგან ნებისმიერმა კანდიდატმა თავისი პარტიის კომპრომატი უნდა იტვირთოს, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" კომპრომატი უნდა იტვირთოს.

"რ": "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვების რა შანსები აქვს?

გ.ხ: თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა არ მიიღო მონაწილეობა, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"რ": კულუარული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა შეიძლება, პარტია "ოცნების" მოქმედი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა დაასახელოს.

გ.ხ: ეს იქნება ოპტიმალური ვარინატი. მე სულ ვამბობდი, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

"რ": რამდენად აქტიური იქნება ქართველი ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებზე?

გ.ხ: დიდ აქტივობას არ ველი, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. საერთო ჯამში შეიძლება, მოსახლეობის 40-45%-მა მიიღოს მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

"რ": ეს კითხვა საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდება, თუმცა აქტუალურია. როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, სამთავრობო კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დაპირისპირებაა და "ოცნებას" სათანადო საკადრო რესურსი არ ჰყავს ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად. იზიარებთ მათ მოსაზრებას?

გ.ხ: ჯერ სტურქუტერები არ დამტკიცებულა და პარლამენტს კენჭი არ უყრია იმ სტრუქტურებისთვის, რომლებიც პრემიერმა წარმოადგინა. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ არის და ამას შეთქმულების თეორიად ვერ განვიხილავ. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, "ოცნების" სათადარიგო სკამი მოკლეა, თუმცა მას ამ მოცემულობით მოუწევს ახალი მთავრობის კაბინეტის დაკომპლექტება. კანდიდატებთან დაკავშირებით შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით, შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ არც ეს არ არის პრობლემა, "ქართულ ოცნებაში" არსებობს გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი და ის დაალაგებს სიტუაციას.

ჩაწერა სახელი